მედია: უკრაინაში დაიღუპა CIA-ს დირექტორის მოადგილის ვაჟი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა

მედია: უკრაინაში დაიღუპა CIA-ს დირექტორის მოადგილის ვაჟი, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძოდა

უკრაინაში დაიღუპა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის მოადგილის, ჯულიან გლოსის ვაჟი, 21 წლის მაიკლ გლოსი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.

მაიკლ გლოსი ამერიკელი სამხედროების შვილია. ჯულიან გალინა გლოსმა დაამთავრა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო აკადემია, 90-იან წლებში კი გახდა აკადემიის კურსანტთა შემადგენლობის პირველი ქალი მეთაური. დაზვერვის სფეროში 30-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2024 წლის თებერვალში ის დაინიშნა CIA-ს დირექტორის მოადგილედ ციფრული ინოვაციების მიმართულებით. გლოსის მამა - ლარი გლოსი - აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ვეტერანია, ის ხელმძღვანელობს სტრუქტურას, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის აშშ-ის მთავრობისა და პენტაგონისთვის.

2023 წლის აგვისტოში გლოსი რუსეთში ჩავიდა. რუსეთში მოგზაურობის შემდეგ, როდესაც მისი ვიზის ვადა იწურებოდა, მაიკლი, სავარაუდოდ, მოხალისედ ჩაეწერა უკრაინაში ომში. მისი სახელი გამოჩნდა მოსკოვის ერთ-ერთ მონაცემთა ბაზაში, სადაც მისამართად მითითებული იყო საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის პუნქტი იაბლოჩკოვის ქუჩაზე, ხოლო „ბინად“ - სამედიცინო შემოწმების კაბინეტი #302. ამ მისამართს უთითებდნენ უცხოელებს, რომლებიც ჩადიოდნენ მოსკოვში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გასაფორმებლად და მიემგზავრებოდნენ უკრაინაში საბრძოლველად.

გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ [მნიშვნელოვანი ისტორიები] წერს, რომ მაიკლი აღმოაჩინეს მოსკოვის ოლქის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „ავანგარდში“ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა. „ავანგარდში“ ორკვირიანი წვრთნების შემდეგ, არაუგვიანეს 23 სექტემბრისა, მაიკლი ავტობუსით გადაიყვანეს სამხედრო ნაწილში, რომელიც ძირითადად ნეპალის მოქალაქეებისგან შედგებოდა.

2023 წლის დეკემბერში გლოსი ფრონტზე გაემგზავრა, განაცხადა მისმა თანამებრძოლმა. მარტის ბოლოს 137-ე საჰაერო-სადესანტო პოლკი უკრაინის პოზიციებზე შეტევაზე გადავიდა. მაიკლი 2024 წლის 4 აპრილს დაიღუპა, იტყობინება მისი ოჯახი ნეკროლოგში. მისი გარდაცვალების ზუსტი გარემოებები უცნობია. მაიკლის დაკრძალვა აშშ-ში 2024 წლის 21 დეკემბერს გაიმართა.