”ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ კანონი არავის გაუუქმებია”

”ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ კანონი არავის გაუუქმებია”

საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ წარმოებული სერიოზული სარეკლამო და საინფორმაციო კამპანიის შემდეგ, ამ თემაზე საუბარი თითქოს მინელდა. არადა, ახალი ინსტიტუტი უკვე 4 თვეზე მეტია ამოქმედდა. თუმცა, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო პროცესი ჯერ არ გამართულა.

 

რატომ შეწყდა ამ თემაზე საუბრები და ხომ არ უკავშირდება ეს სიჩუმე ევროსასამართლოს პირველი პალატის მიერ ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ამ ინსტიტუტის ცალკეული მოდელები ადამიანს სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზღუდავდა? პრესაგე.ტვ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს ესაუბრა.

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე საუბარი ბოლო დროს რატომღაც მიჩუმათდა  რატომ?

- ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე საუბარი გარკვეულწილად მართლაც  მინელდა, მაგრამ ეს - მხოლოდ  იმასთან შედარებით, რაც ოქტომბრის დასაწყისში იყო. როცა ახალი საპროცესო კოდექსი ამოქმედდა,  მას,  რა თქმა უნდა დიდი საზოგადოებრივი  გამოძახილი მოჰყვა. სასამართლომ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, სერიოზულად იმუშავა საზოგადოების ინფორმირებულობის კუთხით,  თუმცა, რადგან ჯერჯერობით რეალური საქმე სასამართლოში არ შემოსულა იმის შემდეგ სიტუაცია შედარებით მიწყნარდა.   

 

განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, როგორიც არის დამამძიმებელ გარემოებაში  ჩადენილი  განზრახ მკვლელობაა, თბილისის ტერიტორიაზე  არ მომხდარა. ანუ, დანაშაული უნდა მოხდეს ისეთი, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას შეესაბამება. ამასთან, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო  განიხილავს მაშინ, როცა ბრალდებული არ აღიარებს დანაშაულს. თუ აღაირებს, მაშინ საქმე ნაფიც მსაჯულებთან არ წავა და მას ჩვეულებრივი სასამართლო განიხილავს.

 

თუმცა, არის საუბარი იმაზეც, რომ შესაძლოა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი აღარ დაინერგოს...

-  ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ კანონი ძალაშია. ის არავის გაუუქმებია. კანონი კი ამბობს, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ნაფიცი მსაჯულების სასამართლო განიხილავს.

 

.. არ ყოფილა მსჯელობა იმაზე, რომ ეს პროექტი შესაძლოა ჩავარდეს მას შემდეგ, რაც ევროსასამართლომ განიხილა ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გაუქმების შესახებ?

- ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ცნობილია და კარგადაც შევისწავლეთ.  ევროსასამართლოს პირველი პალატისგან განსხვავებით, დიდმა პალატამ ეს საკითხი დააზუსტა და მიუთითა, რომ კონკრეტული პირობები უნდა იყოს დაცული. სხვა შემთხვევაში კი, ეროვნული კანონმდებლობის ნებაა, როგორ მოაწესრიგებს სასამართლო განხილვის წესს. ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებ. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია განვიხილოთ საქმეები,  თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მთავარია, კონკრეტული მუხლით კვალიფიცირებული საქმე იყოს. ჯერჯერობით არცერთი ასეთი დანაშაული არ მომხდარა. ეს შეიძლება უკეთესიც იყოს, რადგან  განზრახ მკვლელობები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულები არ ხდება. საუბარი მაქვს თბილისის მასშტაბით, რადგან იცით, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ამოქმედდა.

 

რაც შეეხება სასამართლოს, მუდმივი რეფორმის მიუხედავად, სისტემა მუდმივად კრიტიკის ობიექტია?

 - სასამართლოს მიმართ კრიტიკა მუდმივად იქნება. გერმანიასა ან ამერიკაშიც იგივეს მოისმენთ. სასამართლოს წარმომადგენლების ერთ-ერთი ვიზიტის დროს, როცა ისინი გერმანიის სასამართლო პრაქტიკას ეცნობოდნენ, ერთ-ერთი  შეხვედრის დროს, რომელიც გერმანიის პარლამენტში შედგა, საკმაოდ გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელმა ძალიან მწვავედ გააკრიტიკა გერმანიის სასამართლო სისტემა. ასე რომ, არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს სასამართლოს მხოლოდ ჩვენთან აკრიტიკებენ.

 

გერმანულ სასამართლოს  მთლად ნუ შევედრებით, იქ უფრო სხვა პრობლემებიავიდრე ჩვენთან. იქ, რამდენადაც ვიცი, სასამართლოს განხილვის ვადებია გაწელილი  და ჩვენთან პრობლემა სასამართლოს პოლიტიზირებაა...

