კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ არის სრული ქაოსი - ინსტრუქციების გარეშე დარჩენილები, გადასულები არიან კინკლაობაზე - ქალბატონ ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, ის თამარ მეფეა თუ მოღალატე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები „ერთმანეთისადმი დიდი სიმპათიით არ გამოირჩევიან“.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის შეშინებული. მით უმეტეს, [საგამოძიებო] კომისიის მუშაობის გამო. გამარგინალიზებული არის ბოლომდე და შესაბამისად, ისინი ცდილობენ, თითქოსდა, რაღაცა ახალი დღის წესრიგი შესთავაზონ საზოგადოებას. თან „მესიჯბოქსებიც“ არ მოდის მათი უცხოელი უფროსებისგან კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“, ვინაიდან ევრობიუროკრატები და ბრიუსელის ბიუროკრატები არიან დაკავებული გაცილებით უფრო მასშტაბური საკითხებით, ვიდრე ეს არის „მესიჯბოქსების“ და ინსტრუქციების გამოშვება რადიკალური ოპოზიციისთვის. არის სრული ქაოსი. ქალბატონ ზურაბიშვილზეც ვერ გაურკვევიათ, ის თამარ მეფეა თუ მოღალატე. ამ ინსტრუქციების გარეშე დარჩენილები, გადასულები არიან კინკლაობაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ ოთხივე პარტიის შემადგენლობაში მყოფი ადამიანები დიდი სიმპათიით არ გამოირჩევიან ერთმანეთისადმი. სანამ ახალი ინსტრუქცია წამოვა, თავიანთი ინსტრუქციებით გამოდიან, მაგრამ როგორც კი უცხოეთიდან იქნება ახალი ბრძანება, ისინი ამას დაემორჩილებიან," - განაცხადა მაჭავარიანმა.