დღეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს უზბეკეთში.
მისივე თქმით, მასპინძელ ქვეყანასთან და რეგიონის წარმომადგენლებთან საუბარი აქვთ მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე.
„საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აგრძელებს პარლამენტთაშორისი კავშირის კონფერენციაში მონაწილეობას. ვაგრძელებთ ორმხრივ შეხვედრებსაც. დღესაც, ხვალაც გვექნება ორმხრივი შეხვედრები როგორც ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან, ისე მასპინძელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან.
რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, თუ ვისთან გვაქვს შეხვედრა, ჩვენი სასაუბრო საკითხები სხვადასხვაა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მათი პარლამენტის წარმომადგენლებთან საუბარი გვაქვს იმ ხედვებზე, რომელიც გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და იმ სირთულეებზე, რომელიც წარმოიშვა ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ევროპელი პოლიტიკოსის და პოლიტიკური ჯგუფის აქტიურობიდან გამომდინარე. ვფიქრობ, ძალიან სწორად ესმით ის გამოცდილება, რაც საქართველოს ამ მხრივ აქვს და ვხვდებით ამ მხრივ აბსოლუტურ გაგებას ჩვენი კოლეგების მხრიდან.
ასევე, რაც შეეხება მასპინძელ ქვეყანას და რეგიონის წარმომადგენლებს, აქ საუბარი გვაქვს მნიშვნელოვან ეკონომიკურ კავშირებზე. დღეს ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, ეკონომიკური განვითარება ჩვენთვის ეროვნული ინტერესის დონეზეა აყვანილი. ასე, რომ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატიის, რომ საქართველოს როლი, როგორც დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის და როგორც ერთ-ერთი მთავარი ძარღვი ტვირთების ბრუნვისა, უნდა დამკვიდრდეს და ამ მხრივ ჩვენ ასეთი სახის შეხვედრებსაც ვიყენებთ “, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.