მე მაქვს სხვა ინფორმაცია - ესენი ჩაიდან იქ, რადგან შეეშინდათ საგამოძიებო კომისიის შექმნა. ახლა ჩადიან იქ და ეძებენ ლობისტებს, რომ იქიდან მხარი დაუჭირონ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკა გვარამია და ზურა გირჩი ჯაფარიძე სტრასბურგში საქართველოს მოქალაქეების დასანქცირების სიით გაემგზავრნენ.
მისი თქმით, ჯაფარიძე და გვარამია ახალ პატრონებს ეძებენ, რათა როგორმე თავი დააღწიონ გამოძიებას.
„არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დააფინანსონ კიდეც. ძალიან ეშინიათ, რადგან ამ რეჟიმის დროს ორივე მათგანი იყო გარკვეულ თანამდებობაზე. ერთი იყო ზონდერ პროკურორი, მეორე კი მავნებლობდა საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად ახლა ეძებენ ახალ პატრონებს რომ იქნებ რამენაირად თავი დააღწიონ ამ გამოძიებას. ეს გამორიცხულია. კომისია შემდგარია, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რამე დანაშაული მიუძღვის, ყველაფერი იქნება გამოძიებული“, - აღნიშნა ზარქუამ.
ნიკა გვარამიას განცხადებით, ის და ზურაბ ჯაფარიძე სტრასბურგში მიდიან და თან ექნებათ სია იმ ადამიანებისა, ვინც უნდა დასანქცირდნენ. არსებული ინფორმაციით, საუბარი იქნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და ახალ არჩევნებზეც.