როგორც ჩანს, უკრაინის ომის დასრულება ზელენსკის თავიდან მოშორების სპეცოპერაციით დაიწყება

როგორც ჩანს, უკრაინის ომის დასრულება ზელენსკის თავიდან მოშორების სპეცოპერაციით დაიწყება

აშშ-ს და რუსეთს შორის უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები, შესაძლოა, უკრაინის გარეშე წარიმართოს. ეს აღქმა ანალიტიკოსებს და თავად უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს საათნახევრის განმავლობაში ელაპარაკა. ამის შემდეგ, ტრამპი ზელენსკის ტელეფონით 1 საათი ესაუბრა, რაზეც ზელენსკიმ უკმაყოფილება ღიად გამოხატა და თქვა, რომ უკრაინის გარეშე სამშვიდობო შეთანხმება გამორიცხულია.

ტრამპი, როგორც ჩანს, მოქმედებაზე გადავიდა და პუტინთან საუბრის შემდეგ აღნიშნა, რომ რუსეთს მშვიდობა და ომის დასრულება სურს. პრეზიდენტები შეთანხმდნენ პირისპირ საუბარზეც. პირველი შეხვედრის ადგილად საუდის არაბეთი შეარჩიეს, სადაც მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ ტრამპი და პუტინი მიუსხდებიან. როდის ჩაერთვება მოლაპარაკებებში ვოლოდიმირ ზელენსკი ჯერ უცნობია.

კრემლმა დაადასტურა ვლადიმერ პუტინის მზაობა სამხედრო კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასრულებასთან დაკავშირებით. კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა ისიც, რომ პუტინმა ამერიკელი კოლეგა მოსკოვში დაპატიჟა.

ტრამპმა არ უპასუხა კითხვას, მიიჩნევს თუ არა უკრაინას თანასწორ წევრად მოსკოვსა და კიევს შორის ომის დასრულების ძალისხმევაში. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს - „ეს საინტერესო კითხვაა“, - უპასუხა ტრამპმა კითხვაზე და დასძინა: „ვფიქრობ, მათ სამშვიდობო შეთანხმება უნდა გააფორმონ. მათი ხალხი იღუპება და ვფიქრობ, რომ მათ სამშვიდობო შეთანხმება უნდა გააფორმონ“.

მოლაპარაკებების ფარგლებში ტერიტორიის დათმობის პერსპექტივის შესახებ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ „უნდა გააკეთოს ის, რაც უნდა გააკეთოს“.

ამასთანავე, ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„რაღაც მომენტში თქვენ მოგიწევთ არჩევნების ჩატარება...

ზელენსკის რეიტინგი, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე კარგია“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში.

ტრამპის გეგმის მიხედვით, საბოლოოდ მოლაპარაკების მაგიდასთან პუტინი, ზელენსკი და თავად ტრამპი უნდა დასხდნენ.

იდეა არ მოსწონთ ასევე ევროპელ ლიდერებსაც, რომლებიც თავს თამაშგარე მდგომარეობაში ხედავენ. ამტკიცებენ, რომ ევროპამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს და ვოლოდიმირ ზელენსკის რჩევებს აძლევენ.

ევროპელ ლიდერებს უნგრეთის პრემიერმა უპასუხა. ვიქტორ ორბანის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილს ვერავინ მოითხოვს, ის უნდა მოიპოვონ.

ამერიკის თავდაცვის მდივანმმა კი უკრაინის ომის დასრულების გეგმა წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა 2014 წლამდე არსებული საზღვრების ფარგლებში არარეალურია. პიტ ჰეგსეთის თქმით, ამ ილუზიური მიზნისკენ სწრაფვა ომს მხოლოდ ახანგრძლივებს. პენტაგონის ხელმძღვანელმა არარეალური უწოდა უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასაც. ამ მოსაზრებას ტრამპიც დაეთანხმა. ახლა ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია, რა პირობებით და როდის მოახერხებს ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებას ომის დასასრულებლად.

ზელენსკი უკმაყოფილოა, რომ ტრამპმა პუტინს მანამ დაურეკა, სანამ მასთან ისაუბრებდა, რადგან ტრამპს მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ორივე პრეზიდენტთან ერთად სურდა  საუბარი. ახლა კი, ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ არ აღიარებს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელსაც რუსეთი და აშშ მიაღწევენ უკრაინის მონაწილეობის გარეშე.

კონფლქიტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ფაქტია, ზელენსკის ზურგს უკან გარკვეული მოლაპარაკება მიდის და ომის დასრულების კონტურებიც იხაზება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინას ფაქტის წინაშე დააყენებენ, რის შედეგადაც ის იძულებული გახდება დათმობაზე წავიდეს. თუმცა ის არ გამორიცხავს სცენარსაც, რომ ეს მოლაპარაკებები ზელენსკის შემცვლელთან წარიმართოს.

