ევროპული ლიბერალების მხრიდან საქართველოზე შეტევა გაძლიერდა. შესაბამისად, ისევ ძალაშია გეგმა - საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და „მაიდანი 2“-ის მოწყობა. საქართველოს პოლიტიკურ ველზე მორბენალი რადიკალები რომ დასავლელი ლიბერალების დღის წესრიგით მოქმედებენ, ამას ადასტურებს უკვე დაანონსებული 4 „მასშტაბური აქცია“ რუსთაველზე - 15,18, 25 თებერვალს და 7 მარტს. ჩვენი ინფორმაციით ოპოზიცია გადის რეგიონებში და ორგანიზებულად ჩამოჰყავს მხარდამჭერები, რომ შეძლონ საპროტესტო მუხტის აწევა. რაც შეეხება 7 მარტს, არსებული ინფორმაციით რადიკალების მიზანია სიტუაციის მაქსიმალური რადიკალიზაცია.
რადიკალები რადიკალიზაციისთვის ემზადებიან. „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ყველა მცდელობა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ საქართველო სიის სათავეში ამოწიონ და დაბრუნდეს ყურადღების ისეთივე მასშტაბი, რაც იყო.
„პოლიტიკური კრიზისს, რომელიც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად სახეზეა, თუ დაეწევა საერთაშორისო საფინანსო წნეხი და ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“, რა თქმა უნდა, ისინი ამ ზეწოლას ვერ გაუძლებენ. ამიტომ, ქვეყნის გარეთ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძოლო არეალი, რომ საქართველო ამოვწიოთ სიაში ზევით“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რადიკალები რადიკალიზაციისთვის ემზადებიან, მაგრამ ემზადება ძალოვანი სტრუქტურაც. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ არ დაუშვან „მაიდნის“ განმეორება ქვეყანაში და რაც მთავარია, „მეორე ფრონტის“ გახსნა, რაც ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში უკრაინიზაცია არ მოხდება.
„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ „მაიდნის“ სცენარის განვითარებაზე, ეს საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა. არც „მაიდანი“ არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება უკრაინიზაცია. ხედავთ, რა მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას რევოლუციამ, „მაიდანმა“ და შემდეგ ომმა, რომელიც მოჰყვა ამ პროცესებს. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ „მაიდნის“ განმეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და, როგორც ჩანს, უნდათ დღემდე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ დღეს, ისევე, როგორც არასოდეს დაუნდობელი დაპირისპირება მიდის კონსერვატიულ და ლიბერალურ ძალებს შორის ამერიკაში და მსოფლიოშიც, რასაც ლამის ემსხვერპლმა დონალდ ტრამპი, რომელმაც არ დააკლო საპასუხო ნაბიჯები და ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ლიბერალებს ჰქონდათ, USAID-ის ჩათვლით, დაანგრია, ან მიიყვანა დანგრევის პირას.
„ტრამპს ებრძვიან და ტრამპიც იბრძვის. ასეთი პარტიული დაპირისპირება დიდ ძალებს შორის ადრე ასეთი მკაფიო არ ყოფილა, როგორიც ახლა. ამ დაპირისპირების ფონზე ცხადი ხდება, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატული მოძრაობის ფლანგს წარმოადგენს. თუკი „ოცნება“ კონსერვატიულ ძალას წარმოადენს ე.ი. ის ლიბერალური ძალებისთვის მტერი იქნება. ამ სამ მილიონიან ქვეყანაში მტრობის და მოკეთეობის მიზეზი, ჩემი აზრით ისაა, რომ ეტყობა, ჩინეთის კავკასიაში შემოსვლას გვერდს ვერ აუვლიან. ეს აწუხებს დასავლეთის ლიბერალურ წრეებს და რუსეთსაც. მათ სურთ, რომ თუკი კავკასია აღმოჩნდება ჩინეთის გასასველი გზა, ამ გზის კონტროლი ჰქონდეთ ლიბერალებს - გზის კონტროლზეა ბრძოლა. თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დარჩება, მაშინ გზის კონტროლი იქნება კონსერვატორების ხელში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ლოგიკა - რატომ უტევენ საქართველოს, გასაგებია“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, რაც მთავარია ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის ომი წინ არის და ალბათ, დიდხანს იქნება, მაგრამ ომი უკრაინაში შეჩერდება თუ არა, ესეც ამ ბრძოლის თემაა.
