„ნაცმოძრაობა“ თავისი განშტოებებით იმაზე ვერ ჩამოყალიბდა, ეუთო-ს გენერალურ მდივანს უნდა შეხვდეს თუ არა და ვინც შეხვდა, უნდა იყოს თუ არა კმაყოფილი. შეხვედრაზე ვერ შეთანხმებულან და რომელ ახალ არჩევნებსა და კოალიციაზე საუბრობენ? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციაში ერთიანი პოზიციები არ აქვთ.
„ერთი განცხადება ვერ გაუკეთებიათ, სადაც ხელმომწერი იქნება ყველა – ერთი შინაარსის განცხადებაზე. წარმოიდგინეთ, ზოგი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ზოგი ამბობს, რომ არ მიიღებს. ასევე, ზოგიერთი ამბობს, რომ ეუთო-ს გენერალური მდივნის ჩამოსვლა კარგია, ზოგი ამბობს, რომ არ არის კარგი, ზოგიც იმას ამბობს, რომ კარგიც არის და ცუდიც. როგორ შეიძლება, ეს ხალხი პოლიტიკაში არსებობდეს და, საერთოდ, კოალიციაზე იყოს საუბარი? რაც შეეხება არჩევნებს, მგონი, პაატა ბურჭულაძემ ეს საკითხი უკვე გადაწყვიტა და ყველა დავისვენებთ. ის ამბობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე ვიქნები, ჩვენ ჩავატაროთ არჩევნები და ზურაბიშვილი არჩევნების დანიშვნას ხელს მოაწერსო. მას ვეთანხმები – შეიძლება, მათ ტერიტორიაც კი გამოვუყოთ და ცესკო-ს თავმჯდომარე ბურჭულაძე იყოს, პრეზიდენტად ჰყავთ ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნებს დანიშნავს. ვაშაძე გამზადებულია პრემიერობისთვის. დანარჩენი, რაც სანახავი იქნება, ჩვენ პოპკორნს მოვიმარაგებთ და ამ სერიას ვუყურებთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.