ოპოზიციური სპექტრი „ქართულ ოცნებაზე“ ახალ შეტევას აანონსებს. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად სტრასბურგში მიფრინავს, ევროპარლამენტის სესიაზე და ექნებათ წინადადებები და ადამიანების სია, ვინც უნდა დასანქცირდნენ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, „გავცეთ პასუხი შეკითხვას - როგორ მივდივართ არჩევნებამდე და როგორი უნდა იყოს ის“. შეხვედრის შემდეგ ასევე ითქვა, რომ შეთანხმდნენ სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებასა და გაფართოებაზე, რაშიც სალომე ზურაბიშვილს მნიშვნელოვანი როლი ექნება.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ ვიზიტს არანაირი შედეგი არ ექნება. გვეტენაძე ოპოზიციას ურჩევს, არათუ „ქართული ოცნების“ ლიდერების დასანქიცრებაზე, არამედ საკუთარ თავზე იფიქრონ.
„აწრიალებულია გვარამია და მთელი მეხუთე კოლონა, მასთან ერთად მეხუთე კოლონის გვერდში მდგომი ენჯეო სექტორი, რადგან მათი მთავარი დამფინანსებელი გაუქმებულია - გვარამიას, ჯაფარიძეს და მათ თანამეინახეებს სხეული აქვთ, მაგრამ მათ სხეულში სისხლი აღარ მოძრაობს. ამიტომ, ეს განწირული სულისკვეთებაა, ესენი არიან მოსიარულე მკვდრები. გაფრინდებიან სტრასბურგში, შემდეგ ჩამოფრინდებიან და ვატყობ, სამუდამოდ გაფრინდებიან აქედან. იმდენი ფული აქვთ „მოტეხილი“, რომ დიდ ხანს ეყოფა მათ შთამომავლობას უცხოეთში. სხვის დასანქცირებაზე კი-არა, საკუთარ დაპატიმრებაზე იფიქრონ.
რაც დასათმობი იყო, დავუთმეთ თავის დროზე დასავლეთს და ამიერიდან, ჩვენ არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენ ვცოცხლობთ როგორც სახელმწიფო და გვინდა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“, - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სანქციების პოლიტიკის გაგრძელება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მისი განმარტებით, ამ პროცესში და ზოგადად, დასავლეთთან ურთიერთობის საკითხში, სალომე ზურაბიშვილს წამყვანი როლი უნდა ჰქონდეს.
„ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია - დღეს ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ ახერხებს ვითარებაში გარდატეხის შეტანას, დასავლეთის ქმედებებმა შესაძლოა, გარკვეული გარდატეხა შეიტანოს ამ პროცესში, ან შეამზადოს გარდატეხისთვის არსებული ვითარება. ამიტომ, დასანქცირებას მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ მგონია ამისთვის გვარამიას რეკომენდაციები იყოს საჭირო და აუცილებელი.
საგარეო ურთიერთობებში, საერთოდ ამ პროტესტის წამყვანი მხარე ზურაბიშვილი უნდა იყოს, რადგან მისდამი ნდობა გაცილებით მეტია, ვიდრე ჯამურად ოპოზიციის ნდობა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამიტომ, რაც უფრო აქტიური იქნება ზურაბიშვილი, გაცილებით მომგებიანი იქნება, ვიდრე გვარამიას, ჯაფარიძის და მთლიანად ოპოზიციის ჩართულობა.
ამ ეტაპზე, კარდინალური გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, არ იქნება, მაგრამ მთალიანად პროცესისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი: ხელს შეუწყობს იმას, რომ საპროტესტო მოძრაობა სულ მცირე გაგრძელდეს, ან გაძლიერდეს. მნიშვნელოვანია მომავალში პროტესტი გაგრძელდეს და საზოგადოებაში გარკვეულობა უფრო მეტად ჩამოყალიბდეს“, - განგვიცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში.
„შევთანხმდით ერთ საკითხზე, რომ ჩვენ უკვე ერთობლივად გავაკეთებთ იმ ადამიანების სიებს, რომლებიც დანაშაულებრივი სისტემის დავალების შემსრულებლები არიან - ჩავთვალოთ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა ერთიანობისკენ“, - დასძინა გიორგი ვაშაძემ.
ასევე უნდა აღინიშნოს ნიკა გვარამიას განცხადება მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ იქნება „ფართომასშტაბიანი აქციებიც“.
„ფართომასშტაბიანი აქციები იქნება. ეს არის ხალხის აქციები და ამას პოლიტიკოსები არ ვაორგანიზებთ. პოლიტიკოსებმა უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ აქციებზე მყოფ ადამიანებს ჩვენი იმედი ჰქონდეთ. მათ შორის, იმაზე, რომ გზას გავკაფავთ იქ, სადაც შეგვიძლია სხვებზე უკეთ, ასევე, იმ აქციებზე, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა ვიდგეთ“, - აღნიშნა გვარამიამ.