საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იორდანიაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დინა აუნი მოჰამედ ალ-ბაშირთან და კომიტეტის წევრებთან. აგრეთვე, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის საერთაშორისო, არაბული სამყაროს და ექსპატრიანტთა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჰანი ფავზი ალ-მულქისთან.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ასევე შეხვდა იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ჰუსეინ ალი ალომუშს. იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნა იორდანიის მხარემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს მიუძღვნა.
პარლამენტში შეხვედრებზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას მათ შორის: სავაჭრო, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობას. ქართულმა მხარემ კოლეგებს საქართველოში ეკონომიკური, სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეებმა მდინარე იორდანეზე იესო ქრისტეს ნათლობის ადგილზე საქართველოს კულტურული ცენტრის მშენებლობის საკითხებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს როგორც იორდანიის მეფეს საქართველოსთვის ადგილის გამოყოფისთვის, ასევე იორდანიის ხელისუფლებას იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც ის საქართველოს მხარეს კულტურული ცენტრის ასაშენებლად აღმოუჩენს.
შეხვედრებზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები მიმოიხილეს, იორდანიის მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტზე და დეტალურად მიმოიხილა სირიაში არსებული ვითარება.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იორდანელ კოლეგებს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებულ ვითარებაზე. ნიკოლოზ სამხარაძემ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და კოლეგები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: იორდანიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.