უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის აზრით, უკრაინასა და აშშ-ს შორის ბუნებრივ რესურსებზე მიღწეული შეთანხმების პირობები წინა ვერსიაზე გაცილებით უარესია

უკრაინელი დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის აზრით, უკრაინასა და აშშ-ს შორის ბუნებრივ რესურსებზე მიღწეული შეთანხმების პირობები წინა ვერსიაზე გაცილებით უარესია

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის ბუნებრივ რესურსებზე მიღწეული შეთანხმების პირობები იმ ვერსიაზე გაცილებით უარესია, რომელიც უკრაინას თეთრ სახლში 28 თებერვალს შესთავაზეს.

ჟელეზნიაკი აღნიშნავს, რომ ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრამდე მოლაპარაკებების მაგიდაზე გაცილებით უკეთესი დოკუმენტი იდო.

როგორც ჟელეზნიაკი წერს, ამჟამინდელი ვერსია უკრაინისთვის ბევრ რისკს შეიცავს. ესენია: საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილის დაკარგვა, ბუნებრივ რესურსებზე კონტროლის შეზღუდვა, ფინანსური დამოუკიდებლობის შეზღუდვა, არსებითი იურიდიული შეზღუდვები და აშშ-ის პირობების დომინირება.

რადის დეპუტატი ასკვნის, რომ ამჟამინდელი ვერსია ტრაგიკული არ არის, თუმცა არც გამარჯვების მომტანია.