გუბერნატორის მოადგილეს მკვლელობაში ადანაშაულებენ

გუბერნატორის მოადგილეს მკვლელობაში ადანაშაულებენ

[ნატო გოგელია]

გურიის გუბერნატორის მოადგილედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი, ლაშა შაფაქიძე დაინიშნა. მან ამ პოსტზე „საკუთარ პროფილს მორგებული“ კახა ასკურავა შეცვალა.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, შაფაქიძემ ოზურგეთი, ოჯახთან ერთად, 7 წლის წინ დატოვა და მშობლიურ რაიონს მხოლოდ გასულ წელს დაუბრუნდა. წასვლის მიზეზად კი საკმაოდ მძიმე ბრალდება – მკვლელობაში თანამონაწილეობა სახელდება.

2003 წლის თებერვალში, გურიის ამჟამინდელი გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის ქორწილის მეორე დღეს, დღისით, მზისით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში, ძმისა და მეგობრის თვალწინ 30 წლის ვანიკო ქილიფთარი მოკლეს. მომხდარი მკვლელობის მოწმე უამრავი ადამიანია, თუმცა, არავინ არის ისეთი, რომელმაც ვანიკოს მკვლელი დაინახა.

ამ მკვლელობის მიზეზის რამდენიმე ვერსია არსებობს: 8 წლის წინ, 16 წლის შემოქმედელი ახალგაზრდა, მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გოგიტა სურგულაძე უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა. არსებული ვერსიით, მას დიდი რაოდენობით ფული ჰქონდა მოგებული ციხეში მყოფ პიროვნებასთან და ამ ფულის ამოღებაში ე.წ. „ძველი ბიჭები“ იყვნენ ჩართულები. თუმცა, დღემდე დაუდგენელია, აიღო თუ არა ეს ფული სურგულაძემ, რადგან მოგებიდან მალევე ის გაუჩინარდა, მის ძებნაში კი პოლიციასთან ერთად „შავი სამყარო“ და „გავლენიანი“ ხალხი ჩაერთო.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, სურგულაძის გაუჩინარებამ შემოქმედელი ახალგაზრდები ორ ბანაკად დაყო და მათ შორის დაპირისპირება დაიწყო. ამას ისიც დაემატა, რომ ვალერი ჩიტაიშვილის ქორწილიდან წამოსულ ქილიფთრების ბიძაშვილს მანქანაში გოჩა ჩიტაიშვილი და მისი მეუღლე ჩაუსხდნენ. გზაში მათ შელაპარაკება მოუვიდათ და გაბრაზებული ჩიტაიშვილი მეუღლესთან ერთად მანქანიდან გადავიდა.

სწორედ ამ საკითხის გარჩევა მოხდა მეორე დღეს სოფლის ცენტრში. ვანიკო ქილიფთარს, მეგობართან და ძმასთან ერთად, ქალაქში ბიძაშვილის ამოსაყვანად გადაუწყვეტია წასვლა. სოფლის ცენტრში მისულებს თანასოფლელმა ახალგაზრდებმა მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. მანქანიდან პირველად ვანიკოს ძმა, კახა ქილიფთარი გადმოვიდა, რომელიც ბიჭებმა „გვერდით“ გაიყვანეს. ძმას ვანიკოც გადმოყვა და დაიწყო შელაპარაკება, რომელსაც რამდენიმე წუთში გასროლის ხმა მოჰყვა.

„ბიჭო, მომკლეს“, – ეს იყო ვანიკო ქილიფთარის ბოლო სიტყვები.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ვანიკოს მკვლელობის მომენტში სოფლის ცენტრში 14 ადამიანი იდგა, უშუალოდ მკვლელობის ადგილზე კი – 6. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ეს ადამიანები სოფლიდან გაუჩინარდნენ.

როგორც მოგვიანებით სასამართლო პროცესზე ავტომანქანის მძღოლმა და ქილიფთრების მეგობარმა კობა სიხარულიძემ თქვა, მას არ დაუნახავს ვინ ესროლა ვანიკოს. მკვლელის ვინაობა არც კახა ქილიფთარს დაუსახელებია.

