აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მიიღო ეროვნული დაზვერვის დირექტორისგან, ტულსი გაბარდისგან სისხლის სამართლის საქმეზე გადაცემული მასალები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს.
საქმე ეხება გაბარდის სენსაციურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ობამას ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა „გააყალბეს და გააპოლიტიზეს დაზვერვის ინფორმაცია“ იმ ნარატივის შესაქმნელად, თითქოს რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.
იუსტიციის დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა Fox News-ს დაუდასტურა, რომ დეპარტამენტმა მიმართვა მიიღო.
ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა იუსტიციის სამინისტროს მტკიცებულებები გადაუგზავნა, საიდანაც ირკვევა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მედიაში ყალბ ნარატივებს ავრცელებდა. როგორც ტულსი გაბარდმა სოციალურ ქსელში განმარტა, უმაღლესი დონის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს.