დავით ქართველიშვილი: რუსული ეკლესიის როლისა და ადგილის სრული იგნორირება საკუთარ ტერიტორიაზევე უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა

დავით ქართველიშვილი: რუსული ეკლესიის როლისა და ადგილის სრული იგნორირება საკუთარ ტერიტორიაზევე უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა

„ამ დღეებში ჩვენს ისტორიულ დარუბანდში თვალსაჩინოდ გამოჩნდა რუსეთში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისი - მართლმადიდებლური კრიზისი, "მესამე რომზე" რუსეთის განუხორციელებელი პრეტენზიის მსხვრევა. მიუხედავად ლატვიასა და ესტონეთში რუსული მართლმადიდებელი მოსახლეობის დიდი ხვედრითი წილისა, მოსკოვის საპატრიარქომ ვერ შეინარჩუნა იქ საკუთარი ზეგავლენა და ეკლესიური ძალაუფლება დაუთმო „კონსტანტინოპოლს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისი თქმით, რუსული ეკლესიის როლისა და ადგილის სრული იგნორირება საკუთარ ტერიტორიაზევე უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა.

"მესამე რომის" მარცხად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინაში ალტერნატიული "ავტოკეფალიური" ეკლესიის შექმნა და არსებული კანონიკური ეკლესიის დასუსტება. იმაზე საუბარიც კი ზედმეტია, რომ საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობების გაუმჯობესების და ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებაზე საკუთარი ძალისხმევის ნაცვლად - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის საპატრიარქო გაუგებარ და "არაძმურ" პროცესებში იღებს მონაწილეობას.

საკუთარ ტერიტორიაზეც კი, რუსეთის ეკლესია თანდათანობით თმობს თავის ზეგავლენას. სხვანაირად როგორ შეიძლება ჩავუთვალოთ დერბენტის "კავკასიის იერუსალიმად" გამოცხადების ფაქტი და ამ "საზეიმო" ღონისძიებებში ადგილობრივი და ჩამოსული ისლამისა და იუდაიზმის მაღალი რელიგიური იერარქიის წარმომადგენლების მონაწილეობა. დაპატიჟებული იყო ყველა - მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმთავრის გარდა.
მართლმადიდებლურ სამყაროში "ახალი იერუსალიმის" არაოფიციალური წოდება დიდი ხანია მცხეთას და სვეტიცხოველს ეკუთვნის და ამ საპატიო "ტიტულის" ჩანაცვლება ისლამურ-იუდეური ფორმატით და რუსული ეკლესიის როლისა და ადგილის სრული იგნორირება საკუთარ ტერიტორიაზევე უკვე საკმაოდ თვალსაჩინოა. მე ნამდვილად არ მიხარია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იზოლაციონიზმი ყოფილი სულიერი ძმების გარემოცვაში.
ჯერ კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ საქართველოს გულის, მცხეთის, როგორც "ახალი იერუსალიმის" - ღვთისმშობლის წილხვდომილობაში შენარჩუნების მისია, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური გარღვევის პერსპექტივებსაც შეიძენს. და თუ ამაში მოსკოვის საპატრიარქო თავის დადებით როლს შეასრულებს, მხოლოდ გამიხარდება. თორემ, დედა მარიამი ჩვენ მაინც არ მიგვატოვებს, ხოლო რუსულმა ეკლესიამ თანდათანობით თავისი უკანასკნელი სულიერი მოკავშირეები არ დაკარგოს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.