ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატიის, რომ საქართველოს როლი დამკვიდრდეს როგორც დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, როგორც ერთ-ერთი მთავარი ძარღვი ტვირთების ბრუნვისა , - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს უზბეკეთში.
მისივე თქმით, მასპინძელ ქვეყანასთან და რეგიონის წარმომადგენლებთან საუბარი აქვთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე.
„საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აგრძელებს პარლამენტთაშორისი კავშირის კონფერენციაში მონაწილეობას. ვაგრძელებთ ორმხრივ შეხვედრებსაც. დღესაც, ხვალაც გვექნება ორმხრივი შეხვედრები როგორც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან, ისე მასპინძელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, თუ ვისთან გვაქვს შეხვედრა, ჩვენი სასაუბრო საკითხები სხვადასხვაა.
რაც შეეხება მასპინძელ ქვეყანას და რეგიონის წარმომადგენლებს, აქ საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე. დღეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი. ასე, რომ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატიის, რომ საქართველოს როლი, როგორც დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის და როგორც ერთ-ერთი მთავარი ძარღვი ტვირთების ბრუნვისა, უნდა დამკვიდრდეს და ამ მხრივ ჩვენ ასეთი სახის შეხვედრებსაც ვიყენებთ “, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.