საქართველოს პარლამენტი რადიკალებისგან დაიცალა, მაგრამ ამ დრომდე რჩება გიორგი გახარიას პარტია 12 დეპუტატით, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მეტიც, გახარიას პარტია უარს ამბობს ოპოზიციურ ერთობაზეც. დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ყველას შიდაპარტიული შეხედულებები აქვს სხვადასხვა საკითხზე და ამის მიხედვით მოქმედებენ.
„ჩვენ ყველა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნები, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულებები გვაქვს, მზად ვართ ერთიან ფორმატში ვიმუშაოთ, როგორც ეს PACE-ს შემთხვევაში გვქონდა. მაგრამ ერთიანი ფრონტის შექმნა არ მგონია სწორი, ორგანული და რეალისტური“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გახარია ერთიანობაზე ამბობს უარს და ეს მისი არჩევანია. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმაც თავის პოზიცია უნდა დააფიქსიროს, რადგან ოპოზიციური ერთიანობა ნიშნავს ერთიან შტაბს, ერთად მუშაობას და საერთო ჯამში ერთიან სიას არჩევნებზე. ვაშაძე ფიქრობს, რომ სწორედ ამ სქემით უნდა მოხდეს ჯერ „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება და ახალი არჩევნების თარიღის მოპოვება და შემდგომ კი უკვე არჩევნებში ერთიანი სიით გამარჯვება.
„ოპოზიციაში ლიდერების ნაწილი ეთანხმება ჩემს პოზიციას, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ამ ხედვას ერთიანობაზე არ იზიარებენ. ყველამ იცის ჩემი პოზიცია. ზუსტად ვიცი, რომ ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, სხვები ეთანხმებიან ამ პოზიციას... მაგრამ ვიღაცა ამბობს, რომ კოორდინაციაში ვიყოთ, მაგრამ ერთიანი არ ვიყოთ. არ გამოვა ასე, არ გამოვა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მაშ ასე, გიორგი გახარია ოპოზიციურ ერთიანობაზე უარს ამბობს და საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს, რომელიც გერმანული დღის წესით მოქმედებს. ის ვაჭრობს ხელისუფლებასთან და ასევე, ელოდება 23 თებერვალს როგორი იქნება გერმანელი ამომრჩევლის გადაწყვეტილება. პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა თვლის, რომ უდავოდ მისასალმებელია „ნაციონალური მოძრაობისგან“ საკანონმდებლო ორგანოს გაწმენდა, მაგრამ დარჩა გახარიას პარტია, ანუ გერმანული პარტია.
„არ ვიცი გახარია შევა თუ არა პარლამენტში, მაგრამ 23 თებერვლის არჩევნების შემდეგ გერმანიაში ძალიან მალე შეიცვლება სიტუაცია, მემარჯვენეები გაძლიერდებიან და სხვა პოლიტიკური ლანდშაფტი ჩამოყალიბდება. ამის შემდეგ უკვე სხვა დავალებებს მიიღებს ბატონი გახარია გერმანიიდან. ამ შემთხვევაში, შეიძლება ის პარლამენტშიც კი შევიდეს. ახლა იგი
ელოდება როგორი იქნება გერმანიაში არჩევნების შედეგი. სხვათა შორის, ნიშანდობლივი იყო ისიც - ბათუმში რომ გალახეს, პირველი გერმანიის ელჩი გამოვარდა და მეორე იყო მიქაელ როთი. გახარია 13 წელი ავიაკომპანია ლუფთანზას წარმომადგენელი იყო აღმოსავლეთ ევროპასა და რუსეთში და, როგორც ჩანს, იქ მოხდა გახარიას „გაგერმანება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავა.
ანალიტიკოსის ედიშერ გვენეტაძის განცხადებით, როგორც ჩანს, გახარია იმ დოზით არაა „დავერბოვკებული“, რომ მას ასეთი კატასტროფული ვალდებულებები ჰქონდეს ოკეანის გაღმელებთან. გვენეტაძე იზიარებს გოგავას პოზიციას და აცხადებს, რომ გახარია დღეს გერმანულ თამაშს თამაშობს.
„გახარია კარგად ხედავს, რა ხდება, დასცინის ყველას. გახარია მაგის ჩიტი არაა, რომ ამათთან გაერთიანდეს. ძალიან დიდ გაძრომ-გამოძრომის პოლიტიკას თამაშობს და უცდის იქ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. უცდის იმ ას დღეს, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი უნდა დარეგულირდეს. ნახეთ, რა აკეთებს - მას განცხადება დაწერილი არ აქვს და პარლამენტი უფლებამოსილებას ვერ შეუწყვეტს. შესაბამისად, ელოდება ტრამპის დაანონსებულ ას დღეს. დღეს რომ გახარიამ უარი განაცხადოს დეპუტატის მანდატზე, როგორც პოლიტიკოსი, გამქრალია, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნულოვანი რეიტინგის გამო. ჩემი აზრით, ის ელოდება როგორ განვითარდება მოვლენები აშშ-ში და, რა თქმა უნდა, გერმანიაში. გახარიამ და მისმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში მისი პოლიტიკური მომავალი დამთავრებულია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.