დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის იდეას ორ ქვეყანას შორის ჰოკეის მატჩის ორგანიზების შესახებ მხარი დაუჭირა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინის იდეას ორ ქვეყანას შორის ჰოკეის მატჩის ორგანიზების შესახებ მხარი დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ორ ქვეყანას შორის ჰოკეის მატჩის ორგანიზების შესახებ ისაუბრეს. ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინის იდეას აშშ-სა და რუსეთში ჰოკეის მატჩების ორგანიზებასთან დაკავშირებით რუს და ამერიკელ მოთამაშეებს შორის, რომლებიც ჰოკეის ეროვნულ ლიგასა და კონტინენტურ ჰოკეის ლიგაში თამაშობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, კონტინენტური ჰოკეის ლიგის კლუბებს ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბებთან საგამოფენო მატჩები აქვთ ჩატარებული. 2010 წელს სანქტ-პეტერბურგის ჰოკეის კლუბმა „კაროლინა ჰარიქეინსს“ უმასპინძლა.

სანქტ-პეტერბურგის ჰოკეის კლუბის მწვრთნელმა რომან როტენბერგმა დეკემბერში განაცხადა, რომ საგამოფენო მატჩის ორგანიზების შესაძლებლობა Montreal Canadiens-ის გენერალურ მენეჯერთან კენტ ჰიუზთან განიხილა, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მატჩის ორგანიზების ადგილებად სანქტ-პეტერბურგი, მონრეალი, დუბაი, აბუ-დაბი ან სტამბოლი განიხილებოდა. მოგვიანებით, ჰოკეის ეროვნული ლიგის წარმომადგენელმა ბილ დეილიმ განაცხადა, რომ ლიგა არ დათანხმდება მსგავს შეთავაზებას რუსულ გუნდებთან.

2022 წლის მარტში ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ რუსეთში არსებულ ყველა ბიზნეს-პარტნიორთან კონტაქტები შეაჩერა.