„იცით, დამაფიქრა ასეთმა კითხვამ - რატომ მოინდომა ტრამპმა ომის გაჩერება? მართლა მშვიდობის მტრედი ხომ არ არის, მაგრამ ფაქტების ანალიზი და კარლსონის ინტერვიუც ამას ამბობს, რომ დღეს უკრაინელები ამერიკელების ხარჯზე უმდიდრესი ხალხია. ანუ, ამერიკიდან გამოგზავნილ იარაღებს ყიდიან, თანხებს იყენებენ და ა.შ. კი მაგრამ ჩნდება კითხვა - „ატკატის“ პრინციპით არაფერი არ შესდით ლიბერალებს? რა თქმა უნდა, შესდით. აბა, ტყუილად იყვნენ მილიარდერები და ტყუილად დებდნენ ამდენ მილიარდებს უკრაინის ომში? - არა.
ამ ომის შედეგად თვითონაც იყვნენ და რუსეთის დამარცხება უფრო საბაბს გავს. რაღა ახლა მოუნდათ რუსეთის დამარცხება, როცა უამრავი რამ ხდებოდა მსოფლიოში? - იმიტომ, რომ როგორც ჩანს, „ატკატის“ ეს მექანიზმი უკრაინიდან ჩამოყალიბდა და უკრაინის ომი იყო შემოსავლის წყარო ლიბერალებისთვის. ამიტომ, ტრამპის ამოცანაა, რომ ეს წყაროც გადაუკეტოს ლობერალებს და მიაღწიოს მშვიდობას უკრაინაში.
მაგრამ, ვიმეორებ, უკრაინის ომი ლიბერალებისა და კონსერვატორების ომის ფრაგმენტია და არ დაიყვანება ეს ომი მხოლოდ უკრაინის ომზე. კიდევ იქნება რაღაცა, აღმოსავლეთშიც რაღაცა მოხდება და ა.შ. მაგრამ გამოდის, რომ კონსერვატიული ძალებისა და ლიბერალების ბრძოლის ერთ-ერთი პუნქტი იქნება საქართველო. სწორედ იმიტომ რომ კონსერვატიული ჯგუფები გაწიონ გვერდზე და ლიბერალებმა გააკონტროლონ საქართველოს გავლით არსებული ჩინეთის ტრანზიტი ევროპისაკენ.
დღეს ლიბერალური ძალები ყველაზე თამამად გამოიყურებიან ევროპაში. ჩვენზე შეტევაც ევროპული ლიბერალების მხრიდან გაძლიერდა რადგან ეს ლიბერალების ზოგადი პარტიული ამოცანაა, რომ ფინანსურად და პოლიტიკურად ყველა მნიშვნელოვანი წერტილი მათ ხელში აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ასეთი არის საქართველო. ამ ლოგიკითაც ლიბერალებისა და კონსერვატიული ძალების დაპირისპირების კუთხიდანაც გულზე ხელის დაკრეფის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი თვლის, რომ შექმინილი ვითრებიდან გამომდინარე ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. მისი თქმით, ევროპული სახელმწიფოები თავიანთი სადაზვევრო სამსახურებით აგრძელებენ იმ სადაზვერვო აქტივობებს, რაც დაწყებული ჰქონდათ საქართველოს და არა მარტო საქართველოს წინააღმდეგ და, ალბათობის მაღალი ხარისხით, ამ ობიექტივში მოხვედრილი არის აზერბაიჯანიც.
„შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დესტუქციისთვის მნიშვნელოვანი თანხები, ძალები და საშუალებები მობილიზებულია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ აშშ-ში მიმდინარე პროცესები, გარკვეულწილად, დადებით იმპულსებს იწვევს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპულ სახელმწიფოებს თავიანთი განზრახვისთვის უარი ნათქვამი არ აქვთ. მათთვის, სამწუხაროდ, მისაღებია საქართველოში არსებობდეს მუდმივი დესტრუქცია და ამის ნათელი დადასტურება გვაქვს ყოვედღიურად. ამიტომ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება და მათ შორის არც იმის, რომ ვთქვათ, უკრაინაში საომარი მოქმედებების განგრძნობადობა შედიოდეს რიგი ევროპული სახელმწიფოების ინტერესებში“, - ამბობს კუხალაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს მოქმედების საკუთარი სტრატეგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის, რომ უკრაინაში პროცესების დასრულება შეიძლება მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდეს საქართველოსთვის.
„გარდა იმისა, რომ ამ ომის დასრუსლებას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია, ჩვენ ამ შემთხვევაში აუცილებლად იდენტიფიცირებულ საფრთხედ უნდა ჩავთვალოთ გარკვეული მიგრაციული პროცესები უკრაინიდან, რომლის ობიექტი შესაძლებელია გახდეს საქართველო და შესაძლებელია, საქართველოში აღმოჩნდნენ ის დესტრუქციული ძალები, რომლებსაც თავიანთი გამოცდილებით აქვთ შესაძლებლობა, საბოლოო ჯამში, აღასრულონ უცხო ქვეყნების გამოხატული ნება - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი რღვევით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.