აშშ-ს და ევროპას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ომი დაიწყო. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. ფარული ომი სამხედრო თვალსაზრისითაც გაგრძელდეს და დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს ნატოში თავდაცვის გაძლიერების კუთხით უფრო მეტი გადასახადი მოსთხოვოს. ამასთან დაკავშირებით ტრამპის პოზიცია უკვე ცნობილია.
ტრამპი კი ევროპასთან ტარიფების გაზრდის კუთხით უკვე მოქმედებაზე გადავიდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე 25%-იანი ტარიფი დააწესა და ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. როგორც თავად პრეზიდენტი ამბობს, განკარგულება შეეხება ყველა ქვეყანას, მათ შორის მექსიკას და კანადას. ამასთან, ტრამპი არ გამორიცხავს, რომ ავსტრალიის შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს გადაწყვეტილება, რადგან მათ დადებითი სალდო აქვთ ვაჭრობის. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ სხვა ქვეყნები ამერიკას ტარიფების დაწესების შემთხვევაში საპასუხო ზომებით ემუქრებიან, ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს არ ადარდებს“. დონალდ ტრამპის განკარგულება ძალაში 4 მარტიდან შევა.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ დაწესებული გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება.
„ევროკავშირის წინააღმდეგ გაუმართლებელი ტარიფები უპასუხოდ არ დარჩება. ისინი გამოიწვევს მტკიცე და პროპორციულ კონტრზომებს. ევროკავშირი იმოქმედებს თავისი ეკონომიკური ინტერესების დასაცავად. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს“, - ამბობს ლაიენი.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი კი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ ევროკავშირის საქონელზე ტარიფების დაწესებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თავად ამერიკულ ეკონომიკას და გამოიწვიოს ინფლაციის ზრდა.
საფრანგეთის ლიდერი ვაშინგტონს „სავაჭრო ომის“ ნაცვლად ურჩევს, კონცენტრირდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩინეთთან დაპირისპირება, ახლო აღმოსავლეთის კრიზისი და უკრაინაში მიმდინარე ომი.
„ევროპა თქვენი მოკავშირეა და თუ გსურთ, რომ ის მეტად იყოს ჩართული ინვესტიციებსა და თავდაცვის საკითხებში, თუ ელით მის განვითარებას, რაც, ჩემი აზრით, აშშ-ის ინტერესებში შედის, მაშინ ნუ ავნებთ ევროპულ ეკონომიკას, ნუ დაემუქრებით მას ტარიფებით“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი კი აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს და ტრამპს მოუწოდებს გამოაქვეყნოს დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ ანაწილებდნენ ამერიკული სამთავრობო უწყებები თანხებს ბოლო წლებში.
ორბანის თქმით, ლიბერალურმა გლობალურმა ელიტამ გამოიყენა აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფული მთელ მსოფლიოში თავისი ფინანსური და იდეოლოგიური მიზნების მისაღწევად, დახმარების საფარქვეშ, მაგრამ სინამდვილეში, როგორც პოლიტიკური გავლენის იარაღი.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ თანხები როგორც სოროსის მიერ მხარდაჭერილი ფონდებიდან, ასევე ამერიკის მთავრობის ბიუჯეტიდან მიემართებოდა მიგრაციის წახალისების, ოჯახის საწინააღმდეგო პოლიტიკისა და გენდერული იდეოლოგიის მხარდასაჭერად - ყოველივე ამას ჰქონდა მკაფიო პოლიტიკური მიზანი.
ტარიფები არის ეკონომიკური ომის ერთ ერთი ინსტრუმენტი - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში“. სახელისუფლებო პარტიაში მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაბეგროს იმპორტირებული ფოლადი და ალუმინი, არის მხოლოდ დასაწყისი და ევროპასთან პოლიტიკა მომდევნო რამდენიმე თვეში უფრო მეტად გამოიკვეთება.
„აანონსებდა ამ გადაწყვეტილებას, რადგან ის, პირველ რიგში, თავისი ქვეყნის ინტერესებს უყურებს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფალი მოიქცევა ისე, როგორც ბატონი ტრამპი იქცევა. ასე რომ, დავაკვირდეთ როგორი შედეგები იქნება. ფაქტია, რომ ძალიან სერიოზული პროცესები დაიწყო“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.
„ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკავშირი ფონ დერ ლაიენის თამადობით ჯიუტად არ იმჩენვს, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ტრამპია და ბაიდენის პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა.
