გმო პროდუქტებს ფედერაცია შეისწავლის და სამინისტრო გააკონტროლებს

გმო პროდუქტებს ფედერაცია შეისწავლის და სამინისტრო გააკონტროლებს

გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებას გარემოს დაცვის სამინისტრო გააკონტროლებს, ოღონდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს, დაამტკიცებს და საბოლოოდ ძალაშიც შევა. შესაძლოა, ეს პროცესი მალე ვერც დასრულდეს, ამასობაში კი ბაზარზე გმო პროდუქტების წილი თვალდათვალ იმატებს.

ბაზარზე არსებულ სიტუაციას კი მომხმარებელთა ფედერაცია შეისწავლის და დააკვირდება. ორგანიზაცია 2014 წლის მარტიდან გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოწმებას იწყებს და საამისოდ სპეციალურ კვლევასაც ჩაატარებს.

მომხმარებელთა ფედერაციის დირექტორის მადონა კოიძის ინფორმაციით, შემოწმდება პროდუქტის ეტიკეტის შესაბამისობა, რაც პროდუქტში ენერგეტიკული ღირებულებების და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემადგენლობის გამოკვლევას გულისხმობს.

კოიძის თქმით, პროდუქტი, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების 0,9%-ზე მეტ რაოდენობას შეიცავს, მარკირებული უნდა იყოს, შესაბამისად, მოსახლეობას ინფორმირებულობა აუცილებელია, რათა მომხმარებელმა თავად გააკეთოს არჩევანი.

„თავად მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს უნდა მას გენმოდიფიცირებული პროდუქტის შეძენა თუ ამგვარ პროდუქტს სიცოცხლისთვის საშიშად მიიჩნევს“, - აღნიშნა მადონა კოიძემ „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას.

ინტერესი გენმოდფიცირებული პროდუქციის მიმართ საზოგადოების მხრიდან ძალიან მაღალია, ამიტომაც სპეციალური კვლევა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, 2014 წლის 15 მარტიდან დაიწყება.

გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძის განცხადებით, გენმოდიფიცირებული პროდუქციის სავალდებულო მარკირებისა და სათესლე მასალის გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონპროექტის განხილვა უახლოეს დღეებში კომიტეტებში დაიწყება. მისი სესიაზე წარდგენა კი საკომიტეტო განხილვების დროულად დასრულებაზე იქნება დამოკიდებული. გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირებას კი გარემოს დაცვის სამინისტრო გააკონტროლებს.

კანონის ამოქმედების შემდეგ გმო ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა, ხოლო შემოსვლის შემთხვევაში, მისი ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება. ამასთან, ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობა წესის დარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საგანიც იქნება.

ინფორმაციისათვის, გენეტიკურად მოდიფიცირებული, ანუ ტრანსგენური პროდუქტები არის ისეთი პროდუქტები, რომელთა გენეტიკურ „ნაკრებში“ შეჰყავთ ისეთი უცხო გენი, რაც მას იქამდე არ ჰქონდა. ამის შედაგად ბოსტნეული ან ხილი მისთვის უჩვეულო ახალ თვისებას იძენს, თანაც ამ თვისების წინასწარ დაპროგრამებაც შეიძლება. თანამედროვე ბიოტექნოლოგიის საშუალებით ხდება ორგანიზმის გენეტიკური მასალის იმგვარი შეცვლა, რაც არასოდეს მოხდებოდა ბუნებრივი ევოლუციის პროცესში.