პაპი სულ აღნიშნავდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მე გამაოცა თავისი სულიერებით და გამაოცა, რომ იქ დამხვდა ღვთის კაციო და ამ სიყვარულისა და პატივისცემის გამო, ამ ერთი ბეწო ქვეყნის შვილებს, ისტორიაში პირველად, მოგვეცა სიქსტის კაპელაში კონცერტის უფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, დირიჟორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა.
მან გარდაცვლილ პაპთან, ფრანცისკესთან მისი შეხვედრები გაიხსენა, კერძოდ, 2016 წელს პაპის ვიზიტი საქართველოში. მისივე თქმით, პაპის ვიზიტისას დაუვიწყარი იყო სვეტიცხოველში შეხვედრა.
„საოცარი სიტყვები წარმოთქვეს პატრიარქმაც და პაპმაც. პატრიარქი მას მიესალმა როგორც ძმას და ეს არის ჩვენი ეკლესიის ძალიან ძველი ტრადიცია. ვინაიდან რომში იქადაგა პეტრე მოციქულმა და საქართველოში ანდრიამ და ისინი ძმები იყვნენ, ისტორიული დოკუმენტებიც რომ ვნახოთ, ყოველთვის, როდესაც ჩვენი პატრიარქები წერდნენ პაპს, მათ შორის, საეკლესიო განხეთქილების შემდეგაც, როდესაც ორად გაიყო ეკლესია - დიდი სქიზმის შედეგად, ჩვენი პატრიარქები ერთმანეთს მიმართავდნენ როგორც ძმას. პეტრეს მემკვიდრეები არიან პაპები და ანდრიას მემკვიდრეები არიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები. პატრიარქმა პაპს უთხრა, როგორც პეტრე და ანდრია ჩვენ ძმები ვართ - ჩვენ ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ მთელი ცხოვრება ერთმანეთისთვის ვილოცებთო“, - განაცხადა ჯანგულაშვილმა.
ჯანგულაშვილმა ასევე ისაუბრა 2022 წელს ვატიკანის სიქსტის კაპელაში გამართულ კონცერტზეც, სადაც ქართულ საგალობლებთან ერთად, ხალხური სიმღერები და თანამედროვე ქართველი მუსიკოსების ნაწრმოებები შესრულდა.
„როგორც კი დაიწერა პატრიარქის „ავე მარია“, გაჩნდა იდეა - პატრიარქს ძალიან სურდა, რომ ეს შესრულებულიყო რომში, როგორც მისი მიძღვნა ღვთისმშობლისადმი და როგორც გაყოფილ ქრისტიანთა ერთიანობისკენ მოწოდება. თუმცა, იგი 2008-2010 წლებში იწერებოდა და ბევრი მიზეზის გამო, ვერ მოხერხდა. შემდეგ ამაში ჩაერთო საქართველოს უდიდესი მეგობარი, მაშინდელი ელჩი, ნუნციო ჯოზეფ ბეტანკური, რომელიც ახლა არქიეპისკოპოსია და ელჩად მსახურებს დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში და მან ძალიან მოინდომა. შემდეგ ჩაერთო უკვე თეა წულუკიანი, რომელმაც ჩემთვის სასწაული იყო, ეს (კონცერტი) ერთ თვეში გააკეთა - ასეთი მოვლენის ორგანიზებას სჭირდება თვეები და წლები. მაისში შევხვდი ქალბატონ თეას, ვუთხარი, რომ ასეთი იდეა არსებობს და 26 ივნისს ჩვენ უკვე კონცერტი გვქონდა“, - აღნიშნა ჯანგულაშვილმა.
მისივე თქმით, ამ პროცესში ჩართული იყო ფონდი „ქართული გალობა“, ვანო ჩხარტიშვილი და ნანა გოთუა, რისთვისაც მათ ჯანგულაშვილმა ეთერში მადლობა გადაუხადა.
მისივე განცხადებით, სიქსტის კაპელა ქრისტიანობის ერთ-ერთი ცენტრია, სადაც არის პავლე მოციქულის და ბევრი სხვა წმინდანის საფლავი და გარდა ამისა, იგი მსოფლიოს კულტურული ცენტრიცაა.
„იქ კონცერტები არ იმართება. პაპი პატრიარქს უწოდებდა ღვთის კაცს. ჩვენთან შეხვედრისას მან ეს თქვა. ამ სიყვარულის გამო, რაც მას ჰქონდა პატრიარქის, საქართველოს მიმართ, რომელზეც სულ აღნიშნავდა, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც მე გამაოცა თავისი სულიერებით და გამაოცა, რომ იქ დამხვდა ღვთის კაციო და ამ სიყვარულისა და პატივისცემის გამო, ამ ერთი ბეწო ქვეყნის შვილებს, ისტორიაში პირველად, მოგვეცა (კონცერტის) უფლება. სიქსტის კაპელის ისტორიაშიც პირველად, რადგან იქ გამოდის მხოლოდ სიქსტის კაპელის გუნდი, ეს უძველესი გუნდია, რომელიც დაახლოებით, მე-6 საუკუნიდან არსებობს, იქ მხოლოდ ეს გუნდი ასრულებს, თანაც მხოლოდ სასულიერო ნაწარმოებებს და არა საეროს. ჩვენ უფლება მოგვეცა, რომ ჩვენ იქ გვემღერა გალობაც, ხალხური სიმღერაც და ასევე, იოსებ კეჭაყმაძის, გია ყანჩელის, იოსებ ბარდანაშვილის, ზვიად ბოლქვაძის საერო ნაწარმოებებიც, ოღონდ დიდი სულიერებით გამორჩეული“, - განაცხადა ჯანგულაშვილმა.
რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფება. დელეგაციაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები.