ბრიუსელი 2 წლის წინ დაწყებულ დისკუსიას უბრუნდება და 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს. რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ ამ საკითხზე შეთანხმებას მანამდე მიაღწიონ ვიდრე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.
სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ევროკავშირი რეალურად იკანონებს და იმარტივებს პროცედურას, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი გარკვეულ ქვეყნებთან შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საქართველო უვიზო მიმოსვლის კრიტერიუმებს ზედმიწევნით ასრულებს და მისი შეჩერების საფუძველი ობიექტურად არ არსებობს.
ხელისუფლების ოპონენტები აღიარებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გამარტივება პოლიტიკურ ზეწოლას აძლიერებს. ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ქვეყანას აზიანებს, თუმცა ბრიუსელის მიდგომა მათთვის მაინც გასაგებია.
ვიზალიბერალიზაცია, როგორც დასჯის ბერკეტი - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროცედურების გამარტივება რეალურად ევრობიუროკრატების ინიციატივაა, რომლითაც ისინი მესამე ქვეყნებში საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას იმარტივებენ.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი წესების ოფიციალური განხილვა ჯერ არ დაწყებულა. "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა შესაძლოა შემოდგომაზე ამოქმედდეს.