„ფორმულა“ ბოლო დღეებს ითვლის - კეზერაშვილმა წილიც დათმო და უარს ამბობს არხის დაფინანსებაზე

„ფორმულა“ ბოლო დღეებს ითვლის - კეზერაშვილმა წილიც დათმო და უარს ამბობს არხის დაფინანსებაზე

ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ 26%-ის მფლობელი დავით კეზერაშვილი კომპანიაში საკუთარ წილებს თმობს. ამის შესახებ მან განაცხადი საჯარო რეესტრში 7 თებერვალს შეიტანა. რეესტრის დოკუმენტის მიხედვით, დავით კეზერაშვილი მზად არის, არხზე საკუთარი წილი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, დაუთმოს ტელეკომპანიის მოქმედ დირექტორს და 12,5%-იანი წილის მფლობელ ზურაბ გუმბარიძეს. განაცხადი რეესტრში კეზერაშვილის თანხმობის საფუძველზე სწორედ გუმბარიძემ შეიტანა, თუმცა საქმის წარმოება შეწყდა, რადგან სახელმწიფო უწყებამ მიიჩნია, რომ დოკუმენტები არ იყო „კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული“. ამიტომ რეესტრმა „ფორმულას“ მეწილეებს ხარვეზის გამოსასწორებლად 30-დღიანი ვადა მისცა.

ტელეარხში სიტუაცია საკამოდ მძიმეა და 2025 წლის იანვრიდან ფორმატი შეიცვალა. For.ge-ს რამდენიმე წყარომ უთხრა, რომ დავით კეზერაშვილი, რომელიც დაფუძნების დღიდან აფინანსებდა არხს, უარს ამბობს ინვესტირების გაგრძელებაზე. ამიტომ რამდენიმე კვირის წინ ოპერატორებმა და მემონტაჟეებმა, ტელეკომპანიაში გაფიცვა გამოაცხადეს. შემდეგ მათ დაჰპირდნენ, რომ არსებულ სახელფასო დავალიანებას გადაუხდიდნენ. როგორც არხზე მომუშავე თანამშრომლები ყვებიან, მათ რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანება აქვთ.

ბევრმა ჟურნალისტმა, პროდუსერმა და ოპერატორებმა ტელეკომპანია უკვე დატოვა, ხოლო არხზე დარჩენილმა თანამშრომლებმა ამ დრომდე არ იციან რა იქნება არხის რეორგანიზაციის შემდეგ. ფაქტი ერთია, რომ კეზერაშვილი უარს ამბობს ტელევიზიაზეც და მის დაფინანსებაზეც. ამიტომ არხის თანამშრომლებისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, რა ფორმატით და სახსრებით მოხდება არხის მაუწყებლობის გაგრძელება.

2024 წლის 9 დეკემბერს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ დასრულდა BBC-სთან სასამართლო დავა, რის შემდეგაც ბრიტანულმა მედიასაშუალებამ თავისი პლატფორმებიდან წაშალა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც კეზერაშვილს „ქოლცენტრების სქემასთან“ აკავშირებდა. მისი თქმით, სწორედ ამ სკანდალის გამო გადაწყვიტა არხზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის წილის გადაცემა, რომ არხისთვის მეტი დამოუკიდებლობის ელფერი მიეცა. არსებობს ლოგიკური ეჭვები, რომ კეზერაშვილმა ტელეკომპანია BBC-ს ფული გაუდაუხადა, ან დასავლეთში მფარველების მეშვეობით მან ეს პრობლემა ტელეკომპანიასთან მოაგვარა. არადა ბრიტანელი ჟურნალისტები ყვებოდნენ, როგორ აღმოაჩინეს კვალი იმ საერთაშორისო თაღლითური ჯგუფებისა, რომლებიც ევროპელი პენსიონერების დანაზოგებს ითვისებდნენ და კვალი „ბატონ ოფშორთან“, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან მიდიოდა.

ტელეკომპანია „ფორმულა“ მიშა მშვილდაძემ, ირაკლი საღინაძემ, გიორგი ლიფონავამ და ზუკა გუმბარიძემ 2019 წლის ივლისში დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში. იმავე წლის 3 სექტემბრიდან არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნოდა დავით კეზერაშვილს. 2023 წლის აგვისტოში საჯარო რეესტრმა მას დაუკმაყოფილა მოთხოვნა და კუთვნილი 51%-იანი წილიდან 25% გადაეცა თანამშრომელთა გაერთიანებას - ააიპ „თავისუფლების ფორმულას“. ახლა კი ის ამ წილის შესახებ საერთოდ უარს აცხადებს.