ძმის მკვლელობიდან ძალიან მალე კახა ქილიფთარი დააკავეს და ბრალად იარაღის უკანონო შენახვა-ტარება წაუყენეს, თუმცა არსებობდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქილიფთარის დაპატიმრება ბევრის ინტერესში შედიოდა, რადგან მან კარგად იცოდა ძმის მკვლელის ვინაობა და შურისძიებას აპირებდა. უფრო მეტიც, არსებობს მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ ოზურგეთის პოლიციის იმდროინდელ უფროსს ზაზა ჩუბინიძეს ტელეფონით ვიღაც დაუკავშირდა და უბრძანა, სასწრაფოდ დაეკავებინათ კახა ქილიფთარი იარაღის უკანონო ტარებისთვის. მითითებული იყო დაკავების ადგილი, დრო და ისიც, თუ სად უნდა „ენახათ“ იარაღი სამართალდამცველებს.

კახა ქილიფთარი ამ ზარიდან ერთ საათში სოფელ წითელმთაში დააკავეს, თუმცა, ერთ თვეში გამოუშვეს. ცნობილია, მისი თავისუფლებაზე ყოფნის პერიოდში, ვანიკო ქილიფთარის მკვლელობის დროს სოფლის ცენტრში მყოფი არც ერთი ახალგაზრდა ოზურგეთში და მით უმეტეს, მშობლიურ სოფელში არ გამოჩენილა.

ძალიან მალე პოლიციამ საქმე გახსნილად გამოაცხადა და ვანიკო ქილიფთარის მკვლელად გოჩა ჩიტაიშვილი დაასახელა. საქმეში ჩიტაიშვილის აღიარებითი ჩვენებაც დევს, სადაც ნათქვამია, რომ იარაღი ქილიფთარს მან ესროლა. თუმცა, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვანიკოს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დღემდე დაუდგენელია, ვის მიერ მოქნეული დანა მოხვდა ვანიკო ქილიფთარს.

ამ ამბიდან 2 წელიწადში საკუთარ ეზოში მოკლეს ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე კახა მენაბდე, რომელიც გუბერნატორის დღევანდელი მოადგილის ლაშა შაფაქიძის სიძე იყო. პოლიციის ვერსიით, მენაბდე სნაიპერის ტყვიით მოკვდა. საქმე დღემდე გაუხსნელია. თავიდან ეჭვი კახა ქილიფთარზე მიიტანეს, თუმცა, მას საკმაოდ მყარი ალიბი აღმოაჩნდა – მენაბდის მკვლელობის ღამეს იგი გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს აწ უკვე ყოფილი უფროსის, შოთა ჭანუყვაძის სახლში იმყოფებოდა, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია.

მკვლელობის არა, მაგრამ სხვა რამდენიმე „საშიში“ დანაშაულისთვის რამდენიმე თვის წინ კახა ქილიფთარი გაასამართლეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, როგორც საზოგადოებისთვის საშიშ პიროვნებას. ამ დაკავების შემდეგ, შემოქმედში 7 წლის წინ წასული ადამიანები ისევ დაბრუნდნენ და ჩვეულებრივი ცხოვრება განაგრძეს.

ვანიკო და კახა ქილიფთარების დედა ნაზი ქილიფთარი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელი მხოლოდ ჩიტაიშვილი არ არის და მკვლელები ხელისუფლებაში არიან:

„უტყუარი ვერსიაა, რომ ლაშა შაფაქიძე ვანიკოს მკვლელობის დროს იქ იყო. მას დიდი ცოდვები მიუძღვის. მაგის მფარველი ვალერი ჩიტაიშვილი იყო და არის დღემდე.  დიდ კაცთან პატარა კაცს როდის გასვლია სამართალი, მე რომ ვნახო?“ – გვითხრა ნაზი ქილიფთარმა.

ქალბატონო ნაზი, თქვენს შვილს, კახას 15 წელი მიუსაჯეს და თქვენი თქმით ამაში წვლილი იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებიც ვანიკოს მკვლელობის დროს სოფლის ცენტრში იმყოფებოდნენ.

– ამაში დიდი დამსახურება გუბერნატორ ჩიტაიშვილს და მის მოადგილე ქილიფთარს მიუძღვით. მათი მიზანი იყო, რომ კახა დიდი ხნით მოეშორებინათ და კარგი ცხოვრება ჰქონოდათ.

„სანამ კახას არ დაიჭერდნენ, შაფაქიძე აქ ფეხს ვერ ჩამოადგამდა და არც ჩამოსულა,“ – საუბარში ჩაგვერთო ოჯახის უფროსი რომან ქილიფთარი.

როგორც გვითხრეს, კახა ლაშა შაფაქიძეს ემუქრებოდა.

– არა, სად ნახა რომ დამუქრებოდა?!

