საპროტესტო აქციების სერიები გრძელდება. 15 თებერვალს რესპუბლიკის მოედანიდან პარლამენტისკენ გაიმართება მსვლელობა. 18 თებერვალს, დემონასტრანტები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს „მიულოცავენ“ დაბადების დღეს, რაზეც ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს: „გასაგებია, რომ აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლას შეეცდებიან და იქ ჩვეულებრივი, პოლიტიკური პერფორმანსის მოწყობას, როგორიც ადრე მოუწყვიათ“.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა კიდევ ერთი, მასშტაბური აქცია დაანონსეს: შეკრება 15 თებერვალს რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება და იქიდან მსვლელობა პარლამენტისკენ. ამის მერე კი, 18 თებერვალს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, კიდევ უფრო მასშტაბური აქციაა დაგეგმილი. იქნება თუ არა აღნიშნული აქციები მასშტაბური და რას უნდა ველოდოთ?
- არ მივანიჭებდი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ აქციებს, რადგან ყველაფერი იგივე სცენარით წარიმართება, რაც სცენარითაც წარიმართა წინა აქციები. გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლას შეეცდებიან და იქ ჩვეულებრივი, პოლიტიკური პერფორმანსის მოწყობას, როგორიც ადრე მოუწყვიათ - ამ დროისთვის, რაიმე განსაკუთრებული ამოცანები ამ აქციებისთვის აქციის ორგანიზატორებს არ დაუსახავთ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნიკა მელიამ სოცუალურ ქსელში დაწერა, რომ პროტესტის გული რუსთაველზე ფეთქავს და რუსთაველზე პროტესტის შენელება/შეჩერება ნიშნავს პროტესტის ჩაქრობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი შეფასებით, მომიტინგეები უნდა იდგნენ ყოველ საღამოს. ეს ერთგვარი მოწოდება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ საპროტესტო მუხტი მინელდა?
- ნიკანორ მელიამ შემთხვევით, ემოციების ფონზე, არ დაწერა ეს პოსტი - ყველა ხედავს, რომ ეს არ არის ის მუხტი და დატვირთვა, რაც იყო მანამდე, მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველზე იკრიბება ხალხი. არავითარი ახალი იდეები, გეგმები ამ აქციებზე არ ჟღერდება. ერთი სიახლე არის საზოგადოებრივი ასამბლეის დაარსება, რომელმაც ერთ-ერთ მიზნად სწორედ რუსთაველზე მდგომი ხალხის მხარდაჭერა გამოაცხადა. ესეც იმის მანიშნებელია, რომ დასჭირდათ ახალი გაერთიანების შექმნა იმ სხვა გაერთიანებებთან ერთად, რომლებიც ამ აქციებს თითქოსდა აორგანიზებდნენ, მაგრამ სწორედ აქციების უწყვეტობა ეხმარებოდათ აქამდე და ეხმარებათ დღესაც, რომ მიიქციონ დასავლეთის ყურადღება, მოიპოვონ მათი მხარდაჭერა. წინააღმდეგობის ეს ეპიცენტრიც თუ დაიკარგა, მაშინ დაიკარგება დასავლეთის ყურადღებაც - იქაც ჩათვლიან, რომ პროტესტმა თავი ამოწურა და მათი დამოკიდებულებაც შეიცვლება. აქციების უწყვეტობა არის ერთ-ერთი ხავსი, რომელსაც ოპოზიცია ეჭიდება.
„გახარია საქართველოსთვის“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელსაც ამ დრომდე არ მიუმართავს საპარლამენტო მანდატების ჩახსნის თაობაზე. როგორ ფიქრობთ, რას ელოდება გიორგი გახარიას პარტია და საბოლოოდ, ვიხილავთ თუ არა პარტიის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში?
- ერთი მხრივ, აქ არის წმინდა ფინანსური საკითხი, მეორე მხრივ - თვითონ გიორგი გახარიას პარტიის გადაწყვეტილება ბოლო მომენტამდე დაელოდონ მოვლენების განვითარების დინამიკას. მათ აქვთ ორი თვე, რომ იყონ ასეთ მდგომარეობაში, მიიღონ ის ფინანსები, რაც მათ ეკუთვნით - ამ ფინანსებით, როგორც ჩანს, ისინი აპირებენ შეავსონ ის დანახარჯები, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გაიღეს. შემდეგ კი, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, აპრილში მათ კრიტიკული რაოდენობა გაცდენები დაუგროვდებათ რეგლამენტით, შეეხებათ მანდატების შეწყვეტა და ამით გადაწყდება საკითხი, თუმცა, მედლის მეორე მხარეც არსებობს: შესაძლოა ამ დარჩენილ ორთვე ნახევარში მოხდეს ისეთი რამ, რამაც პარლამენტში შესვლისკენ უბიძგონ, მაგალითად აშშ-საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს, ტრამპის ადმინისტრაციამ მოისურვოს ამ ხელისუფლებასთან ურთიერთობები დაამყაროს, აღიაროს მისი ლეგიტიმურობა, ამაც კი შედეგად მოჰყვეს ევროპის მხრიდან ურთიერთობების გადახედვა.
ასეთ შემთხვევაში, გაცილებით უპრიანი იქნებოდა პარლამენტში შესვლა, ვიდრე ქუჩაში დარჩენა, მაგრამ როგორ აუხსნიან საზოგადოებას და მათ ამომრჩეველს იმას, რომ ადრე პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებდნენ, უცებ პარლამენტში შევიდნენ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. საერთოდ, გახარიას პარტია ასეთ პოლიტიკურ ზიგ-ზაგებს შეჩვეულნი არიან: ამბობდნენ, რომ „ნაციონალებთან“ არავითარ შემთხვევაში არ ითანამშრომლდნენ, მაგრამ შემდეგ საკრებულებში ალიანსი შეკრეს და შესანიშნავად თანამშრომლობენ. ასე რომ, მონახავენ გასამართლებელ საბუთს თუკი ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მაინც მგონია, რომ ეს ორი თვე მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ ფინანსური რესურსი აითვისონ, რაც მათ პარტიას ერგება ამ არჩევნების შედეგად.
აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაკავებულია უკრაინა-რუსეთის მიმდინარე ომით და ამ ეტაპზე არ დგას საქართველოს საკითხი მის დღის წესრიგში. მოსალოდნელია თუ არა უახლოეს პერიოდში, აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა, რაზეც „ქართული ოცნების“ ლიდერები ხშირად საუბრობენ?
- ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება თუ არა, ეს არის 50-50-ზე ალბათობა. ტრამპისთვის დღეს საქართველო ნამდვილად არ არის უახლოეს პერიოდში პრიორიტეტული მიმართულება, მაგრამ აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ისინი საქართველოთი აუცილებლად დაინტერესდებიან. მათ აქვს ის მემკვიდრეობა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუტოვა: შეჩერებული სტრატეგიული პარტნიორობა, სანქციები და არჩევნების მიმართ ნელ-თბილი დამოკიდებულება. სახელმწიფო დეპარტამენტში, ალბათ, დაჯდება ის გუნდი, რომელიც ევრაზიის საკითხებით არის დაკავებული და რევიზიას გაუკეთებს იმ ყველაფერს, რაც წინა ადმინისტრაციამ დაუტოვა.