დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის შედეგების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
მომხსენებელმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ და თანამომხსენებელმა, ამავე კომიტეტის აპარატის უფროსმა ლევან მაღრაძემ კანონმდებლებს მოკვლევის შედეგები და ძირითადი მიგნებები გააცნეს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ერთობლივი თემატური მოკვლევა - „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების (მათ შორის, სახელოვნებო განათლების მიმართულებით) და ანსამბლების საქმიანობის გაძლიერება“ 2024 წლის 20 მარტს დაიწყო.
მასში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თემატური უწყებების გარდა დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.
საუბარი შეეხო ასევე მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამებსა და სახელოვნებო სკოლების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
სხდომაზე თემატური მოკვლევის საფუძველზე შემოთავაზებული რეკომენდაციები განიხილეს და აღნიშნეს, რომ პოლიტიკის შემუშავება/განხორციელებისას მიზანშეწონილია, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების შესწავლა და საქართველოსთვის მისაღები მოდელის განსაზღვრა.
როგორც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, უცხოეთში მცხოვრები ახალგაზრდა თანამემამულეების ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უცხოეთში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების გამართული და ეფექტური ფუნქციონირება.
მისივე თქმით, საკვირაო სკოლები განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის ფუნქციას ასრულებენ.
„მოკვლევაში საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისა და ანსამბლების საჭიროებები გამოიკვეთა, შემუშავდა ცალკეული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებას მონიტორინგს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი გაუწევს. დარწმუნებული ვარ, საზღვარგარეთ მოქმედი საკვირაო სკოლებისა და ანსამბლებისადმი ქართული სახელმწიფოს დახმარება კიდევ უფრო მიზნობრივი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.