პროკურატურამ ოთხი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა

პროკურატურამ ოთხი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა

პროკურატურამ, საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

პირველი, ვინც ამ საქმის ფარგლებში იკითხება ნანა კაკაბაძეა - ის პროკურატურაში უკვე გამოკითხეს.

ირკვევა, რომ შესწავლის საგანი ოთხი ოპოზიციური პარტიაა. მოძრაობაში აცხადებენ, რომ 18 იანვარს მიმართეს პროკურატურას - „ნეიტრალური საქართველო“ ითხოვს სამართლებრივად შეფასდეს ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების საქმიანობა. ისინი ამ პოლიტიკურ ჯგუფებს „ჯაშუშური ქსელის“ მართვაში ადანაშაულებენ.

მათი ინფორმაციით, შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფთან ერთად საგამოძიებო ჯგუფში ჩაერთნენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რათა ეფექტურად მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების გატარება და ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის მიმდინარეობის და შესაბამისი სამართლებრივი შეფასებების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდოთ ინფორმაცია.

თავად საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა, გამოძიება სხვა მუხლებითაც მიმდინარეობდეს.

მისივე თქმით, გასაჯაროებული დოკუმენტით, საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში 41 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა საარჩევნო პროცესებზე ზეგავლენის მიზნით. ხოლო მათ აქვთ დასაბუთებული ვარაუდი, რაც შემდგომში განვითარებული პროცესებით დასტურდება, რომ ეს ფული მოხმარდა საქართველოში სწორედ არჩევნების დელეგიტიმაციის საკითხის დაყენებას და რევოლუციური პროცესების განვითარებას.

მისივე თქმით, პროკურატურაში წარადგენენ ასზე მეტ საჯარო განცხადებასა და მოწოდებას, რაც უკვე არის „317-ე მუხლისთვის საინტერესო“.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ უცხოური დახმარების სტრუქტურებმა ჩაანაცვლეს დიპლომატია. თუ კლასიკურად ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხდებოდა დიპლომატიური არხებით, ელჩებით, მთავრობების შეხვედრებით, სადაც ინტერესები არ ემთხვევა, იქ დიპლომატიის ამოცანაა, კონფლიქტები არ წარმოიშვას, ეს არის კლასიკური დიპლომატია, ამის ნაცვლად, ეს ჩანაცვლდა საგარეო დახმარების სტრუქტურებით.

მისი თქმით, უცხო ქვეყნებიდან შემოედინება ფული, რითიც ფინანსდებიან „ენჯეოები“, შემდეგ კი ისინი წამოწევენ თემას, რომელიც თითქოს არის მიმღები ქვეყნის ხალხთა ინტერესში.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ასე ხდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, როცა ხელისუფლების წარმომადგენლებს ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენელი უხსნიდა, რა იყო მისი ხალხის ინტერესი და სურვილი.

„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“-ს ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მსგავსი ტიპის გამოძიების დაწყება, პირველი არ არის და აქამდეც ბევრჯერ ყოფილა მომსწრე. მისი თქმით, თუ გამოიძახებენ ის სასამართლოზე ჩვენებას მისცემს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ამ თემაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა ხელისუფლების არ ეშინიათ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ბოლო დროს ხელისუფლებამ არაერთხელ ახსენა, რომ სახელმწიფო გადატრიალების 4 ფაქტი იყო. აბაშიძე აცხადებს, რომ ასევე სუს-ში გაკეთდა განცხადება, რომ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების არაერთი ნიშანი იყო გამოკვეთილი.