- სრულიადაც არა! გერმანიაშიც ანალოგიური ბრალდებები გაისმის, რომ სახელმწიფო ერევა სასამართლოს გადაწყვეტილებებში - სახელმწიფო მოხელეები წინასწარ  ვარაუდებს გამოთქვამენ სასამართლო გადაწყვეტილებებზეო. ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ასევე განაცხადა, რომ გუბერნატორები ერევიან ან, აქვთ ჩარევის მცდელობა. ანუ, სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობა ყველგან არის და, შესაბამისად, სასამართლოს ყველგან აკრიტიკებენ.

 

მეორე საკითხია, რა დონეზეა სასამართლო, როგორ არის განვითარებული და რამდენად დამოუკიდებელია. რა თქმა უნდა, მათი სასამართლოები გაცილებით უფრო მეტად დამოუკიდებლები და ობიექტურები რომ არიან, ამას ჩვენც ვხედავთ და ვამბობთ, ამაზე არავინ არ დავობს.

 

ჩვენთან რა უშლის ხელს სასამართლოს დამოუკიდებლობას?

- მათ ამის  ორასწლიანი ტრადიცია აქვთ. სწორედ ასე შეიქმნა და განვითარდა ეს ქვეყნები. ჩვენ სრულიად განსხვავებული მემკვიდრეობა გვერგო. 1991 წელს ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ნიშნები გამოიკვეთა,  გაეროს წევრები გავხდით, მაგრამ ამ სახელმწიფოში არ არსებობდა დამოუკიდებელი სასამართლო. 1991-წლიდან 2003 წლამდე პერიოდი სასამართლოს შექმნის თვალსაზრისით, ფაქტობრივად დავკარგეთ. დაიწყო სასამართლო რეფორმა, რომელიც კორუფციამ ჩაძირა და ჩაითრია. აქედან გამომდინარე, უნდა გავაკეთოთ დასკვნები, საიდან დავიწყეთ და რა ეტაპზე ვართ ახლა. მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სასამართლოებთან შედარებით, ქართული სასამართლო სისტემა უკეთ არის განვითარებული.

 

ამას რატომ  ვერ გრძნობს ჩვენი არასამთავრობო სექტორი, ადვოკატები, ისინი, ვისაც უშუალო შეხება აქვთ სასამართლოსთან?

- ამას გრძნობს ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, ამას გრძნობს ის ასეულ ათასობით მოქალაქე, რომელიც სარჩელით მომართავს სასამართლოს და საკუთარი დავის გადაწყვეტას სასამართლოს ანდობს. გახსოვთ ალბათ, ადრე სადაც ხდებოდა დავების გარჩევა. დღეს კი, წინა წელთან შედარებით, უკვე 30-40 პროცენტით არის გაზრდილი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სარჩელების რაოდენობა. ხოლო რიგი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, ისინი ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, არიან უმცირესობაში  და ვინც თქვენ არ ჩამოგითვლიათ,  ისინი - უმრავლესობაშია.

 

ვის გულისხმობთსაზოგადოებას?

-  დიახ, საზოგადოებას. რეფორმა სწორედ საზოგადოებისთვის, სახელმწიფოს სამართლებრივი განვითარებისთვის ხორციელდება და არა კონკრეტული, ვიწრო ჯგუფების ინტერესების დასაკმაყოფილებლად.

 

საზოგადოების უმეტესი ნაწილი დიდად  არ არის გაცნობიერებული სამართლებრივ საკითხებში, ხოლო ვისაც შეხება ჰქონდა მართლმსაჯულებასთან, არც  მათ აქვთ კარგი წარმოდგენა ქართულ სასამართლო სისტემაზე...

- დამერწმუნეთ, რომ საზოგადოების ნდობა სასამართლოსადმი საკმაოდ დიდია და ამას ბოლო გამოკითხვებიც ადასტურებს. ხოლო ის ხალხი, ვისაც პატიმარი ჰყავს, რა თქმა უნდა, სუბიექტურია და ამბობს, რომ მათ უკანონო პატიმარი ჰყავთ და რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო. მე არ მინახავს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამბობს, რომ მისმა შვილმა ან ნათესავმა დანაშაული ჩაიდინა და მას სასამართლომ დამსახურებული სასჯელი მიუსაჯა.

 

გამოკითხვები ახსენეთ, ამ გამოკითხვებს არასამთავრობო სექტორიც ატარებს და მათი გამოკითხვა განსხვავებულია...

 - არ მინახავს მათი გამოკითხვის შედეგები, მომიტანეთ და - კი ბატონო. მე მინახავს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოკითხვები.