„ტრამპა დანაპირები, რომელიც არჩევნების წინ დადო, უნდა შეასრულოს. სამწუხაროდ, რთული სიტუაციაა ფრონტის ხაზზეც და უკრაინა ახლა არ იმყოფება იდიალურ მდგომარეობაში. ეს პუტინმა ძალიან კარგად იცის, ამიტომ ის მაქსიმალურის მიღებას შეეცდება. უკვე ვნახეთ აშშ-ს თავდაცვის მინისტრის განცხადება, რომ გამორიცხულია უკრაინა 2014 წლის არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ფაქტია რომ აქ საუბარი ცეცხლის შეწყვეტასა და ომის გაყინვაზეა. თუმცა ეს რას მოუტანს უკრაინას გარანტიების გარეშე, ძალიან რთული სათქმელია.

კიევმა ამერიკისგან იმის გარანტიები თუ არ მიიღო, რომ იქ ჩადგება სამშვიდო კონტიგენტი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას უზრუნველყოფს და უკრაინის უსაფრთხოებას დაიცავს, მაშინ ეს ძალიან მძიმე იქნება უკრაინისთვის. არ ვიცი, იმედი მინდა დავიტოვო, რომ ტრამპი არ წავა დათმობაზე და ასე ხელაღებით რუსეთს უკრაინის ნახევარს არ დაუთმობს. თუმცა უკრაინაც ძალიან მძიმე მგდომარეობაშია. საუბარი უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე სულ უფრო ხშირად გვესმის და ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლოა, ზელენსკის შემცვლელზე მიდის საუბარი. ზელენსკის ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს და ამიტომ მისი სიხისტე, როგორც ჩანს, მოლაპარაკებებში არ არის მისაღები. ამიტომ არც იმას გამოვრიცახვ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ აღარ იჯდეს“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ყინული დაიძრა და ახლა საკითხავია რამდენად შეძლებს ტრამპი „მათრახის და თაფლაკვერის“ პრინციპით მოქმედებას. ალადაშვილი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ ტრამპმა პუტინი და ზელენსკი ჯერ მოლაპარაკების მაგიდასთან „მიიტყუოს“ და შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის დოკუმენტზე მათგან ხელმოწერები მიიღოს.

„არსებობს უკვე იმის კონტურები, რა შეიძლება აშშ-მ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის პირობებად შესთავაზოს. უკრაინელებისთვის ძალზე მძიმე იქნება იმაზე დათანხმება, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ რუსეთს, ფაქტობრივად, დარჩება მანამდე ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20%. თუმცა უკრაინას თავს ზემოთ ძალა არა აქვს და დათანხმება მოუწევს, ისევე როგორც ეს საქართველომ გააკეთა. რაც შეეხება კურსკის ოლქს და მის გარშემო ვაჭრობას, ზელენსკის უნდა, რომ ის ძვირად გაყიდოს, მაგრამ რამდენად გამოუვა ეს, ვნახოთ - ადრე თუ გვიან, მისი დატოვება მოუწევთ.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იმ დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც უკრაინის მხარეს დარჩება, ევროპელი „ცისფერჩაფხუტიანების“ განთავსება არ არის გამორიცხული, თუმცა ესეც, ტექნიკურად, ასეთი მარტივი მისაღწევი არ მგონია იყოს.

ნატოსა და ევროკავშირის რიგი ქვეყნები აცხადებენ, რომ არ გაუშვებენ თავიანთ სამხედროებს უკრაინაში სამშვიდობო მისიისთვის. ამასთან, 1 200 კმ-ზე მეტი სიგრძის ფრონტის ხაზის გასწვრივ ასი ათასზე მეტი „ცისფერჩაფხუტიანის“ ჩაყენება იქნებოდა საჭირო, მაგრამ სამშვიდობო ძალების ამხელა კონტინგენტის შეგროვება მარტო ევროპულ ქვეყნებში წარმოუდგენელია, მაშინაც კი, თუკი ყველა ევროპული ქვეყანა დათანხმდებოდა“, - ამბობს ალადაშვილი.

მისივე თქმით, რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, პუტინი, ალბათ, მოითხოვს, რომ რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის საერთაშორისო სანქციების ეტაპობრივად მოხსნა მოხდეს.

„მგონია, რომ სწორედ ეს საკითხი გახდება უმთავრესი კრემლისთვის, რადგან პუტინი მოლაპარაკების დაწყებისთანავე უსათუოდ მოითხოვს რუსეთისთვის ყველა საერთაშორისო ეკონომიკური სანქციის დაუყოვნებლივ მოხსნას. დაველოდოთ, სამწუხაროდ, არც ისაა გამორიცხული, რომ არჩევნები ვიხილოთ და ზელენსკი, რომელსაც საკამოდ დაბალი რეიტინგი აქვს უკვე და ეს განსკუთრებით სწორედ შეიარაღებულ ძალებში შეიმჩნევა, დიდი ალბათობით, თუ არჩევნები დაინიშნა, პრეზიდენტი ვეღარ გახდება“,-ამბობს ალადაშვილი.

 

მარბიელი როდესაც საჩოთირო ადგილის სიახლოვეს რაიმე სახის ქირურგული ჩარევაა საჭირო, საქმეს ბოქვენზე არსებული თმის (ამ შემთხვევაში ზელენსკის) გაპარსვით იწყებენ
3 კვირის უკან