„ესენი არიან თავის თავთან მოლაპარაკე რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც ერთ მილიარდ დოლარს უკიდებენ ცეცხლს... hello??“

„ესენი არიან თავის თავთან მოლაპარაკე რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც ერთ მილიარდ დოლარს უკიდებენ ცეცხლს... hello??“

ილონ მასკი რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის დახურვას ითხოვს იმ მოტივით, რომ მათ აღარავინ უსმენს, მხოლოდ რადიკალი მემარცხენე გიჟები ელაპარაკებიან საკუთარ თავს.

მასკი სამ მიზეზს ასახელებს, რის გამოც მოძველებული მედიასაშუალებები უნდა დაიხუროს:

1. ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელა ბიუროკრატიას) hello?? 2. მათ აღარავინ უსმენს. 3. ესენი არიან თავის თავთან მოლაპარაკე რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც შეერთებული შტატების გადასახადის გადამხდელთა ფულიდან წლის განმავლობაში ერთ მილიარდ დოლარს უკიდებენ ცეცხლს.

უფრო ადრე მსგავსი განცხადება გააკეთა დონალდ ტრამპის საგანგებო დესპანმა რიჩარდ გრენელმა. გრენელი ამბობს, რომ რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა წარსულის გადმონაშთია და ამერიკას არ სჭირდება მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებები.

საბჭოთა პერიოდში ჩამოშვებული რკინის ფარდის პირობებში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით კი, დისიდენტების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის, ერთგვარი ხსნა იყო ამერიკის ხმის და რადიო თავისუფლების მიყურადება. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმი ახშობდა ოკეანის გაღმიდან მომავალ ხმებს, საბჭოთა ადამიანები ნახევრად დახშულ ამერიკის ხმას ფარულად მაინც უსმენდნენ.

ცივი ომის პერიოდში ამერიკის ხმა აშშ-ის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ნაწილად იქცა და მაუწყებლობა რუსულ ენაზე დაიწყო, 1949 წლიდან საბჭოთა კავშირი ამ რადიოს ჩახშობას შეუდგა.

რაც შეეხება 1949 წელს დაარსებულ რადიო თავისუფლებას, მას ანტიკომუნისტური ინფორმაციის წყაროს ფუნქცია ჰქონდა ცივი ომის დროს, რადიო თავისუფლების გაცხადებული მიზანი იყო დემოკრატიული ფასეულობების და ადამიანის უფლებების ხელშეწყობა. ამ რადიოს აშშ-ის კონგრესი აფინანსებდა.

ბოლო წლებში ამ მედიასაშუალებებში ქართველი არასამთავრობოებისა და რადიკალების ქომაგობა დაიწყეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, არიან თუ არა ესენი წარსულის გადმონაშთნი და საჭიროა თუ არა მათი დახურვა?

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ რადიო თავისუფლებამ აბსოლუტურად შეიცვალა შინაარსი, ფაქტობრივად, ნაცმოძრაობის რუპორი გახდა და ღიად თუ ფარულად ეწეოდა სააკაშვილის პროპაგანდას, მის დანაშაულებს მალავდა და ცდილობდა, ამის შესახებ არ ელაპარაკა.

სისხლიანი ცხრა წლის რეჟიმის დროს რადიო თავისუფლება არაფერს აშუქებდა, რაც საზოგადოების ინტერესებში იყო. პირიქით, თვალთვალს და მიყურადებას ახდენდა. მახსენდება ქალთა ბუნტის დროს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი უშუალოდ დამსდევდა და ჩანაწერებიც გააკეთა ჩემს შესახებ, ეტყობა, ფიქრობდა, რაიმე კრიმინალური შეიძლება ყოფილიყო ჩემსა და პატიმრებს შორის სატელეფონო საუბრებში. შემდგომ ეს ჩანაწერები მიუტანა შაშკინს, რომელმაც გამოძიებას გადასცა იმ იმედით, იქნებ, ამ საუბრებში რაიმე ყოფილიყო, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმმაც ვერ დაადასტურა, რომ იქ შეიძლება რაიმე დანაშაულებრივი ყოფილიყო. ეს ჩანაწერები როცა გამოჩნდა სასამართლოზე, მოსამართლე კითხულობდა, რისთვის გამომიგზავნეს, რა უნდოდათ ამ ჩანაწერებითო. ეს კონკრეტული შემთხვევა იმიტომ გამახსენდა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი როგორ გამოიყენეს ამ მიზნით ნაცმოძრაობის დროს. ცხადია, ინფორმაცია ამ რადიოს შესახებ ტრამპს უფრო მეტი აქვს, ტრამპის გარემოცვამ იცის, რომ ეს რადიოები ლიბერალური ძალის ხელში იარაღად იქცა. ამდენად, აბსოლუტურად ლოგიკურია, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ასეთი მედიასაშუალებების დახურვა, რომლებიც, კაცმა არ იცის, რას ემსახურებიან. სულ მცირე, ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ, -  აცხადებს ნანა კაკაბაძე და მიიჩნევს, რომ ადრე ორივე ეს რადიოსაშუალება ამართლებდა თავის დასახელებას. აქედან გამომდინარე, სრულიად სწორ პოლიტიკას ატარებს ტრამპი ამ შემთხვევაში.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ წლების წინ ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება თავისუფლების, დემოკრატიის შუქურა იყო. დღეს კი ტრამპი მათ მიადგა და, ფაქტობრივად, ეს ორი მედიასაშუალება დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა. მართლაც, დროის შეცვლასთან ერთად რაღაცები, რაც საბჭოთა დისტანციიდან სხვანაირად ჩანდა, სულ სხვანაირად გამოჩნდა.