 

გამოკითხვები და რეიტინგები დიდად ვერ განსაზღვრავს  დამოუკიდებლობის ხარისხს, მათ მიმართ მუდმივად უნდობლობა და მიკერძოების ბრალდებები ისმის...

-  მაშინ, რა განსაზღვრავს, უნდა მითხრათ, თქვენი აზრი არ განსაზღვრავს.

 

არის კონკრეტული საქმეები, რომლებიც სასამართლოს იმიჯს ულახავს..

- მე შემიძლია კონკრეტულ საქმეებზე მივიღო პრეტენზიები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - მთლიანად სასამართლო სისტემაზე. იმიტომ, რომ როდესაც კონკრეტულ საქმეზე საუბრობთ, ეს არის ერთი, ათი ათასი საქმიდან. ერთი შეცდომა ათიათასიდან კი ხდება ნებისმიერ იმ ქვეყანაში, რომელიც მე ჩამოგითვალეთ.

 

როგორც ვიცით, საქართველოში პატიმრების რაოდენობა კატასტროფულად არის გაზრდილი, როგორ ფიქრობთ, ეს სასამართლოს იმიჯზე არ აისახება?

- ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს,  დაისჯება. სამწუხაროდ, ამ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის დანაშაულს. ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ტელეეთერის მეშვეობით. ამ დანაშაულებზე ინიშნება შესაბამისი სასჯელი და ეს ყველაფერი განსაზღვრავს პატიმართა გაზრდილ რაოდენობას ქვეყანაში.

 

ანუ, პრეზიდენტის მოწოდება - ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში - ძალაშია?

- ნულოვანი ტოლერანტობა ეხება მათ, ვინც დანაშაულს ჩადის. ეს ნიშნავს იმას, რომ  ვინც დანაშაულს ჩაიდენს არავითარი უკანონო შეღავათი არ ექნება. მხოლოდ კანონიერ შეღავათებზე შეიძლება საუბარი. კანონიერი შეღავათი კი ეკუთვნის მას, ვინც აღიარებს დანაშაულს, ითანამშრომლებს გამოძიებასთან. ადრე კი უკანონო შეღავათით სარგებლობდნენ ისინი, ვინც ახერხებდა საქმის ჩაწყობას ნაცნობობით, ან სატელეფონო ზარით, ქრთამის გადახდით.

 

სტატისტიკის თანახმად, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეთორმეტე ადგილზეა.

- ეს სამწუხარო, მაგრამ ობიექტური რეალობაა. ნორვეგიაში, რომლის მოსახლეობაც საქართველოს ტოლია, სასამართლოს წელიწადში დაახლოებით იმდენივე სისხლის სამართლის გადაწყვეტილებები გამოაქვს, რამდენიც ჩვენთან. იქ - 13-14 ათასი, ჩვენთან - 15 ათასამდე. მაგრამ იქ სულ სხვაგვარი მიდგომაა. მაგალითს გეტყვით, რომელიც კარგად ასახავს დანაშაულისა და სასჯელისადმი განსხვავებულ მიდგომას. ნორვეგიაში დამნაშავეები, რომელთაც რამდენიმე თვე ან წელი აქვთ მისჯილი, სასჯელაღსრულების დაწესებულებების გადატვირთულობის გამო, ზოგჯერ ციხეში შესასვლელად რიგშიც კი დგანან. ნორვეგიაში ითხოვენ, რომ ციხეში შეუშვან, რათა დაკისრებული სასჯელის მოხდა დროულად შეძლონ. ჩვენ ჯერ შორს ვართ მსგავსი დამოკიდებულებისგან, რომელიც დანაშაულისა და სასჯელის განცდასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ნელა, თუმცა ჩვენც მივდივართ ამისკენ. პენიტენციალური სისტემაც განიცდის რეფორმირებას, განსასჯელები ისარგებლებენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით, ასევე ისინი უკვე სარგებლობენ შვებულებებით. თუმცა მას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ყველა შემთხვევაში უნდა ჰქონდეს  სასჯელის გარდაუვალობის განცდა.

 

სასამართლოს საქმეებში მოხელეთა ჩარევის შესახებ სხვა ქვეყნების მაგალითზე საუბრობთ... სულ ახლახან ჩვენთანაც იყო შემთხვევა, როცა მოსამართლეს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს...

