მამუკა მდინარაძე: ლომჯარია, რომ ავირჩიეთ ეს იყო თავსმოხვეული გადაწყვეტილება, რომლის უარყოფის შემთხვევაში შეიძლებოდა გუნდში მაშინ არსებული პირების მეშვეობით აეყირავებინათ ხელისუფლება. ასეთი იყო გახარიას გაპრემიერებაც

მამუკა მდინარაძე: ლომჯარია, რომ ავირჩიეთ ეს იყო თავსმოხვეული გადაწყვეტილება, რომლის უარყოფის შემთხვევაში შეიძლებოდა გუნდში მაშინ არსებული პირების მეშვეობით აეყირავებინათ ხელისუფლება. ასეთი იყო გახარიას გაპრემიერებაც

საერთო მიზანი ამ კანონების გახლავთ ჩვენი გაცხადებული მიზანი იმის შესახებ, რომ რაც შეიძლება უცხო ქვეყნებს, უცხო ძალებს ნაკლები გავლენა ჰქონდეთ საქართველოზე და საქართველოში მისაღებ გადაწყვეტილებებზე, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც უცხოური გრანტების გაცემის წესის შეცვლას ეხება.

მისი თქმით, გარს მოხვეული გავლენებით ხშირად, ხელისუფლებას უწევდა ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც მისთვის მიუღებელი იყო. მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გაცხადებულია მიზანია, რომ ქვეყანა დაიცვას მსგავსი ჩარევებისგან.

„შენ თუ გინდა, როგორც თავმოყვარე ქვეყანას, შენი ბედი შენ თვითონ გადაწყვიტო მეტად უნდა უზრუნველყო გარე ჩარევების აკრძალვა. ისე, რომ ფულით და სხვა ზეგავლენით მოახდინოს შენს შიდა გადაწყვეტილებებზე გავლენები ეს უნდა გამორიცხო.

ჩვენ გულწრფელად ვამბობთ, ხომ არ ვმალავთ, რომ გვიწევდა რთული, ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების მიღებაც კი. მაგალითად, 2017 წელს, როდესაც ნინო ლომჯარია ავირჩიეთ სახალხო დამცველად, რატომ იყო ეს კარგი გადაწყვეტილება, რატომ იყო ეს გადაწყვეტილება საჭირო, რომ მიგვეღო საკუთარ თანაგუნდელებსაც ძლივს ან ვერ ვუხსნიდით. მაგრამ ეს იყო თავსმოხვეული გადაწყვეტილება, რომლის უარყოფის შემთხვევაში შეიძლებოდა ჩვენს გუნდში მაშინ არსებული ადამიანების მეშვეობით ჩამოეშალათ მთლიანად გუნდი და აეყირავებინათ ხელისუფლება. და ასეთი, არჩევანის წინაშე, როცა დგახარ, როდესაც შენ გუნდში გყავს ისეთი ადამიან, საბედნიეროდ დღევანდლისგან განსხვავებით, როდესაც გუნდი აბსოლუტურად მყარი და შეკრულია და ერთი დიდი, ცოცხალი, ჯანსაღი, დამოკიდებული და თავმოყვარე ორგანიზმია, ამისგან განსხვავებით მაშინ ჩვენ ასეთი გუნდი არ გვყავდა. 2016 წლის გუნდიდან ხედავთ დღეს, რამდენი ადამიანია აგენტურულ ოპოზიციაში გადაბარგებული. და იყო საფრთხე, რომ ამ გადაწყვეტილებების მიუღებლობის შემთხვევაში მთლიანად გუნდი ჩამოეშალათ და გუნდის ჩამოშლა ქვეყნის ჩამოშლას ნიშნავდა და ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას. ასეთი, პოლიტიკური თამაში ღირდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო. და თუ კი ვინმე გუშინდელი დღიდან კითხვას სვავს თავის დროზე რატომ ხდებოდა ასე და ისე, ამიტომ ხდებოდა ზუსტად, რასაც მე ახლა გიყვებით. ასეთი იყო გახარიას გაპრემიერება მას შემდეგ, რაც ის აბსოლუტურად გაშიფრული იყო. ხანდახან პოლიტიკაში და ხანდახან კი არა ხშირად, არსებობს ხოლმე საკითხები, როცა ირჩევ შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ცუდსა და უარესს შორის. მაგრამ დღეს როგორც იქნა მივედით იმ კონდიციამდე, როცა ცუდსა და უარესს შორის კი არა, შენი ქვეყნისთვის ცალსახად კარგს და ცუდს შორის აკეთებთ არჩევანს და მივდივართ აი, ამ კარგ გზაზე. შესაბამისად, პოლიტიკოსისთვის ერთი დიდ ბედნიერებაა როცა ამ აგენტურის ნარატივში ოდნავადაც კი, არ ხარ იძულებული, რომ რაიმე თამაშში შეჰყვე ვინმეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.