დასავლეთის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია

დასავლეთის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია

[მოამზადა მამუკა გობეჩიამ]
”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ექვს წელზე მეტი გავიდა. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების ამ მეთოდზე, შემდგომ განვითარებულ პროცესებზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დინამიკაზე, ადამიანთა უფლებების მდგომარებაზე და საერთაშორისო პროცესებში საქართველოს ჩართულობაზე, დღემდე რადიკალურად განსხვავებული აზრი აქვთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას. სხვადასხვაგვარად აფასებენ მას ექსპერტებიც.

2003 წლის 23 ნოემბრის მოვლენას ძირითადად სამნაირად აფასებენ:
- სოციალური და ეკონომიური პრობლემებით შეჭირვებული ხალხი უკიდურესად აღშფოთდა არჩევნების გაყალბების გამო და შევარდნაძის ხელისუფლების დემონტაჟი მათი დაკვეთა იყო, რომელიც ოპოზიციის პროგრესულმა, პროდასავლურმა ფრთამ განახორციელა. (”ვარდოვანი ხელისუფლების” ოფიციალური პოზიცია)

- ეს იყო ხელისუფლების გადაცემის შევარდნაძისა და ოპოზიციის სამეულის - სააკაშვილი, ჟვანია, ბურჯანაძის - ერთობლივი გეგმა, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის ხელშეწყობითა, თუ ჩუმი თანხმობით განხორციელდა.

- და მესამე, დასავლეთმა მისთვის იმ ეტაპზე უკვე ურგები ”ლიბერალი” შევარდნაძე გასწირა და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გამტარებელი ოპოზიცია მოიყვანა ქვეყნის სათავეში.

ქვემოთ მოყვანილ სტატიაში ჩამოყალიბებული პოზიცია შეიძლება ბევრისთვის საკამათოც იყოს, მაგრამ იგი საყურადღებოა ორი ასპექტის გამო: - სტატიის ავტორია ცნობილი ანალიტიკოსი და უფლებათა დამცველი, ანდრეი პოკიდიშევი და მეორე,- ეს წერილი ”ვარდოვანი რევოლუციის” მეორე დღეს - 2003 წლის 24 ნოემბერს დაიწერა.

-”შევარდნაძე თავისი სამშობლოსადმი სიყვარულის მსხვერპლი გახდა. როგორც ნამდვილი ლიბერალი, მან შეძლო თავის პოლიტიკაში გაეთვალისწინებინა დასავლეთის ინტერესები, მაგრამ მისდა საუბედუროდ, ის არასაკმარისად კოსმოპოლიტი და ლოიალური აღმოჩნდა.

ღირსების კოდექსმა საშუალება არ მისცა, პირდაპირ გაეყიდა თავისი ქვეყნის ნაციონალური ინტერესები. ვინაიდან პატარა საქართველო მთელი რიგი გლობალური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სტრატეგიულად და ტაქტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილების პროცესი დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძე პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ–ერთი ყველაზე ლიბერალი მმართველი იყო, მას ჯერ ავტორიტარიზმში დასდეს ბრალი, შემდეგ კი არჩევნების შედეგების ფალსიფიცირებაში. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ხელისუფლება დსთ–ს სივრცეში ხშირად აძლევს უფლებას თავს, გამოიჩინოს ასეთი „პატარა სისუსტე“? ყველას ძალიან კარგად ესმოდა, რომ 1996 წლის არჩევნებში ელცინმა ვერ გაიმარჯვა. მაგრამ რა მოყვა ამას? არც არაფერი.

შევარდნაძესაც არაფერი დაემუქრებოდა, თუ ის უფრო დამთმობი იქნებოდა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ წინაშე, მიაფურთხებდა თავის ხალხსა და ქვეყნას, როგორც ეს რუსეთის მმართველმა ელცინმა გააკეთა.

გარე ძალების მიერ წახალისებულმა ოპოზიციამ, რომელიც, როგორც წესი, ასეთ ფალსიფიცირებაზე თვალს ხუჭავდა, ამჯერად დაიწყო პოლიტიკური სიტუაციის გამწვავება. დაპირისპირების პროცესში, შევარდნაძის მიერ დაშვებულმა რამდენიმე პოლიტიკურმა შეცდომამ, მის მოწინააღმდეგეებს პროვოცირება გაუკეთა, ემოქმედათ უფრო რადიკალურად, რაც პარლამენტის ხელში ჩაგდებით დამთავრდა.

მოვლენების სტიქიური განვითარება გამორიცხავს ზუსტ ანალოგიებს. მიუხედავად ამისა, თითქმის განმეორდა ბელგლადური სცენარი. ხელისუფლების არაკანონიერი გზით ხელში ჩაგდება დასავლეთის სხვადასხვა ინფორმაციის მასობრივი საშუალებების მიერ ცინიკურად შეფასებული იქნა, როგორც ხავერდოვანი რევოლუცია. მათ რატომღაც დაავიწყდათ , რომ დამხობილი იქნა არა დიქტატორი, არამედ დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.

ფაქტიურად, მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ლიდერს არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია ლეგიტიმური ქართული ხელისუფლების დასაცავად. რაც მიგვანიშნებს პოლიტიკური კონტურის დეგრადაციაზე მთელს მსოფლიოში. სახეზეა როგორც საერთაშორისო, ასევე ნაციონალური სამართლის ფაქტიური იგნორირება.

ასეთი დამოკიდებულება სამართლის საფუძვლების მიმართ ძალიან საშიშია, რადგანაც ის არევს დამკვიდრებულ მსოფლიო წესრიგს წუთიერი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სახელმწიფო გადატრიალება, მიუხედავად იმისა, ძალისმიერია, ის თუ არა, აუცილებლად არაორაზროვნად უნდა იყოს გაკიცხული მსოფლიო საზოგადოების მიერ. მაგრამ, როგორც ჩვენ ვნახეთ, საქართველოს შემთხვევაში ეს არ მომხდარა.

გასაგებია, რომ ხელისუფლებაში მოსული ოპოზიცია, პირველ ხანებში უფრო დამთმობი იქნება დასავლეთის მიმართ. ის, რომ მათი ლოზუნგები ულტრა ნაციონალურია, სინამდვილეში არ განსაზღვრავს მათ ნაციონალურ (ეროვნულ) ორინტაციას, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში.

საქართველოს მაგალითი გვიჩვენებს, თუ რაოდენ რთულია თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში საკუთარი ნაციონალური (ეროვნული) ინტერესების დაცვა, თუ ეს უშლის ხელს „უფროს ძმას“. სუსტი ქვეყნების მმართველებს აჩვენეს კარგი მაგალითი – ბატონებო, გეჭიროთ ცხვირი დასავლეთის მიმართულებით და თქვენ არაფერი დაგემუქრებათ.

აი მაგალითად: თურქმენ–ბაში თავის ქვეყანაში აკეთებს იმას, რაც მას უნდა, მაგრამ რადგანაც დასავლეთის მეგობარია, მას არავითარი გადატრიალება და ხავერდოვანი რევოლუცია არ ემუქრება.

გავრცელებულია აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდნენ ფაშისტები, მაგრამ ჩემი აზრით, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა– ხელისუფლებაში მოვიდნენ უპასუხისმგებლო ადამიანები.”