არა მხოლოდ რუსეთის, არამედ შეერთებული შტატების, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიზანია, რომ გლობალისტების მოკავშირე ზელენსკი ჩამოაშოროს ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით, მას უკვე არც თუ ისე ლეგიტიმურად უკავია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შესაძლებელია თუ არა იყოს ზელენსკის გვერდზე გაწევა.
როგორც ირაკლი გოგავამ აღნიშნა, „ადრე თუ გვიან, ალბათ ზაფხულის თვეებში ამ მიზანს შეერთებული შტატები მიაღწევს“.
„უკრაინის კონსტიტუციით, სამხედრო მდგომარეობის დროს პრეზიდენტის უფლებამოსილების გაგრძელება არ შეიძლება, მხოლოდ რადას, ანუ პარლამენტის შეიძლება. შესაბამისად, რუსები სვამენ ამ კითხვას, რომ მოვაწეროთ ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, ლეგიტიმური ხელმომწერი გვჭირდება და ასეთი, უკრაინის კონსტიტუციით არის ბატონი სტეფანჩუკი, რადას სპიკერი. შესაბამისად, ან ამ გზით, ან ახალი არჩევნების გზით, ადრე თუ გვიან, ალბათ ზაფხულის თვეებში ამ მიზანს შეერთებული შტატები მიაღწევს. რა თქმა უნდა, ზელენსკის შეუძლია პირადი უსაფრთხოების თემაზე ისაუბროს ამერიკელებთან, ეს მეორე თემაა.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ წინა წლებში, ტრამპის საარჩევნო ბატალიებში ზელენსკიმ საკმაოდ ნეგატიური მონაწილეობა მიიღო. ამ არჩევნებშიც ჩავიდა სააგიტაციოდ კამალა ჰარისის და „დემოკრატების“ სასარგებლოდ, რაც ჯეი დი ვენსმა, ვიცე-პრეზიდენტმა შეახსენა ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს. მან იცის ეს, არც კი ცდილობს დაალაგოს ურთიერთობა იმიტომ, რომ წარმოუდგენელია, ასეთი რამეების პატიება არ ხდება“, - აღნიშნა ირაკლი გოგავამ.