ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დღეს წიგნის “ანტისაბჭოური სიტყვიერების“ პრეზენტაცია გაიმართება . აღნიშნული წიგნი რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ანტისაბჭოური სიტყვიერება“, ფარგლებში გამოიცა. თავად პროექტი კი სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში განხორციელდა.
ასევე, პროექტის ფარგლებში წიგნთან შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი და გადაღებულია დოკუმენტური ფილმები. მათში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოკითხული ათეულობით ადამიანისა და მათი ოჯახების რეალური ისტორიებია ასახული. კერძოდ, წიგნში “ანტისაბჭოური სიტყვიერება“ თავმოყრილია საბჭოთა დიქტატურასთან დაკავშირებული საქართველოს მოსახლეობაში დღემდე შემორჩენილი ზეპირი ისტორიები და გადმოცემები. ასახულია, თუ რა ფორმებით ახორციელებდა ტოტალიტარული რეჟიმი ერისა და პიროვნების თავისუფლების ხელყოფას; როგორ აისახა სამოცდაათწლიანი პერიოდი ადამიანის ბედზე, აზროვნებასა და ცხოვრების წესზე.
მასალების მოსაძიებლად სერიოზული მუშაობა ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილებამ ჩაატარა. საქართველოს ყველა რეგიონში ექსპედიციებისას 250-მდე მთქმელი ან მათი შთამომავალი ჩაიწერა.