ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირი მოკავშირეა და მათ განცხადებებს საერთოდ ფასიც კი არ აქვს, როდესაც ისინი საქართველოზე საუბრობენ, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე საუბრისას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრობაში იმყოფება.
„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებებს კი არა, ევროპარლამენტის 5-ზე მეტი ისეთი რეზოლუცია გვახსოვს, როდესაც ოფიციალური განცხადებები აბსოლუტურად ტყუილითაა გაჯერებული. მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ დეზინფორმაცია გაავრცელონ ჩვენს ქვეყანაზე საერთაშორისო არენაზე და ამავდროულად ქვეყნის შიგნით, პოლარიზაცია გაზარდონ“, - განაცხადა გორდულაძემ.
„ევროპის სახალხო პარტია“ - EPP რეზოლუციაში ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი დანიშნოს.