„ხელისუფლებამ თქვა, რომ მას ხელფეხი ჰქონდა შეკრული ე.წ. გლობალური ომის პარტიის მხრიდან, რათა ქვეყანა არ იყო ძლიერი სუვერენიტეტის დაცვის მხრივ და სხვადასხვა გარე პირობები ამის საშუალებას არ აძლევდა. ამის ახსნა ძალიან მარტივია, რადგან ყველა საკადრო ცვლილებაში ვაშინგტონიდან ერეოდნენ. ამა თუ იმ მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამერიკიდან იძლეოდნენ მითითებებს. ეს უკვე დამთავრდა და 20 იანვრის შემდეგ ფორსირებულად დაიწყო გლობალური დღის წესრიგის შეცვლა იმ მხრივ, რომ „დიფ სთეითს“, ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა. ამიტომ ის განცხადებები, რაც მმართველ გუნდს ჰქონდა, რომ ამერიკული, ევროპული ფონდები საქართველოს ებრძვიან, თითქოს რუსული პროპაგანდა იყო, ტყუილი აღმოჩნდა. სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ პროკურატურაში შესაბამისი განაცხადი შეიტანა და ამაზე რეაგირება მოახდინა. პროკურატურის გარდა ამაში ჩართულები არიან სპეცსამსახურები, რომელთაც ძალიან ბევრი მტკიცებულება აქვთ, თუნდაც საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებებიდან. საზოგადების უდიდესი ნაწილის ლეგიტიმური აღშფოთებაც გვესმის უკვე, როდემდე უნდა ითარეშონ ამ კრიმინალებმა და ღიად იმოქმედონ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. სპეცსამსახურებს, ბუნებრივია, უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ. ამიტომ ამ ყველაფერზე სამართალწარმოება და შესაძლოა, დამნაშავეების დასჯა, ნამდვილად გასაკვირი არ იქნება“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, უკვე ცნობილია ის დრომოჭმული გზავნილი, ვითომ ხელისუფლებამ დაიწყო რეპრესიები. თუმცა ვინც საქართველოს სახელმწიფოს უღალატებს და მის წინააღმდეგ უცხო ძალების ინტერესებს გაატარებს, პასუხი უნდა აგონ.

„თუნდაც ამ ახალმა გამოძიებამ, თუნდაც პარალმენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, ნაცრეჟიმის დანაშაულების შესახებ, მოკლე ხანში პასუხი უნდა გასცენ იმ დესტრუქციას, რომელიც ბოლო წლებია ქვენის წინააღმდეგ აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მისასალმებელია, რომ თეა წულუკიანი კომისიაში იქნება და ნაცდანაშაულებებს გამოიძიებს. რამდენიმე კვირის წინ თეა წულუკიანმა ახსენა, რომ როცა ის კულტურის მინისტრი იყო, სხვადასხვა დიპლომატები ეუბნებოდნენ თუ როგორი რეპერტუარით უნდა წარდგენილიყო ევროპაში ქართველი მომღერლები, ვის უნდა მიეღო მონაწილეობა და რომელი აქაური კულტურის სფეროს წარმომადგენლისთვის უნდა ყოფილიყო დაფინანსება გამოყოფილი. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის გავლენის ჩარევებზეა საუბარი. კულტურული პროგრამაც კი თურმე მათთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. რა განსხვავებაა საბჭოთა პოლიტბიუროს ინსტრუქტორებსა და ევროკრატების ემისრებს შორის?! მხოლოდ დასახელებებშია სხვაობა, თორემ სტილით ერთიდაიგივეა. აქაური დესტრუქციული ძალები უკვე ცნობილია, რომ ამერიკული ბინძური ფულით იკვებებოდნენ, მალავდნენ და არ ასაჯაროვებდნენ ამ დაფინანსებებს. თურმე ათობით მილიონი იყო გამოყოფილი იმისთვის, რომ აქ მაიდანი და რევოლუცია მომხადრიყო“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, გონიერმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის მხარდაჭერით ამ ზეწოლას და დარტყმებს გაუძლო. ახლა კი ყველას და ყველაფერს პასუხი გაეცემა. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე სტატუსის და ასაკის მიუხედავად, პასუხს აგებს, ხოლო ელჩების ღია და საჯარო მხილება მოხდება.