საპარლამენტო არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩატარების ალბათობა არ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
პაპუაშვილმა აღნშნა, რომ საქართველოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ჰყავს.
„მილიონ 120 ათასი ადამიანის პოლიტიკურ გენოციდს ვერავინ ჩაატარებს, რათა ან ქვეყნიდან გაყარონ, ან სახლში ჩაკეტონ და ხმა არ ამოიღონ. ამ ქვეყანაში მილიონ 120 ათასს ადამიანს ვერავინ გააჩუმებს, რაც არ უნდა ფული ხარჯონ და გეგმები აწყონ.
აქ შეცდნენ. „ქართული ოცნების“ გამორჩეული გამარჯვებიდან ექვსი თვე გადის და შეგვიძლია, გავიხსენოთ, ეს რა იყო. ქართულ არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევა ვნახეთ, მათ შორის თავის პრანკობაში უჩა ნანუაშვილმა აღიარა, რომ არჩევნებამდე ფინანსურად, პოლიტიკურად დახმარება იყო, რათა ქართველ ხალხს აერჩია არა თავისი ხელისუფლება, არამედ აქ მარიონეტები დაესვათ. პროცესებში ჩართული იყო ფინანსები და პოლიტიკოსები, რომლებიც აქციებს ატარებდნენ. ამაში ზოგიერთი დიპლომატიც იყო ჩართული, რომელთაც თავიანთი პროფესიული ეთიკა სასწორზე დადეს.
ზოგიერთი ელჩი წინასაარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყო ჩართული. ყველა ამ ადამიანმა არჩევნებზე შოკი მიიღო, რადგან აღმოაჩინეს, რომ, ფულის, ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად, ქართველ ხალხზე გავლენა ვერ მოახდინეს. ამიტომ ვინც არჩევნებში დამარცხდა, სურთ, რამენაირად საზოგადოება არიონ, მაგრამ ეს არ მოხდება.
ფაქტობრივად, 26 ოქტომბერს მეორე რეფერენდუმი ჩატარდა და ქართველმა ხალხმა ყველას უთხრა, რომ საქართველოში გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს, რომელმაც თავისი ხელისუფლება აირჩია და აქ პოლიტიკურ გენოციდს არავის მოაწყობინებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.