ეკა სეფაშვილი: ეუთოს გენმდივანმა საქართველოს ხელისუფლებას ეუთოს პრინციპების - უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისთვის მადლობა გადაუხდა

ეკა სეფაშვილი: ეუთოს გენმდივანმა საქართველოს ხელისუფლებას ეუთოს პრინციპების - უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისთვის მადლობა გადაუხდა

„ჩინეთი ერთ-ერთი მძლავრი ეკონომიკური მოთამაშეა დღევანდელ მსოფლიოში. მისი მნიშვნელობა იზრდება და სწორედ ამიტომ არის სავაჭრო ომი დაწყებული ჩინეთსა და აშშ-ს შორის, რომ ლიდერი გამოიკვეთოს“, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობის მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოს მიერ გატარებულ მშვიდობის პოლიტიკას კიდევ უფრო დიდი როლი ენიჭება და სწორედ ეს აღნიშნა ეუთოს გენმდივანმა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ეუთოს პრინციპების - უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისთვის მადლობა გადაუხდა.

„ვხედავთ, რომ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნებიც ცდილობენ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების დამყარებასა და არსებული ურთიერთობების გაუმჯობესებას. საქართველოს კი ცენტრალური როლი ენიჭება იმაში, რომ ამ ყველაფრის დამაკავშირებელი იყოს, რადგან, ვნახეთ რომ ის არის ერთ-ერთი საიმედო დერეფანი, რომელმაც ამ ტურბულენტურ პერიოდში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო. ამ რეგიონში საქართველო, ერთგვარად, მშვიდობის გარანტის როლს ასრულებს. მაგალითისთვის, სულ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს საშუალებით ჩატარებული შეხვედრა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს მხრიდან მშვიდობისადმი გაწეული ძალისხმევა ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, უნდა გავიხსენოთ ეუთოს გენმდივნის საქართველოში სტუმრობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას ეუთოს პრინციპების განუხრელი დაცვისთვის მადლობა გადაუხდა. ეუთოს პრინციპებში კი შედის: უსაფრთხოება, მშვიდობა, სტაბილურობა და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს, ფაქტობრივად, იმის საერთაშორისო აღიარებაა, რომ საქართველო ამ ყველაფერს თავს კარგად ართმევს“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.