დასავლეთში პოლიტიკური წრეების ნაწილი კვლავ ცდილობს ყავლგასული სალომე ზურაბიშვილი კვლავ საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად წარმოაჩინოს. ევროსაბჭომ ჯერ რიგით მე-6 რეზოლუცია მიიღო, სადაც ზურაბიშვილი პრეზიდენტად არის ისევ მოხსენიებული და ამის შემდეგ ის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე მიიწვიეს, სადაც შეხვედრებს მართავს, როცა საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილი არ არის. ამავე კონფერენციაზე იმყოფება ასევე ექს-პრემიერი გიორგი გახარიაც, რომელიც ასევე დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.
ოპოზიციაში ამბობენ, ამ მოქმედების მოტივია, რომ დასავლეთმა „ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად არ ცნოს. ხოლო ზურაბიშვილი დასავლეთისთვის ისევ პრეზიდენტად იყოს მიჩნეული. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტში თუ ევროპის სხვა სტრუქტურებში საქართველოს ხელსიუფლება არაერთხელ არის მოხსენიებული, როგორც ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელსაც რიგი საკითხების შესრულებას სთხოვენ. გამოდის, რომ ამ საკითხზე ევროპაშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. როდემდე შეიძლება ვითარება ამ რეჟიმში გაგრძელდეს და რას მიაღწევს ამით ოპოზიცია და მისი მოკავშირე პოლიტიკური ძალები დასავლეთში?
ზურაბიშვილი დასავლურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ მისი დანიშნულებაა ახლა არსებული პოლიტიკური პარტიების კიდევ უფრო კონსოლიდირება სცადოს, მაგრამ არა მხოლოდ არსებულების, რადგან მიიჩნევს, რომ ქუჩის პროტესტი ახალი პოლიტიკური ძალების წარმოქმნის პროცესშია, რომლებიც ქუჩის მომავალ სტრატეგიას თავადვე განსაზღვრავენ.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რატომაც რეჟიმი ვერაფერს ვერ აკეთებს, არის ის, რომ არ არსებობს ერთი ცალკეული ორგანიზატორი - მათ [რეჟიმის წარმომადგენლებს] გაუხარდებოდათ იმის ნახვა, რომ ქუჩის აქციებს ერთი ან ორი პარტია აწყობდეს, იტყოდნენ, რომ ეს მათი პასუხისმგებლობაა, მათ ციხეში ჩავსვამთ და ასე დასრულდებოდა. ეს [პროტესტი] ძალიან გაფანტულია, მრავალი თავი აქვს, ძალიან არაპროგნოზირებადია, ზოგჯერ ძალიან შემოქმედებითია. პროტესტის ორგანიზატორი არც მე ვარ, მე მხარდამჭერი ვარ - რაც მესმის ამ ხალხისგან არის ის, რომ მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ქუჩაში დარჩნენ, ზოგიერთ მათგანს - ციხეში, თუ ეს ასე არის საჭირო. საგარეო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს მოსახლეობას უნდა, ხედავდნენ, მოუსმინონ და უნდათ, რომ სიმართლე ითქვას“, - თქვა ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი კიდევ ერთი მცდელობაა იმის, რომ საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობა კიდევ ერთხელ დააფიქსირონ. ამით ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ თითქოს ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტია და 26 ოქტომბრის არჩევნები არც ყოფილა. თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან, ადრე თუ გვიან, დასავლეთს მოუწევს იმის აღიარება, რომ „ოცნება“ საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებაა.
„ზურაბიშვილის მიუნხენში ვიზიტი და დასავლური მედიით მისი გაშუქება ემსახურება ერთ მიზანს, რომ მუდმივად ტრიალებდეს ინფორმაცია, თითქოს ის ისევ პრეზიდენტია და დასავლეთში „ოცნებას“ საქართველოს ხელისუფლებად არ მიიჩნევენ. ყველგან უნდა ტრიალებდეს აზრი, რომ თითქოს ეს არის თვითმარქვია ხელისუფლება და ერთადერთი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ზურაბიშვილია. ამ ნარატივის დანერგვა უნდა ჩვენი ოპოზიციის ლობისტებს და მხარდამჭერებს დასავლეთში.
რაც შეეხება რეზოლუციას, რა თქმა უნდა, ამასაც აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ამ რეზოლუციაში ზურაბიშვილი შემთხვევით არ შესულა. ესეც არის კარგად გათვლილი პოლიტიკის ნაწილი. ზურაბიშვილი რაც უფრო ბევრჯერ იქნება ევროპარლამენტარების მიერ რეზოლუციაში ნახსენები და გამოჩნდება დასავლურ პოლიტიკურ ელიტაში, მით უფრო ეცდებიან იმ აზრის გამყარებას, რომ ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, თუმცა მას ქვეყნის შიგნით არა აქვს არანაირი პოლიტიკური მნიშვნელობა და რეიტინგი. ზურაბაშვილი იმდენად ეპატაჟური და არაკომუნიკაბელურია, რომ ის ვერც ოპოზიციის გაერთიანებას შეძლებს და ვერც მათ ლიდერობას. „ამ ხნის განმავლობაში ამ ქალბატონმა ვერც პარტია შექმნა. ის რეიტინგიც გაფლანგა, რაც ჰქონდა და რა მხარდაჭერაც მას „ოცნების“ ამომრჩევლისგან გააჩნდა. ამიტომ ამ ჩვენი უსახური ოპოზიციის ფონზე, ის დასავლეთში უკეთესად გამოიყურება და იყენებენ საკუთარი პოლიტიკური თამაშისთვის, სხვა დანიშნულება ზურაბიშვილს ვერ ექნება და არ მიეცემა.
რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ქუჩაში პროტესტი ხალხის მიერ არის მართული და ის პოლიტიკური პარტიების მიერ არ კონტროლდება, კიდევ ერთი ტყუილი და იმ პიარის ნაწილია, რომლის მიხედვითაც საქართველოში სურთ პროცესები იმგვარად წარმოაჩინონ, თითქოს ხალხი ქუჩაში თვითდინებით გამოდის.
რა თქმა უნდა, ის რაც თბილისში და რუსთაველზე ხდება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, შეიქმნას სურათი დასავლეთისთვის. ე.წ. კარწინკა, რათა შემდეგ ბრიუსელიდან მხარდაჭერა მიიღონ. თუმცა როდემდე გაგრძელდება ეს სიტუაცია ვნახავთ. დიდი ხანი რომ ვერა, ფაქტია, რადგან ამის როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური რესურსი მალე ამოეწურებათ“, - ამბობს მამრაძე.
რა უნდა მოგვცეს ევროპამ? ფული თავისთვის არა აქვთ, თოფი არა აქვთ ... წარსულის კულტურას კი ფონდერლაიენებისა და კუბილიუსების გარეშევ ვღებულობთ