მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში საპორტესტო მუხტი შენელებულია და რუსთაველზე მხოლოდ რამდენიმე პარტიული აქტივისტი გამოდის, ოპოზიცია ხელისუფლებას აქტიურ თებერვალს ჰპირდება - 15 თებერვალს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება მარში „არა რუსულ დიქტატურას“ ხოლო 18 თებერვალს, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეზე ფართომასშტაბიანი აქციით შეახსენებენ, რომ დანებებას არ აპირებენ.
ოპოზიციამ კალენდარზე აქციების 4 მნიშვნელოვანი რიცხვი მონიშნა. თბილისში აქციები 12 , 15, 18 თებერვალს და 7 მარტს არის დაგეგმილი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ როდესაც ოთხ ასეულ ადამიანს უნდა ოთხი მილიონი ადამიანის ბედით ითამაშოს, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ერთი მხრივ არის შეკრებები და მანიფესტაციები, რომელიც არის ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლება, ისევე როგორც სხვა მოქალაქის უფლებაა, რომ შეუფერხებლად მივიდეს სამსახურში, მეგობრებთან და ა.შ.
„მთავარი, რომ არ იყოს შეფერხებული ის სასიცოცხლო ფუნქცია, რაც ამა თუ იმ მაგისტრალურ კვანძს თუ ა.შ. გააჩნია. არის წესები როგორ ხდება მშვიდობიანად აზრს გამოხატვა, საქართველოში გვაქვს ამის ძალიან ხანგრძლივი კულტურა. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი წელია, პროტესტის კულტურა, რომელიც ჩამოყალიბებული იყო საქართველოში, რადიკალურად შეიცვალა. ვხედავთ ჩვენ ძალადობას, „მოლოტოვის კოქტეილებს“, მანქანების დაწვას, ვიტრინების მსხვრევას.
ადრე ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა, რომ ისე ჩატარდებოდა აქცია, ერთი ფოთოლიც არ ჩამოვარდებოდა ხიდან. ახლა დაამსხვრიეს ნახევარი პარლამენტი ისე, რომ ყველას გაგვახსენდა 90-იანი წლების სურათები, როდესაც ეს პარლამენტი მართლაც გადაწვეს და დეკემბერში წკიპზე გადაურჩა პარლამენტი გადაწვას.
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი გარედან წაქეზებული ძალადობაა და დაშორებულია პროტესტის ქართულ კულტურას, დაშორებულია იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში, ზოგადად, არსებობდა. მისი მიზანი არის საზოგადოების გახლეჩა და ეს უნდა გააცნობიეროს თითოეულმა ადამიანმა, ვინც ასეთ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის თებერვალი ბოლო გაბრძოლება იქნება და როცა ყველა რესურსი ამოეწურებათ, იძულებულები გახდებიან ბედს შეეგუონ. გვენეტაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მათ ჯერ კიდევ აქვთ ის ფული, რომელიც ქვეყნის არევისთვის ჩაურიცხეს და სანამ მას არ დახარჯავენ, ვერ მოისვენებენ.
„არაფერი არ არის მოსალოდნელი, აქამდე ვერაფერი გააკეთეს და სასიკვდილო აგონიაში მყოფმა ოპოზიციამ და მესამე სექტორმა რაღა უნდა გააკეთონ. ამდენი ტელევიზიით, ფულით, მესამე სექტორით და მოსყიდული ხალხით რა გამოუვიდათ? - არაფერი. ახლა, როცა მთელ მსოფლიოში ტრამპის მოსვლის შემდეგ ლიბერალურ ფაშიზმს ბოლო ეღება, აქ რაღა უნდა ქნან?! ლიბერალური ფაშიზმი აყროლდა და ყარს საქართველოშიც. ესენი ამ სიმყრალეს ბოლოს, 15-18 თებერვალს გამოიტანენ, იტინგიცებენ, იყვირებენ, იბღავლებენ და მერე დაიშლებიან.
ფული რაშიც აქვთ აღებული, იმას აკეთებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს ისტორიული პროცესი უკვე დაიწყო და ამას ვერც ნიკა გვარამია აღუდგება წინ, ვერც ნიკა მელია და ვერც ვერავინ. ისეთ წნეხს გაუძლო საქრათველოს ხელისუფლებამ, რომლის მსგავსი არავის არასდროს უნახავს. არჩევნებიც მოიგო და ვერც ვერავინ დაუმტკიცა, ევროპა-ამერიკის მასშტაბით, რომ გააყალბა. ხალხი „ოცნების“ მხრესაა და რამდენიმე ასეული კაცი ქუჩაში მთვარეულივით რომ დაბოდიალობდა, აქამდე რა გააკეთეს, რომ ახლა რამე გააკეთონ?!“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიცია ვა-ბანკზე წავიდა და ქუჩაში ყველაფრის გარეშე დარჩნენ. მათ ახლა არანაირი პოლიტიკური რესურსი აღარ აქვთ იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ, თუმცა როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ფინანსური რესურსი, რის შედეგადაც საპროტესტო მუხტის შეჩერებას არ აპირებენ, სანამ ამის შესაძლებლობა ექნებათ.
„კი ბატონო, გამოდიან გულანთებული ახალგაზრდები, პროტესტი ხელისუფლების მიმართ ნამდვილად აქვთ, მაგრამ ოპოზიციას არ ჰყავს მხარდამჭერთა ის რაოდენოა, რომ ქუჩის აქციებით ხელისუფლება შეცვალოს. ოპოზიციას პოლიტიკური რესურსი ექნებოდა მაშინ, თუკი ქუჩებს გაავსებდა და იმ ხალხს მაინც გამოიყვანდა გარეთ, ვინც არჩევნებზე ხმა მისცა. თუმცა ამ რაოდენობის ხალხის გამოყვანასაც ვერ ახერხებს. ფინანსური რესურსი რჩება ჯერჯერობით ისევ სხვადასხვა წყაროებიდან და ამასაც იმის მიხედვით მიიღებენ, რამდენად მოახერხებენ რევოლუციის მოწყობას. თუკი აქ არეულობა იქნება, მაშინ იგივე ჩინეთის კავკასიაში შემოსვლა შეფერხდება. ჩინეთი ტვირთის გადასატანად შემოდის და აქ თუ გზები დაიკეტება, არეულობა იქნება და მშვიდობის მყარი გარანტიები არ იქნება, ფეხსაც არავინ შემოადგამს. ამიტომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ აქ მხოლოდ შიდა პოლიტიკური დინებაა, ძალიან ცდება. აქ საუბარია ისევ და ისევ გეოპოლიტიკურ თამაშზე, სადაც ოპოზიცია საკუთარი ინტერესების გამოდნობას ცდილობს. ჩინეთის შეჩერება აწყობს დასავლეთსაც და რუსეთსაც. არეულობაც ინტერესის საგანია. თუ ვინმეს აქ რამე აინტერესებს, ისინი ფულსაც იხდიან. ამიტომ ოპოზიციისთვის სულ რომ ვერაფერი ქნას, რევოლუციის მცდელობაც შემოსავლიანი საქმეა“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ხალხის გამოყვანას ვეღარ ახერხებს და ბოლოს ისე იქნება, რომ მოკავშირეებს დასავლეთშიც დაკარგავენ. ევროპაზეც გადავა უკვე ეს სკეპტიციზმი და ოპოზიციას იქაც დაუწყებენ ეჭვის თვალით ყურებას, რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან. ამიტომ თებერვალში კვლავ ცდილობენ რაღაცის ჩვენებას, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ რამე გამოუვიდეთ.