საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა თუ ეროვნული უშიშროების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაყადაღებულია რამდენიმე ფონდის ანგარიში.
ფაქტს ეხმიანებიან პოლიტიკოსები.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქართველ ხალხს ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს.
უმრავლესობაში კი განმარტავენ, რომ დესტრუქციული ქმედებები იყო სახელმწიფოს და დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს კანონმა.
"ეს არის დაგეგმილი რევოლუციის ქრონიკა, რომელიც არ გამოსდით, მაგრამ სანამ არსებობს უკანონო დაფინანსება ასეთი ტიპის ღონისძიებების სახით, რა თქმა უნდა, გარკვეულ აქტიურობას ინარჩუნებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის, სახელმწიფოსა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები. ამას კანონი თავის შეფასებას აძლევს და ამ შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია, რომ კანონის მიხედვით იმოქმედოს", - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.