ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ ბრიუსელის მხრიდან პარტნიორებთან ურთიერთობა თანასწორობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.
ევროპარლამენტარი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და ევროკავშირის დამოკიდებულებაზე საუბრობს. ამბობს, რომ ეუთომ ეს არჩევნები სამართლიანად აღიარა.
„საქართველოს საკითხზე უცვლელი პოზიცია მაქვს. ბოლო თვეებში საქართველოს მოქალაქეები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ საქართველოს არჩევნები ბრიუსელისთვის ტოპ პრიორიტეტია, რადგან ეს საკითხი ევროპარლამენტში ბევრჯერ განვიხილეთ. რეზოლუციებსაც ვუყარეთ კენჭი. ახალი პარტნიორების მიღება, გაწევრება ევროკავშირში ცხადია ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა გონივრულად არ მიმაჩნია, რომ საქართველოს შიდა საკითხები ევროპარლამენტში ხუთჯერ განიხილონ ისე, თითქოს ევროპარლამენტარები არჩევნების დამკვირვებლები იყვნენ. ეუთომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამართლიანად აღიარა, ამიტომ არ მესმის, რა არის რეალური ამოცანა ამ დისკუსიების უკან.
მითუმეტეს, როდესაც ევროპარლამენტი კენჭს არ უყრის გაცილებით უფრო მნიშვნელოვან რეზოლუციებს. მაგალითად რეზოლუციას, რომ დავგმოთ პალესტინელების გენოციდი და ა.შ. ძალიან უცნაურია. ვფიქრობ, საქართველოსთან, ანუ ახალ პარტნიორთან მიმართებით განსხვავებული მიდგომა უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, ევროკავშირს აკლია საერთო საგარეო პოლიტიკა და ეს პრობლემაა.
ჩემი აზრით, ახალი წევრების მიღების საკითხი მეგობრულ ფორმატში უნდა ხდებოდეს და არა მტრად მოკიდებით. როდესაც არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს ეხება საქართველოსაც, რუმინეთსაც და შესაძლოა მომავალში სხვა წევრ სახელმწიფოებსაც შეეხოს. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი. პარტნიორთან ურთიერთობა უნდა ხდებოდეს ისე, როგორც თანასწორთან და არა ისე, თითქოს უპირატესნი ვართ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.