დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც მოხდა აშშ-ში ნამდვილად მოხდება ევროკავშირშიც, ვინაიდან მოსახლეობას არ უნდა, რომ „მოლოტოვის კოქტეილების“, პოლარიზაციის რომანტიზება მოხდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ევროპელი ბიუროკრატები ანტიდემოკრატიული პრინციპების ერთგულნი რჩებიან.
„ვატყობთ, რომ ევროპელი ბიუროკრატები ისევ ამ ანტიდემოკრატიული პროცესების ერთგულნი რჩებიან, რაც ძალიან დამაღონებელია, რასაკვირველია, და ცუდი არის პირველ რიგში მათთვის ამ მხრივ იმიტომ, რომ ამას ყველაფერს დომინოს ეფექტი აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც მოხდა აშშ-ში ნამდვილად მოხდება ევროკავშირშიც, ვინაიდან მოსახლეობას, მოქალაქეებს არ უნდათ, რომ პოლარიზაციის, „მოლოტოვის კოქტეილების“ რომანტიზება მოხდეს და მათ მიერ შექმნილი დოვლათიდან მიღებული თანხები ასეთ ოდიოზურ პროექტებში იხარჯებოდეს და ძალადობას ხმარდებოდეს.
ეს ევროპელი ბიუროკრატები აგრძელებენ იმას, რომ ასეთ ვადაგასულ, ურეიტინგო პოლიტიკოსებში ასხამენ ფულს იმისათვის, რომ, რა თქმა უნდა, სცადონ ესკალაცია და პოლარიზების ხელშეწყობა მათი მხრიდან, მაგრამ თუ აქამდე ვერ მიხვდნენ, რომ მსგავსი სცენარი არ მუშაობს, რომ ეს ფუჭად გადაყრილი ფულია, კი ბატონო, გააგრძელონ მაშინ იგივე ქმედებები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ეს პროცესები თავის ლოგიკურ გაგრძელებს პოვებს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
იონათამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას შარშან ჰქონდა ვიზიტი აშშ-ში, სადაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრების დროს მან მოიყვანა არგუმენტები, თუ რატომ იყო გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი.
„პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ხდებოდა საერთაშორისო ფონდებისგან, ისევე როგორც „ენჯეოების“. ანუ თითქოს აფინანსებდნენ „ენჯეოებს“ და სინამდვილეში ამ ფულს ასხამდნენ პოლიტიკურ პარტიებში. ისინი [აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები] მაშინ პირად საუბრებში აღიარებდნენ, რომ ჩვენი ეს პოზიცია იყო სამართლიანი და თვითონაც არ მოსწონდათ ის, რომ მსგავსი საკითხები ხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მაშინ ხელს ვერ უშლიდნენ იმას, რომ მსგავსი პროცესები არ ყოფილიყო და ჩვენ ვხედავდით ამ კვაზი მიდგომებს, როდესაც პოლიტიკური პარტიები ფინანსდებოდნენ ამერიკელი და ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით, მათი ნების საწინააღმდეგოდ და ეს ყველაფერი ნამდვილად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პროცესებს“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, კარგია, რომ აშშ-ში ამის აღიარება მოხდა და იქ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც ზოგადად საერთაშორისო დემოკრატიისთვის არის მნიშვნელოვანი.