ეკა სეფაშვილი: მედიის შესახებ რეგულაციები პირველ რიგში უნდა ეხებოდეს საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად ობიექტური და დაუშვებელია პირადი შეხედულებების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის

ეკა სეფაშვილი: მედიის შესახებ რეგულაციები პირველ რიგში უნდა ეხებოდეს საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად ობიექტური და დაუშვებელია პირადი შეხედულებების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის

მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტში განხილულ საკითხებზე ისაუბრა დღეს მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატი არ მალავს უკმაყოფილებას, იმის გამო, რომ საკანონმდებლო ორგანომ „ხალხის ძალის“ მის მიერ შეთავაზებული რამდენიმე საკითხი არ გაითვალისწინა. 

„პარლამენტში საკმაოდ ცხარე დებატები გვქონდა ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით. რასაკვირველია „ხალხის ძალას“ ამ საკითხზე თავისი წინადადებები ჰქონდა.
 
ასევე განვიხილეთ მედია რეგულაციების შესახებ საკითხი. სამწუხაროდ ჩვენ მიერ წამოყენებული ერთი თუ ორი წინადადება არ იქნა გათვალისწინებული, რაც სიმართლე გითხრათ ძალიან არ მომწონს. საკითხი ეხებოდა ანონიმური წყაროს გამოყენებას. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ანონიმური წყაროს გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ მაუწყებელი ვალდებულია ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს და დოკუმენტურად დადასტურებულად წარადგინოს. რა თქმა უნდა, მას არ აქვს ვალდებულება წყარო გაასაჯაროოს, მაგრამ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს სანდო. 

რაც შეხება საავტორო გადაცემებს, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს გადაცემები აუცილებლად დაბალანსებული უნდა იყოს, თუმცა ის ვერ დაიცავს ბალანსს. საავტორო გადაცემა იმიტომ არის საავტორო, რომ ავტორის შეხედულებებით ხდება გადაცემის დაგეგმვა. 

მედიის შესახებ რეგულაციები პირველ რიგში უნდა ეხებოდეს საინფორმაციო გამოშვებას, საიდანაც ადამიანი იღებს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია უნდა იყოს ნამდვილად ობიექტური და დაუშვებელია აქ რაიმე პირადი შეხედულებების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.