საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება, აცხადებს, რომ „ყველანაირი პირობა პრივატიზაციის დარღვეულია. დარღვეულია აუქციონზე პირობების დადგენის პირობები; კანონდარღვევაა ქონების შეფასებისას; კანონდარღვევაა ინფორმაციის გამოქვეყნებისას და პრივატიზებული ვალდებულებების შესრულების ჩათვლისა და საკუთრების მოწმობის გაცემისას“.
„კანონი გვეუბნება, რომ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს შეძენილი ქონების ღირებულების დაფარვა, რომლის შემდეგ გაიცემა დამადასტურებელი მოწმობები. ჩვენ გვაქვს დადგენილება, რომლის მიხედვითაც საპრივატიზაციო თანხის გადახდა აუქციონის ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში შემდეგი გრაფიკით დაევალა, ანუ შეღავათი გაეწია საქართველოს უნივერსიტეტს: 2008 წლის 30 სექტემბრამდე თანხის 25%, 2008 წლის 30 დეკემბრამდე კიდევ 25%, 2009 წლის 30 მარტამდე 25%, ხოლო დარჩენილი თანხა 2009 წლის 30 ივნისამდე უნდა დაფარულიყო. შემდეგ არსებობს იმის დოკუმენტი, რომ ეს თანხები დაფარულია. ჩვენ ვერ მოვიძიეთ დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ეს თანხა ჩაირიცხა საქართველოს ბიუჯეტში, რის შემდეგაც გაიცა საკუთრების მოწმობა, თუმცა, არსებობს ცნობები, როცა მთავრობა, ეკონომიკის სამინისტრო წერს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დანაყოფს, რომ ეს თანხა ჩარიცხულია და გთხოვთ გასცეთ მოწმობა. აი, აქ არის ძალიან საინტერესო საკითხი, ნამდვილად იყო ჩარიცხული თუ არ იყო ჩარიცხული და როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მიზერულ ფასში აიღო, მიითვისა ეს ქონებაო. მე ვიტყვი უფრო სხვანაირად, საერთოდ ყოველგვარი თანხის გარეშე წაიღო ეს მრავალმილიონიანი ქონება. ჯერ კიდევ მაშინ, 2006 წლის შეფასებებით, ჩვენი უხეში დათვლებით, ეს იყო დაახლოებით 30 მილიონის ქონება. ამ ქონების წაღებამ წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც ფაქტობრივად წელში გამართული იყო, ფეხზე იდგა და რა მოხდა? 32 ათასი სტუდენტი განახევრდა ერთ თვეში. როგორც კი ავტორიზაცია შეუჩერეს 32 ათასი სტუდენტი გახდა 15 ათასი სტუდენტი. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, მის შემდგომ იქ მოსულ თაობებს და განსაკუთრებით, ბოლოს მისულ რექტორატს, რომ უნივერსიტეტი დაჰბრუნებოდა მართლაც იმ სახელოვან წარსულს, როგორც იყო ადრე“.-განაცხადა კარლო კოპალიანმა.