ევროკავშირმა დაკარგა ფასეულობების შეგრძნება. საერთაშორისო დონეზე ის არ აღიქმება, როგორც ძლიერი სუბიექტი, - განაცხადა ბუნდესტაგის დეპუტატმა, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა შტეფენ კოტრემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, ევროკავშირი მოქმედებს ორმაგი სტანდარტით და ნაცვლად იმის, რომ მშვიდობის დიპლომატია აწარმოოს, ხელს უწყობს ომის გაჩაღებას. ამასთან, ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მათ შორის საქართველოშიც.
„ჩვენ გვინდა, რომ ევროკავშირი ისევ ძლიერი სუბიექტი გახდეს. უნდა შეიცვალოს. ვხედავთ, რომ მოცემულ მომენტში არის იდეოლოგიური პოლიტიკა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ბევრ რამეს კარნახობს, ზედმეტად ბევრ რამეს. ვხედავთ, რომ ევროპა საერთოდ არ დაპატიჟა შტატებმა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინაში დამთავრდეს ომი. ეს გვიჩვენებს იმას თუ რამდენად უმნიშვნელო გახდა ევროკავშირი საერთაშორისო დონეზე.
ამის მიზეზი საზღვარგარეთ არ არის, მიზეზი სწორედ ევროკავშირშია, რომ მას არ აღიქვამენ სერიოზულად. როდესაც ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობ და როდესაც მშვიდობის დიპლომატიის მაგივრად ხელს უწყობ ომის გაჩაღებას, როდესაც სხვა სახელმწიფოების საქმეებში ერევი, მათ შორის საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში თუნდაც, შესაბამის ქვითარსაც მიიღებ“, - განაცხადა შტეფენ კოტრემ.