გაურკვეველია ასევე კიდევ ერთი ოპოზიციური მედიის „მთავარი არხის“ ბედი. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით, თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ეტაპობრივად ხურავს არხს და „მთავარი არხი“ უკვე გაითიშა ყველა მომხმარებლისთვის, ვინც სიგნალს საქართველოს რეგიონებში ან საზღვარგარეთ სატელიტის საშუალებით იღებდა.

თავად ოქუაშვილი კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ ტელეკოპმანია გაძარცვეს, მას ფულის გათეთრებისთვის იყენებდნენ, რის გამოც ის იძულებული გახდა ტელეკომპანიის დირექტორად საკუთარი წარმომადგენელი დაენიშნა.

მედია პოლიტიკის ექსპერტი გიორგი ახვლედიანი for.ge-სთან ამბობს, რომ პრესცენტრებად ქცეულ ოპოზიციურ მედიებში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია და, როგორც ჩანს, მათმა მეპატრონეებმა გადაწყვიტეს ეს ტყუილის და ფეიკების კანტორა თავიდან მოიშორონ.

„მეც მაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ტელეკომპანიების დახურვა მოხდება. თანამშრომლებიც გააფრთხილეს უკვე, რომ „ფორმულა“ ბოლო თვეებს და დღეებს ითვლის. პრაქტიკულად, თავის ფინანსურ ვალდებულებების შესრულებაზე დავით კეზერაშვილი უარს ამბობს. ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს, რადგან ამ დეზინფორმაციის მატარებელმა ტელეკომპანიებმა „ფორმულამ“, „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ ვერანაირი გავლენა და შედეგი ვერ გამოიღო იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში გადატრიალებას და რევოლუციებს ემსახურებოდა. იმ დაფინანსებამ და ფულმა, რომელიც ამ მედიებში ჩაიდო, ვერ გამოიღო ის შედეგი, რაც საბოლოო ჯამში, პოლიტიკური თვალსაზრისით, უნდა დამდგარიყო. ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დაღმასვლით წავიდა. რადიკალები ელექტორალურად გაკოტრდნენ, დაკარგეს მხარდამჭერები და ისინი მოსახლეობის კი არა, საკუთარი ამომრჩევლის გარეთ გამოყვანასც ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული ფინანსური პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, რაც ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ „იუესაიდი“ ისტორიულ სანაგვეზე მოისროლა. სავარაუდოდ, იგივე მოხდება სოროსის ფონდებთან მიმართებაშიც. შესაბამისად, ეს ყველაფერი უკვე იმ რეალობას ქმნის, რომ თავად ეს რადიკალური ფლანგი და მათი დამფინანსებლები ეგუებიან მოსაზრებას, რომ არანაირი რევოლუციური შესაძლებლობა აღარ აქვთ.

ამიტომ სრულიად არასაჭირო ტელეკომპანიის შენახვა, რომელიც ძალიან სერიოზულ ფინანსურ ხარჯს მოითხოვს, კეზერაშვილს არაფერში აღარ სჭირდება. ტელეკომპანიების შენახვას რამდენიმე მილიონი სჭირდება. ეს ყველაფერი კი უკვე ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის აზრს კარგავს. სწორედ ეს არის მისი გადაწყვეტილების მიზეზიც. ის რა ჩანაფიქრიც ჰქონდა, რომ ამ მედიების მეშვეობით ქვეყნის გადატრიალება მომხდარიყო, არ გამოუვიდა, ამიტომ ახლა მასში ფულის ხარჯვაც აღარ აწყობს“, - ამბობს ახვლედიანი.

მისივე თქმით, იგივე პროცესები განხორციელდება სხვა ოპოზიციური მედიების მიმართაც. ახველდიანი ფიქრობს, რომ დონორები, დიდი ალბათობით, ამ ფინანსური კრიზისის ფონზე ერთი ტელევიზიის როგორმე შენახვაზე შეთანხმდებიან.

„ამ ტელევიზიების ტყუილს და ფეიკ ნიუსებს საზოგადოებაზე მოქმედების უნარიც აღარ გააჩნია. ამ ტექნოლოგიურ სამყაროში, სადაც არაერთი სოციალური მედია არსებობს, ეს ტელეკომპანიები მოსახლეობას ვეღარ ატყუებენ. წარმოიდგინეთ, იგონებენ რაღაცა არარეალურ ამბავს, რომლის გარშემოც შემდეგ თავადვე მსჯელობენ, თავიანთ ექსპერტებს იწვევენ და ამაზე კომენტარებს აკეთებინებენ. ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო“,-ამბობს გიორგი ახვლედიანი.