ოფიციალურად ვანიკოს მკვლელობის საქმე გახსნილია და მკვლელი, რომელმაც იარაღიდან ისროლა, სასჯელს იხდის. მაგრამ დასკვნის მიხედვით, ვანიკოს სასიკვდილო ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

– საქმის მასალების მიხედვით, ყველაფერში ჩვენ ვართ დამნაშავე. თითქოს ამათ დაიწყეს ჩხუბი. მაგათგან დიდი ფული აიღო პროკურატურამ და საქმეშიც ის დევს, რაც მათ აწყობდათ. სასამართლოზე არც მე და არც ჩემი მეუღლე არ გამოვუძახებივართ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ მხარეს წარმოვადგენდით, – ამბობს ნაზი ქილიფთარი.

მისივე თქმით, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი დამნაშავეებს მფარველობს:

– თუ გინდათ, რომ სიმართლით დაიწყოთ და სიმართლით დაამთავროთ, ამ საკითხს გვერდს ვერ აუვლით, ესენი ამდენი წელია გუბერნატორის მფარველობის ქვეშ იმყოფებიან. ჩემი შვილი დაჭრილი რომ დატოვა სოფლის ცენტრში, ჩიტაიშვილის ეზოში იდგა შაფაქიძე, სუფრა იშლებოდა და ქეიფს აპირებდა ქორწილის მეორე დღეს. ამ დროს დაურეკა მათ შოთიკო ჭანუყვაძემ, რა ქენით ვანიკო მოკალითო?! სწორედ ამ ზარის შემდეგ დატოვეს სოფელი.

ქალბატონო ნაზი, მკვლელობის მომენტში ხომ თქვენი მეორე შვილი იქ იმყოფებოდა? მას არ უთქვამს, რა მოხდა სინამდვილეში?

– კახას ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია. ორმოცის სუფრისთვის რომ ვემზადებოდით, ახლობელმა ჰკითხა, რა მოხდაო და არაფერი მახსოვსო, – უთხრა კახამ. სანახევროდ ჭკუაზე არ იყო. კახა საჩხუბრად გვერდით გაიყვანეს, რომ არ დაენახა, როგორ კლავდნენ მის ძმას. კობა სიხარულიძემ ყველაფერი უარყო, ვითომ არაფერი დაუნახავს, რადგან ასე აწყობდათ. მისი ჩვენებით, ავტომანქანას საკეტი გაუფუჭდა, იმას აკეთებდა და თავდახრილს არაფერი დაუნახავს.

ჩიტაიშვილი ხომ იხდის ვანიკოს მკვლელობისთვის სასჯელს? თქვენ რატომ ფიქრობთ, რომ რეალურად სხვაა დამნაშავე?

– არის საკმაოდ მყარი ვერსია – ვანიკოს ხელები დაუკავეს და ისე მოკლეს. თუკი დამნაშავეები არ არიან, რატომ იმალებოდნენ ამდენი ხნის განმავლობაში? მართალი კაცი არასდროს დაიმალება და არც არაფრის ეშინია. ჩიტაიშვილს და შაფაქიძეს ჰგონიათ, რომ კახა 15 წელი იჯდება ციხეში. არ იქნება ეს ასე.

ისეთი ვერსიაც არსებობდა, რომ კახა მენაბდე თქვენმა შვილმა შურისძიების მიზნით მოკლა, თუმცა მას ვერაფერი დაუმტკიცეს.

– საბედნიეროდ, მენაბდის მკვლელობის მომენტში, კახა შოთიკო ჭანუყვაძესთან იმყოფებოდა სახლში. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მართლაც რთული იქნებოდა სიმართლის დამტკიცება.

ქილიფთრები მიიჩნევენ, რომ მენაბდის მკვლელობა არჩევნებს უკავშირდება, თუმცა, იმის გამო, რომ ეს საზარელი მკვლელობა სამართლადამცავებს დღემდე გამოუძიებელი აქვთ, ისევ, როგორც გოგიტა სურგულაძის გაუჩინარება, ბევრ კითხვაზე პასუხი არ არსებობს.

ამ თემაზე კომენტარებს ვალერი ჩიტაიშვილი არ აკეთებს, შაფაქიძეს კი ტელეფონით ვესაუბრეთ:

ბატონო ლაშა, თქვენ გუბერნატორის მოადგილე ხართ, ნაზი ქილიფთარი კი ფიქრობს, რომ მისი შვილის სიკვდილში წვლილი თქვენც მიგიძღვით...

– მაპატიეთ, შეხვედრაზე ვარ და ვერ დაგელაპარაკებით. მოგვიანებით დაგირეკავთ, _ დაგვპირდა შაფაქიძე, თუმცა პირობა მხოლოდ ჩვენს სატელეფონო საუბრის ჩანაწერს შემორჩა.