კახა კალაძე: დაფინანსებები შემოდიოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი შეასრულებს

კახა კალაძე: დაფინანსებები შემოდიოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, ხელისუფლებაში მოეყვანათ აგენტურა, რომელიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი შეასრულებს

თბილისის მერის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რევოლუციური პროცესები იმართებოდა უცხოეთიდან და იყო მცდელობა, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მათთვის სასურველი ადამიანები მოეყვანათ.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს უცხოელი დიპლომატებისა და ოპოზიცია-ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდებოდა ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში, არ იფიქროთ, რომ ხორციელდება ადგილობრივების, ე.წ. ქართული ოპოზიციის ხედვებით, ან მათ აქვთ რაიმე მოფიქრებული, რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ყველაფერი იმართება უცხოეთიდან, უცხოელების კარნახით. ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობები. ყველაფერი შემოდიოდა უცხოეთიდან იმისთვის, რომ ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოეყვანათ მათთვის სასურველი ადამიანები, აგენტურა, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას თავდახრილი და თვალდახუჭული შეასრულებენ. ეს არის მარტივი მოცემულობა. შესაბამისად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად უნდა ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს, გარედან, არ მიეცეთ იმის შესაძლებლობა, ქვეყანაში რაიმე დაძაბულობა შემოიტანონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ მორიგ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის პოლიტიკის მრჩეველი საქართველოში მაიდნის სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, მერი პასუხობს, რომ ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლება დიდი ხანია საუბრობს.

„ჩვენ დიდი ხანია, გვაქვს დაწყებული საუბარი ამაზე. თავიდან შეიძლება, ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, თუმცა, ეს ყველამ დაინახა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა თავად ისაუბრა ამაზე და გამოაქვეყნეს მთელი რიგი დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ეს კონკრეტული ორგანიზაციები - USAID, NED პირდაპირ ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყანაში მთავრობების დამხობაში, სახელმწიფო გადატრიალებაში. ამაში ხარჯავდნენ ფულს. საქართველოშიც, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის, რაც ხდებოდა, ორგანიზებული იყო და არავინ იფიქროს, რომ შემთხვევით ხდებოდა. რამდენიმე მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის. თუნდაც 2020 წლის არჩევნები გავიხსენოთ. ხომ ყველამ ვიცით, ის პარალელური დათვლები ვისი დაფინანსებული იყო. საზოგადოება რომ მოატყუეს, თითქოს აცდენილი იყო, არადა რეალურად ერთი ერთში იყო ცესკო-ს მიერ მიღებული მონაცემები და მათი პარალელური დათვლების შედეგი. ასეთი რაღაცები გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება და სახელმწიფო გადატრიალება ყოფილიყო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენის ჯო ვილსონის მრჩეველი და ჰელსინკის კომისიის შტაბის დირექტორი პოლ მასარო, რუსი პრანკერების ხაფანგში გაება. პრანკერებთან მან ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, ამ კონტექსტში საქართველო მოიხსენია და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ USAID-ი და NED-ი საქართველოს და სხვა ქვეყნებს ტოვებენ. აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში რადიკალურ მემარცხენე „ვოუქ იდეოლოგიას“ წარმატებით ავრცელებდნენ. პოლ მასარო აღიარებს, რომ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების გზით ჯერ კიდევ ცდილობენ მაიდნის მოწყობას და დარწმუნებულია, რომ ამ პროტესტის გზით მთავრობის გადაყენებას შეძლებს. პოლ მასარო მაიდნის მოწყობის მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის მნიშვნელოვან როლზეც საუბრობს.