აკაკი ჭელიძე: ყოველი ისტორიული ფიგურა უკეთ იკითხება დისტანციით. გარდაცვალების შემდეგ დაიწყება პერიოდი, როდესაც ყოველი სიტყვა, ჟესტი, რომლითაც პაპა ფრანცისკემ დაგვამახსოვრა თავი, უკეთ დაილექება - ის ხალხს უბრალოებით დაამახსოვრდება

აკაკი ჭელიძე: ყოველი ისტორიული ფიგურა უკეთ იკითხება დისტანციით. გარდაცვალების შემდეგ დაიწყება პერიოდი, როდესაც ყოველი სიტყვა, ჟესტი, რომლითაც პაპა ფრანცისკემ დაგვამახსოვრა თავი, უკეთ დაილექება - ის ხალხს უბრალოებით დაამახსოვრდება

კამილიელთა კონგრეგაციის წევრმა მამა აკაკი ჭელიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში რომის პაპთან შეხვედრა გაიხსენა, ისაუბრა მის როლსა და ღვაწლზე კათოლიკეების და არა მხოლოდ კათოლიკეების ცხოვრებაში და აღნიშნა, რომ ხალხს პაპი ფრანცისკე თავისი განსაკუთრებული უბრალოებით დაამახსოვრდება.

„ყოველი ისტორიული ფიგურა უკეთ იკითხება დისტანციით. გარდაცვალების შემდეგ სწორედაც დაიწყება ის პერიოდი, როდესაც ყოველი სიტყვა, ყოველი ჟესტი, ყოველი აქტი, რომლითაც პაპა ფრანცისკემ დაგვამახსოვრა თავი უკეთ დაილექება და გახდება ჩვენი შეგნების ნაწილი. პაპის მსახურება - ეს არის ეკლესიის ერთიანობისადმი მსახურება. მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არის ხოლმე სხვადასხვა მისწრაფებებზე, პოლიტიკურ თუ სხვა იდეოლოგიურ გემოვნებაზე, პაპის ფიგურა არის ის, რომელიც აერთიანებს, აწონასწორებს ანტიპოდებს და ეუბნება ყველას, რომ არცერთი ჩვენგანი თვითკმარი არ არის, თითოეულ ჩვენგანს გვინდა ის განსხვავებული, რომელიც შეგვავსებს და რომელსაც ჩვენ შევავსებთ“, - განაცხადა ჭელიძემ.

კამილიელთა კონგრეგაციის წევრმა ასევე რომის პაპთან შეხვედრა გაიხსენა.

„რამდენიმეჯერ მქონდა ბედნიერება პაპს პირადად შევხვედროდი ძალიან ხანმოკლე მომენტებით. სხვა სიტყვა არ მომდიოდა, თუ არა მადლობა. ახლაც მე თანაგრძნობის წიგნში ეს ჩავწერე: „მადლობა“. მადლობა იმისათვის, რომ კათოლიკეებს დაგვანახა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ - დიდი ხნის განმავლობაში ბევრი რამ მიგვაჩნდა ჩიხად, მან კი გვითხრა, რომ ეს ახალი შესაძლებლობაა. ეს არის მისი მთავარი ის რევოლუცია, რომლიდანაც ამოაგდო ჩვენი წინასწარ შექმნილი შეხედულებები, რომ ყოველთვის ასე კეთდებოდა და ასე უნდა გავაგრძელოთ. არა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ წარსულის ტყვეები.

პაპი ფრანცისკე იყო ადამიანი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ჩემს გარდა იქ უამრავ ხალხს ესალმებოდა, გაგრძნობინებდა, და მე არ ვიყავი მხოლოდ ერთადერთი, ვინც ეს იგრძენო, რომ თითქოს შენთვის იყო იქ. 10-15 წამი შეიძლება გაჩერებულიყავი მასთან და გაგრძნობინებდა, რომ ერთ-ერთი კი არ ხარ, არამედ თითქოს შენთვის იყო მოსული. ეს არის დიდი პიროვნებების მთავარი ნიშანი. ივანე პავლე მეორეზეც საუბრობენ სწორედ, რომ ასეთი ხასიათი ჰქონდა”, - აღნიშნა ჭელიძემ.

მისი თქმით, ქრისტიანობის მთავარი არსი აისახება მოყვასთან ურთიერთობაში, რამეთუ მნიშვნელოვანია ყველას ახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი არის ღმერთის მატარებელი.

„მე თუ ნამდვილად მწამს, მე შენთან შეხვედრისას პირველ რიგში ეს უნდა მახსენდებოდეს. ის ღმერთი, რომელსაც ჩემში განვიცდი და მაქვს ურთიერთობა არის შენშიც. იცი შენ ამის შესახებ თუ არა, ცხოვრობ შესაბამისად თუ არ ცხოვრობ, მე არც კი უნდა გკითხო რაიმე, ჩემიანი ხარ თუ არ ხარ ჩემიანი, რა იდეოლოგიას ემსახურები, შენ ხარ ღმერთის მატარებელი. ქრისტიანობა ყოველთვის წაგებული იყო, როდესაც რომელიმე იდეოლოგიის მსახურებაში იდგა, რაოდენ კარგი იდეოლოგიაც არ უნდა იყოს“, - განაცხადა ჭელიძემ.