- ეს კონკრეტულად მოსამართლის შეცდომა იყო. მან სხვა ბევრი შეცდომაც დაუშვა და ამას თვითონაც ხვდებოდა. ამიტომ დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. არავითარი ჩინოვნიკი არ ჩარეულა ამ საქმეში, თუმცა დაინტერესებული პირების მხრიდან იყო ინტერპრეტაციის მცდელობა და ჩვენ ამ საკითხზე სასამართლოს პოზიცია გავავრცელეთ. შეცდომისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომაც არსებობს სამი ინსტანციის სასამართლო, რომ თუკი სადმე შეცდომა დაუშვა მოსამართლემ, მისი გამოსწორება ზემდგომ ინსტანციაში მოხდება.

 

თქვენ საუბრობთ დანაშაულის მატებაზე და ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ დანაშაულმა იკლო?

- იმ მდგომარეობას თუ შევადარებთ, რაც ადრე იყო, ყოველ მეორე დღეს რომ ხდებოდა მანქანების გატაცება, ყაჩაღობა, კონკრეტულმა დანაშაულმა მართლა მოიკლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება ისეთი დანაშაულიც, რომლის შესახებაც ჩვენ ინფორმაციას ყოველდღიურად ვიგებთ.

 

კიდევ ერთი საკითხი, რაც სასამართლო ხელისუფლების იმიჯს ყველაზე სერიოზულ ჩრდილს აყენებს, საპროცესო გარიგებაა. დღეს ციხეს მხოლოდ ის თუ  გადაურჩებავინც საპროცესო გარიგებას გააფორმებს...

-  ჰკითხეთ მათ, ვინც საპროცესო გარიგება გააფორმა, რამდენად მისაღებია მათთვის ეს და რატომ. როდესაც მე ვსაუბრობ კანონიერ შეღავათზე, ერთადერთი შეღავათი, რაც დამნაშავემ შეიძლება მიიღოს, ეს არის საპროცესო შეთანხმება.

 

ანუ, მთავარია ფული გადაიხადოს და, დამნაშავეც რომ იყოს, შეუძლია სასჯელს  თავი აარიდოს?

- საპროცესო შეთანხმებისას ფული სავალდებულო არ არის. ასეთი საქმეების შემთხვევაში ფულის გადახდის შემთხვევები მხოლოდ 20-25%-ია.

 

თუმცა, ამბობენ, რომ საპროცესო გარიგება ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წყაროა...

- ნაწილი ამას უცოდინრობის გამო ამბობს, ნაწილი კი - განზრახ. ამით ცდილობენ საპროცესო გარიგების ინსტიტუტს ცუდი იმიჯი შეუქმნან. საპროცესო გარიგება მხარეებს საშუალებას აძლევს მართლმსაჯულების წინაშე თვითონ მორიგდნენ, აღიარონ დანაშაული. მე, კატეგორიულად არ ვეთანხმები შეფასებას, რომ საპროცესო  შეთანხმება სასამართლო ხელისუფლების იმიჯს ლახავს. პირიქით, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების საუკეთესო შესაძლებლობაა და სასამართლო წარმოებაში საპროცესო შეთანხმებების რაოდენობა დაახლოებით 80%-ს აღწევს.

 

საპროცესო შეთანხმების ასეთი მაღალი პროცენტული მაჩვენებელი კარგია?

-  რა თქმა უნდა, კარგია. ამერიკაში საპროცესო შეთანხმებების მაჩვენებელი 98%-ია. ინგლისშიც დაახლოებით ამდენივეა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მიხვდა თავის დანაშაულს, აღიარა იგი, ითანამშრომლა გამოძიებასთან... შედეგად - დაიზოგა დრო და რესურსი. იგი არ გაურბის პასუხისმგებლობას. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი, სახელმწიფო ამ ადამიანს უფორმებს საპროცესო გარიგებას და მის მიმართ კანონიერ შეღავათს აწესებს. აი, ეს არის საპორცესო გარიგების არსი.

 

გამოდის, ვისაც ფული აქვს იხდის, ვისაც არა - ციხეში მიდის...

- შეთანხმება ხდება ბრალზე და სასჯელზე. მინდა გითხრათ, რომ ამ დროს სასჯელების დაახლოებით 55% არის პირობითი მსჯავრი,  ჯარიმა და ასე შემდეგ და არა თავისუფლების აღკვეთა. ზოგადად კი, სტატისტიკის მიხედვით, სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებში არასაპატიმრო სასჯელები უფრო მეტია, ვიდრე პატიმრობა. 40-დან 45%-მდეა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და მათ შორის 65% არის თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე ვადით.

 

გამამართლებელი განაჩენის სტატისტიკა როგორია?

- გაეროს კვლევების მიხედვით, ჩვენთან ეს სტატისტიკა ისეთივეა, როგორიც ევროპის ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, ფინეთში, შვედეთში გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 1.05%.-ია, ისრაელში - 2%-მდე, იაპონიაში კი მხოლოდ 0.4%.