პროკურორი განმარტავს, რატომ დაემატა მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განაჩენზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი

პროკურორი განმარტავს, რატომ დაემატა მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განაჩენზე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი

პროკურორი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რატომ დაემატა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოტანილ განაჩენს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რადგან ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და „შემდეგ რიგი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი“, ეს დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაულია და ამიტომ, მოსამართლეს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა, როგორც სასჯელის სრული, ასევე მისი ნაწილობრივი შეკრება.

მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა მოსამართლემ, ეს დასაბუთებულ განაჩენში იქნება აღნიშნული.

„სასამართლომ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინა. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში იმ მტკიცებულებების საფუძველზე ცნო დამნაშავედ, რომელიც ასაბუთებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც გამოიხატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და მას შემდეგ ჰქონდა რიგი დანაშაულები ჩადენილი, ეს გამოდის დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლეს ჰქონდა სრული უფლება გამოეყენებინა, როგორც სრული შეკრება, ასევე ნაწილობრივ შეკრება. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და გამოიყენა ნაწილობრივ შეკრება. კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა, ამას უკვე დასაბუთებულ განაჩენში ვნახავთ“, - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის განმარტებით, აღნიშნულის პრაქტიკა არსებობს და ბრალდების მხარე გასაჩივრებას არ აპირებს.

„ამის პრაქტიკა არსებობს ეროვნულ სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. რაც შეეხება შთანთქმის პრინციპთან დაკავშირებით, აქვე განვმარტავ, რომ მოცემულ შემთხვევაში სრულად სასამართლოზეა დამოკიდებული ასეთ შემთხვევაში შეკრებას, ნაწილობრივ შეკრებას თუ სრულად შთანთქმას გამოიყენებს. რაც შეეხება გასაჩივრებას, ბრალდების მხარე არ აპირებს.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისგებაშია მიცემული გია ლორთქიფანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, ამასთან, თავად მიხეილ სააკაშვილი. სხვა პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის. 4-ივე - გია ლორთქიფანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, ბრალს აღიარებს“,- განაცხადა პროკურორმა.

გარდა ამისა, ლევან ვეფხვაძემ უპასუხა კითხვას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით უკრაინიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ მათ კონკრეტული ინფორმაცია უკრაინის მხრიდან არ მიუღიათ.

„უკრაინის სახელმწიფოსგან კონკრეტული ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ჩვენ არ მიგვიღია. ზოგადად იყო ინფორმაცია მოწოდებული, რომ გარკვეული საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა გამოძიება დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა თუ რაიმე მტკიცებულება არის მოპოვებული და ასევე ის, თუ რა ბედი ეწია იმ საქმეს კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, სხვა მტკიცებულებებიც ადასტურებდა იმას, რომ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ამ ერთობლიობით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.