დიდი აღებმიცემობა ტრამპის კარზე - უილსონის კომერციის ქართველი მსხვერპლები

დიდი აღებმიცემობა ტრამპის კარზე - უილსონის კომერციის ქართველი მსხვერპლები

ირკვევა, რომ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მთლად უანგაროდ არ მიუწვევია ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და, ალბათ, იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობიდან ინაუგურაციაზე არავინ დაპატიჟა, ზურაბიშვილთან სარფიანადაც ივაჭრებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო უილსონი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა. იგი ბილეთებს საკუთარი ოფიციალური საიტის მეშვეობით ყიდდა. ბილეთის შესაძენად მომხმარებელი საიტზე მითითებულ ცალკე ბმულზე შედიოდა, ავსებდა სპეციალურ კითხვარს, რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისა და თანხის გადახდის შემდეგ ბილეთის მფლობელი ხდებოდა. გარდა ამისა, უილსონის ვებ-გვერდი ამერიკის დროშებითაც ვაჭრობდა.

საქართველოში ფიქრობენ, რომ ჯო უილსონმა ჰელსინკის იდეალებს უღალატა. კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას თქმით, უილსონიც ვაჭარი ყოფილა, ყიდის ყველაფერს - ბილეთებს, დროშებს, აშშ-ის კონგრესმენის ღირსებას, პოლიტიკურ გავლენას, ჰელსინკის იდეალებს, ყველაზე სარგებლიანად კი ყიდის ქვეყნის ინტერესებს. მეც არ ვიფიქრე, ასე რატომ შეუხმატკბილდნენ ერთმანეთს უილსონი, ხაზარაძე და შალიკო!- ასკვნის გოგა ხაინდრავა.

რადგან ჯო უილსონს ისე გაუჭირდა, რომ სენატორის ხელფასი აღარ ყოფნის და ლამის ყველაფერს ყიდის, გასაკვირი არ არის, რატომ გამოიცა მისი ავტორობით საქართველოს MEGOBARI ACT-ი, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე. ასევე, რატომ ერეოდა აქტიურად ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და რატომ ავრცელებდა, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმური იყო.

ზოგადად, ჯო უილსონს ჰელსინკის იდეალების შესახებ, ალბათ, არაფერი გაუგონია. არც ის ეცოდინება, რომ თავის დროზე საქართველოს ჰელსინკის კავშირის თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო, რომელიც ჰელსინკის პრინციპების დაცვას ცდილობდა და ჰელსინკის ჯგუფების პატიმრობაში მყოფ სხვა წევრებთან ერთად ზვიად გამსახურდიაც წარდგენილი იყო ნობელის მშვიდობის პრემიაზე.

საქართველოში ჰელსინკის კავშირი 1976 წელს შეიქმნა. ეს ის პერიოდია, როდესაც პარალელურად საბჭოთა კავშირში იქმნება ჰელსინკის ჯგუფები. ჰელსინკის კავშირის წევრებმა რეპრესიები გამოიარეს, მაგრამ არ შეუწყვეტიათ ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის, ერთა დამოუკიდებლობისთვის, რასაც ჰელსინკში, ფინეთში 1975 წელს ხელმოწერილი დეკლარაცია ითვალისწინებდა, რომელსაც 35-მა სახელმწიფომ მოაწერა ხელი, მათ შორის, ევროპამ, კანადამ, ამერიკამ, საბჭოთა კავშირმა. ჰელსინკის მაშინდელი დეკალოგი 10 პუნქტს შეიცავდა - სახელმწიფოების მთლიანობა, საშინაო საქმეებში ჩაურევლობა, ადამიანის უფლებები, სიტყვის, სინდისის, გადაადგილების თავისუფლება, რასაც მალე დისიდენტური მოძრაობების გააქტიურება მოჰყვა ჩეხოსლოვაკიიდან საქართველომდე.

დღეს კი ჯო უილსონი ჰელსინკის ავტორიტეტს შეურაცხყოფს.

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ჯო უილსონმა მადამ მავნებელს, ალბათ, კარგი ფასი გადაახდევინა ტრამპის ინაუგურაციის ბილეთში, მაგრამ ხაზარაძე, მგონი დასაჯა.

იმ გიჟს, ვაშაძეს, მგონი, საერთოდ, კალათბურთის ბილეთი მიჰყიდა. მგონია, რომ ვაშაძემ უნდა უჩივლოს მას, რადგან კალათბურთის თამაშზე მიიწვია და იქიდან ერთვებოდა დაღვრემილი სახით. აღმოჩნდა, რომ დროშებსაც ყიდის. ეს არის თქვენი ავტორიტეტული რესპონდენტი, - ამბობს ირაკლი ზარქუა და იხსენებს კიზინგერს, რომელიც მორალს გვიკითხავდა, ახლა კი საერთოდ გააგდეს და მტირალა უწოდა ახალმა პრეზიდენტმა. ზარქუას თქმით, ასევე, ჩვენს წინააღმდეგ აამხედრეს სენატორი მენდესი, რომელიც ამერიკულმა სასამართლომ დაიჭირა ღალატის, მექრთამეობის, კორუფციისთვის.

ხალხის ძალის წევრი დავით ქართველიშვილი სენატორ ჯო უილსონის მხილებას ეხმაურება და მის ქმედებას სენატორ ბობ მენენდესის თაღლითობას ადარებს, რის გამოც სენატორს 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საბოლოოდ კი ქართველიშვილი ასკვნის, რომ სააკაშვილის და მისი პატრონების გზები ნელ-ნელა გადაკვეთის კიდევ ერთ წერტილს უახლოვება - ამჯერად გისოსებს მიღმა.

