ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ყველაფერი ვნახეთ, საფრთხე, რისკი, თავდასხმა და ა.შ. როგორც ჩვენი შიდა მოღალატე ოპოზიციის მხრიდან, ისე ზოგიერთი უცხოელი აქტორების მხრიდან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო ზუსტად და მისი პრინციპული პოზიცია იყო გადამწყვეტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან იყო ზეწოლა – ბაიდენის ადმინისტრაციის ყოფილი ელჩი პირადად იყო ჩართული ამ ზეწოლაში, რათა საქართველო წასულიყო ესკალაციაზე რუსეთთან, ადამიანმა ამ ზეწოლას, წნეხს და მოთხოვნებს გაუძლო. მგონი, ამით დაამტკიცა და ზუსტად ამ თვისების გამო იყო, რომ გაუძლო ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ ამ წნეხს, გადავრჩით ომს და ნგრევას, რომ არ ყოფილიყო მაშინდელი მკაცრი გადაწყვეტილებები და დავყოლოდით ზუსტად იმავე ხალხს, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ უცხო ქვეყნების დროშებს გვიფრიალებდნენ, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, ომის დღეს, მეორე დღეს, იმ დღეებში. უცხო ქვეყნის დროშებს რომ აფრიალებდნენ საქართველოს მოქალაქეები და ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას გაეგზავნა მეომრები ომში, დაგვეწესებინა სანქციები. პირდაპირ ხაზზე იყვნენ უკრაინის ხელისუფლებასთან, რამენაირად ჩავეთრიეთ ამ ესკალაციაში. დღეს შეხედონ, უკრაინის ხელისუფლება რა დღეში არის და მაგ დღეში ჩვენ ვიქნებოდით სულ რამდენიმე კვირაში 2022 წელს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ის, რომ ქვეყანაში მშვიდობაა შენარჩუნებული და დედები კვლავ არ შეიმოსნენ ძაძებით, ამაში არის ირაკლი ღარიბაშვილის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის დამსახურება.
„ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც მაშინაც, უცხო ქვეყნის დროშების ფრიალით იდგნენ რუსთაველის გამზირზე და დღესაც უცხო ქვეყნის დროშებს აფრიალებენ. ხალხი, რომელიც პირდაპირ გვექაჩებოდა ომისკენ, ოღონდ შექების სიტყვა მოესმინათ რომელიღაც უცხოელი ელჩისგან, პოლიტიკოსისგან. ამას გადააყოლებდნენ მთელ ქვეყანას. დღეს რომ საუბრობენ გმირ ჯარისკაცებზე, ძაძებით შემოსავდნენ დედებს, რომლებსაც დასატირებელი ეყოლებოდათ ჩვენი შვილები. დღეს ეს ხალხი, მათ შორის, იმასაც ვერ აცნობიერებდნენ, რომ ისინიც გადაურჩნენ ამ ყველაფერს. ასე რომ, რომ არა მაშინდელი ჩვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცე პოზიცია, საქართველოში საზოგადოება ან დამტირებელი იქნებოდა ან მისი დატირებით იქნებოდნენ დაკავებული მისი ახლობლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.