„როგორც ჩვენი ე.წ. ოპოზიცია არ იმჩნევს, რომ ქვეყანას საერთოდ სხვა პრეზიდენტი ჰყავს და სხვა პოლიტიკურ რელობაში იმყოფებიან, ასეა ზუსტად ევროკავშირი. ისინი ჯიუტად არ იმჩნევენ, რომ 20 იანვრიდან საერთოდ მსოფლიო პოლიტიკა იცვლება. აშშ-ს პრეზიდენტი აღარ არის ჯო ბაიდენი და ახალი პოლიტიკური რეალობაა შექმნილი. ევროპაში ძალიან ბევრი ლიდერი მიხვდა, რომ სრულიად სხვა დღის წესრიგია მთელს მსოლფიოში შექმნილი. ჩვენ ვნახეთ სლოვაკეთის პრემიერის, ფიცოს მიმართვა, რომელიც მასკს და ტრამპს სთხოვს მიაწოდონ დაწვრილებითი ინფორმაცია „იუესაიდის“ ხაზით სლოვაკეთში დესტრუქციისთვის, მათ შორის მისი ლიკვიდაციისთვის რა სახის თანხებია შესული. ჩვენ ვხედავთ ასევე, რომ ტრადიციონალისტების და კონსერვატორების ზეწოლას რუმინეთის პრემიერმა ვერ გაუძლო, რომელიც პოლიტიკური კრიზისის ფონზე გადადგა.
ეს კრიზისი გამოწვეულია იმ ჯანსაღი კონსერვატიული პარტიების მიდგომით, რომლებიც ურსულა ფონ დერ ლაიენისგან განსხვავებით, ხვდებიან, რომ მსოფლიო იცვლება. ამიტომ ეს სიტუაცია ინერციით კიდევ გაგრძელდება და ველი, რომ ტრამპი ევროპასთან დაკავშირებით კიდევ უფრო ხისტი გახდება. წელს ბევრ ევროპულ ქვეყანაში ძალიან საინტერესო არჩევნებია და ევროკავშირში ბევრი ცვლილება იქნება“, - ამბობს ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენი დიდი ხანი ვეღარ გაუძლებს ამ მდგომარეობას, რომ არ შეიმჩნიოს და ვეღარ დაინახოს ის დღის წესრიგი, რომელსაც დონალდ ტრამპი ევროკავშირს შესთავაზებს, თუკი ევროკავშირს გადარჩენა უნდა.
„იგივე ხისტი პოზიცია ექნება ტრამპს ევროკავშირში განლაგებულ ნატოს კონტიგენთან დაკავშირებით. ამიტომ ევროპის ქვეყნებს საკუთარ თავდაცვაზე და ეკონომიკაზე ზრუნვა თავადვე მოუწევთ. აშშ აღარ აპირებს როტაციაზე აიყვანოს ეს ბიუროკრატიული მანქანა. ამერიკა, უბრალოდ, აღარ შეიტანს თავის წილ თანხას ამ ორგანიზაციის არსებობისთვის და მათთან იურდიულ ვალდებულებებს შეწყვეტს. ამიტომ დონალდ ტრამპს და მის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, ამ დრომდე ბრიუსელის ჩინოვნიკებთან არ დაურეკავთ. როგორც ისინი ცდილობენ, რომ ტრამპი არ შეიმჩნიონ, ისიც ანალოგიურად მათ იგნორს ახდენს, რადგან
მოძველებულ და დრომოჭმულ ევრობიუროკრატიასთან თანამშრომლობას არ აპირებს და ევროპაში რეკავს იმ ლიდერებთან, ვისაც მის მომხრეებად და მისი პოლიტიკის გამზიარებლად მიიჩნევს. ზოგს თავის რეზიდენციაში ხვდება, ზოგსაც სახელმწიფო მინისტრს ახვედრებს. ტრამპს არაერთხელ აქვს გაცხადებული, რომ ევროკავშირში მისი მთავარი მოკავშირე უნგრეთი და პრემიერი ორბანია. ამიტომ ტრამპი არ აპირებს ბრიუსელელ ჩინოვნიკებს საკუთარი პოლიტიკის გატარებისთვის ფული მისცეს და არც ამერიკის ხარჯზე ფულის გაკეთების საშუალებას აღარ მისცემს. ეს პოლიტიკა კიდევ უფრო მკვეთრი და ხისტი გახდება. ბოლოს კი ეს ლიბერალი ფაშისტები იძულებულები გახდებიან, რომ ევროპა გაათავისუფლონ“, - ამბობს ქართველიშვილი.