რამდენად უღირდათ საქართველოდან წარგზავნილ ოპოზიციონრებს ჯო უილსონის საიტზე ნავაჭრი ბილეთით დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრება?!

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ჰელსინკის კომიტეტში რა პროცესებიც მიმდინარეობდა, ჩვენ ვერ ვხედავდით. უბრალოდ, რასაც ჰელსინკის კომიტეტი აკეთებდა, ნამდვილად გვაწყობდა და გულს უხაროდა საბჭოთა კავშირის შევიწროება ამ კომიტეტის მხრიდან. თუმცა თვითონ ეს კომიტეტი თავისი სულისკვეთებით მოქმედებდა, თუ მაშინაც პოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო, დღესაც უცნობია. რაც შეეხება ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონს, რამაზ საყვარელიძის აზრით, საქართველოსთან მიმართებით ამ ადამიანის მოღვაწეობაზე სერიოზული დამოკიდებულება უკვე ჩაქრა. ჯო უილსონის პირველ გამოჩენაზე იყო რეაქცია და მერე უკვე ყოველდღე რომ ერთსა და იმავეს ამბობდა, ყველას მობეზრდა. თანაც, ბოლო ხანებში მიამატა, რომ რუსეთისკენ კი აღარ მიგვათრევს ივანიშვილი, არამედ უკვე ირანისკენ მიგვათრევს. ანუ ივანიშვილი დაგვათრევს მთელ მსოფლიოში.

კომიკური ფიგურა გახდა უილსონი. ცნობილია, რომ მისი განცხადებებიც ფასიანია და თითოეულ განცხადებაში კონკრეტული გასამრჯელო აქვს. საეჭვოა, ივანიშვილზე ფიქრობდეს 24 საათი, ლაპარაკით კი ნამდვილად ლაპარაკობს მასზე მთელი 24 საათის განმავლობაში. რაც შეეხება ინაუგურაციაზე ბილეთების გაყიდვას მისი მხრიდან, აქ მარტო ჯო უილსონის საქციელი არ არის სამარცხვინო, არამედ ზურაბიშვილის საქციელია სამარცხვინო. რას ნიშნავს, ინაუგურაციაზე მიგიწვიეს. სინამდვილეში, მიგიწვიეს კი არა, დაუპატიჟებლად მიდიხარ, დაუპატიჟებლად ქეიფში არ მიდის ადამიანი, არათუ ტრამპის ინაუგურაციაზე. ბილეთებს რომ ყიდიან და შენ ყიდულობ, ე.ი. თეატრში მიდიხარ და არა ინაუგურაციაზე, ანუ მაყურებელთა დარბაზში უნდა იჯდე და არა სცენაზე. პოლიტიკაში რა აქვს საამაყო იმ ადამიანს, რომელიც სცენაზე კი არ მიდის, არამედ მაყურებელთა დარბაზში. ასევე, გაუგებარია ჩვენი პოლიტიკოსების საქციელი, რომლებიც დარბაზში კი არ მიიწვიეს, ქუჩაში იყვნენ. ან მათ რა ჰქონდათ საამაყო, ან რა საჭიროა ამით ტრაბახი, რომ რომელიღაც პრეზენტაციაზე მიგიწვიეს, ინფანტილური დამოკიდებულებაა. ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ახალგაზრდებს რომ აქვთ, გასაგებია, ისინი მაინც ახალგაზრდები არიან და, სხვა თუ არაფერი, ეხალისებათ პერფორმანსებით ცხოვრება, ზურაბიშვილი კი ასაკიანი, 75 წელს მიღწეული, ამხელა ბიოგრაფიის მქონე ქალია და პატარა ბავშვივით რომ იქცევა, გულდასაწყვეტია, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბარში.

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ, თავისთავად, უკვე საეჭვო იყო ის ფაქტი, რომ ვადაგასული ყოფილი პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოდან მიიწვია ჯო უილსონმა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ უილსონი ვაჭრობდა და გამოძიება მიმდინარეობს ფართო მასშტაბით, უკვე სხვა მასალებიც ამოტივტივდება და ცნობილი გახდება, ვინ რას ემსახურებოდა ამერიკის სახელით - ამერიკას ემსახურებოდნენ, თუ კერძო ჯგუფების ინტერესებს.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია ამერიკაში დაწყებული. იმედი მაქვს, საქმეები ბოლომდე მივა. ჰელსინკის კომისიას სწორედ ასეთი ჯო უილსონები უტეხენ სახელს. რა უფლება ჰქონდა ჰელსინკის კომისიას ასეთი საქმიანობისთვის? მის მანდატში შედიოდა ეს საქმე? ცხადია, არ შედიოდა. როდესაც მანდატის გარეშე ასეთ დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევი, ცხადია, გამოსაძიებელია. ასევე, გამოსაცვლელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი. ეს საქმე ზედაპირზე დევს, მაგრამ რაც ზედაპირზე არ დევს, ის საქმეებიც გამოსაძიებელია, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.

ლაზი ეს უოლსონი უკვე აღარ ყოფილა თავმჯდომარე იხ. ბმული მაგრამ ახალიც იგივე ტალღაზეა. ეტყობა, ეს, ერთ დროს ავტორიტეტული ორგანიზაცია (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასე მიიჩნეოდა), უოლსონისნაირების კანტორდაა ქცეული.
1 საათის უკან