სიტყვებისა და ფასების რებუსი

სიტყვებისა და ფასების რებუსი

საქართველოში ყველაფერი პირიქითაა. როდესაც რომელიმე მინისტრი ან ამა თუ იმ ამქრის ხელმძღვანელი გამოვა და იტყვის, რომ კონკრეტული პროდუქტის გაძვირება მოსალოდნელი არ არის, სწორედ მაშინ ”ხტის” ფასები. როგორც წესი, ასე ხდება საწვავის ფასების მოკლევადიანი პროგნოზის შემთხვევაში. ამჯერად კი ეს მავნე ტრადიცია ფქვილისა და პურპროდუქტების ბიზნესში იკიდებს ფეხს.

მთელი წინა კვირის განმავლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი და მსხვილი იმპორტიორები ფასებისა და მარაგების შეუვალობაზე საუბრობდნენ და შაბათ-კვირას შედეგიც ”დადგა”. თუკი სადმე პური ძველ ფასში იყიდებოდა, ყველგან გაძვირდა. ამჟამად 1 კგ პური 1.60-1.80 ლარი ღირს, რაც ბოლო წლების რეკორდია.

არადა, ხორბლის იმპორტიორი კომპანია ”აგრიკომის” დამფუძნებელი კოკი ოსიპოვი თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ საქართველოში პურისა და პურპროდუქტების გაძვირება უახლოეს ხანებში მოსალოდნელი არ არისო. საქართველოში 100 000 ტონა ხორბლის მარაგი არსებობს, რაც სერიოზული მაჩვენებელია და ქვეყანას დეფიციტის საფრთხე არ ემუქრება, ამიტომაც სანერვეულო არ გვაქვს რაო.

ამავე ნოტაზე უპატაკა პრეზიდენტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა თავისი სათქმელი. თბილისის უმსხვილეს წისქვილკომბინატში პრეზიდენტთან ერთად მისულმა ბაკურ კვეზერელმა ქვეყნის პირველ პირს მარცვლეულის მარაგების შესახებ ანგარიში ჩააბარა და განაცხადა, რომ დღეს საქართველოში 114 ათასი ტონა მარცვლეულის მარაგებია.

ეს, მინისტრის მტკიცებით, ნიშნავს, რომ ახალი მოსავლის დადგომამდე სასურსათო უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. კვეზერელმა აღიარა, რომ გარკვეული რისკები ამ კუთხით შემოდგომაზე არსებობდა, თუმცა ამჟამად ეს პრობლემა მოხსნილია. მისივე თქმით, სამინისტრო ყოველდღიურად აკონტროლებს, რომ რეგიონებში მიწოდება სისტემატიური იყოს და გაძვირება დეფიციტის გამო არ მოხდეს. მინისტრი სურსათის ფასების შემცირებას აპრილის ბოლოდან ელოდება.

ტრადიციულად უფრო ”შორს წავიდა” მიხიელ სააკაშვილი. მისივე თქმით, საქართველო მარცვლეულის მიწოდების რეგიონული ცენტრი უნდა გახდეს, რაც ფასების გაძვირებით მიღებული ზარალისგან დაგვიცავს. მისივე განცხადებით, დღეს წისქვილკომბინატები მხოლოდ საქართველოს ამარაგებენ, რის გამოც მოსახლეობა ფასების ზრდის მსხვერპლია. მას შემდეგ კი, რაც ქვეყანა რეგიონალური მიმწოდებელი გახდება, ფასების ზრდისგან სარგებელსაც მივიღებთ.

პრეზიდენტის განცხადებით, გეოგრაფიული უპირატესობის გათვალისწინებით საქართველოს მთელი კავკასიის და შუა აზიის მომარაგება შეუძლია. ამ ყველაფრისათვის კი ზუსტი სტრატეგიაა საჭირო.
მთელი ამ უაზრო სიტყვების ტყუილუბრალოდ ფრქვევის შედეგად კი ის მივიღეთ, რომ პური 15%-ით გაძვირდა და არც მომავალი ”ნახტომისგან” ვართ დაზღვეული.

საქმე ისაა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიო ბირჟებზე ხორბალი 80%-ით გაძვირდა. საქართველოში აქამდე 1 ტონა ხორბალი 320 დოლარად შემოდიოდა. მარტიდან კი ფოთში მოტანილი ამ მეტად საჭირო მარცვლეულის ღირებულება 400 დოლარს მიაღწევს. გადასახადებისა და ტრანსპროტირების ტარიფების გაანგარიშებით ორიოდ კვირაში 1 ტომარა ფქვილის ფასი 61 ლარს გაუტოლდება (ერთი კვირის წინ ბითუმად 51 ლარი ღირდა), 1 ტონა ფქვილი 1220 ლარს მიაღწევს და ამ ფონზე როგორ ”შენარჩუნდება” ფასები, ალბათ, უკვე ყველასთვის ადვილი მისახვედრია.