ადრე ეს ორივე რადიო სიმართლის განსახიერებად აღიქმებოდა. თუმცა მათ მიერ სააკაშვილის ცხრაწლიანი მოღვაწეობა ისე განიხილებოდა, თითქოს არანაირი შავი წერტილი მის მოღვაწეობას არ ჰქონია. ეს უკვე სიმართლს ღალატი იყო. ბუშმა ჩათვალა, რომ მიშა ამერიკის მოყვანილი იყო, ჩამოვიდა კიდე საქართველოში, რაც დიდი მოვლენა იყო, საქართველოს ისტორიაში არც გვახსენდება ამხელა ქვეყნის პრეზიდენტის ჩამოსვლა. მან დემოკრატიის შუქურა უწოდა სააკაშვილს და გასაკვირი არაა, პირველი კრიტიკული შენიშვნები როცა გაჩნდა სააკაშვილის მისამართით, ბუშმა ფარული ბრძანება გასცა, სააკაშვილის კრიტიკა მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელზეც ამერიკას გავლენა ჰქონდა, არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ამერიკასა და ევროპაში ასეთი კრიტიკა არ ისმოდა. ასეთი უცხო მეტამორფოზა განიცადა ამერიკულმა მხარემ, მისმა რადიოსაშუალებებმა, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ რადიო თავისუფლება და ამერიკის ხმა წარსულის გადმონაშთი არ არის, რადგან დიდი ტრადიციები გააჩნიათ და ცივი ომის დასრულებაში დიდი როლი ითამაშეს. მათ შორის, ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე ვრცელდებოდა ეს გადაცემები, რომლებსაც ახშობდნენ.

მეც მქონდა შესაძლებლობა, სკოლის მოსწავლეობის პერიოდში მომესმინა ეს გადაცემები, რომლებსაც ახშობდნენ, მაგრამ მაინც ისმოდა ამერიკის ხმა. ძალიან დიდი როლი შეასრულეს ამ რადიოსაშუალებებმა და მათ უნდა გააგრძელონ მოღვაწეობა. შესაძლოა, დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, მათი ფუნქციები შეიცვალოს, მაგრამ ორივე ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო სააგენტოა და მათი დახურვა არ შეიძლება, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ეს მედიასაშუალებები ბაიდენამდეც არსებობდა, რეიგანის, ჯიმ კარტერის და ეიზენჰაუერის დროსაც. ნიკა ჩიტაძის აზრით, საეჭვოა, ამ ანტიპუტინისტური საშუალებების დახურვა ტრამპს იმიტომ უნდოდეს, რომ პუტინს უნდა შეხვდეს უახლოეს ხანში, უბრალოდ, ახალი ტექნოლოგიების ეპოქაა და ამ ეპოქას ანგარიში უნდა გაუწიონ.

ანალიტიკოსის აზრით, ამ ორმა მედიაორგანიზაციამ ახალი როლი უნდა შეასრულოს, რადგან გვინდა-არ გვინდა, მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობები მაინც არსებობს. ბევრი ღარიბი ქვეყანა საკუთარ წარუმატებლობას ამერიკას და დასავლეთს აბრალებს, თითქოს განვითარებული ქვეყნები მათ ხარჯზე კიდევ უფრო მდიდრებიან. ამიტომაცაა, რომ ჩინეთს უფრო უადვილდება რბილი ძალის გამოყენება. მაგალითად, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში ჩინეთი უფრო მისაღებია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი ქვეყნებისთვის, ნაწილობრივ, მისაღებია რუსეთიც. აფრიკაში მაინცდამაინც არ გმობენ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს. ამიტომ ყველანაირი საინფორმაციო ტექნოლოგიები ამერიკამ უნდა გამოიყენოს და, პირიქით, დაარწმუნოს მსოფლიოს მოსახლეობა, რომ დემოკრატიის, თავისუფლების, ეკონომიკური განვითარების გარანტია.

ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ თუნდაც იუესაიდის პროექტი დიდ ფინანსურ დანაკარგს არ წარმოადგენდა ამერიკისთვის. აშშ-ის საგარეო დახმარების მოცულობა სადღაც 40 მილიარდი დოლარია, მაშინ, როცა ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 30 ტრილიონი აშშ დოლარია. ასე რომ, 40 მილიარდი არ არის დიდი თანხა ამერიკის გავლენის გასავრცელებლად მთელ მსოფლიოში. ამერიკის გავლენის გავრცელება კი ნიშნავს დემოკრატიის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის გავრცელებას.

კანუდოსელი ეს ნიჭიერი ჩიტაძე რომ არ გვყავდეს, რა გვეშველებოდა ჩვენ უბედურებს. ანალიზი აქვს - ტყვიას ტყვიაში აჯენს.
4 საათის უკან
Gami სკოლის ასაკში რომ რადიოს უსმენდა, ჩამოეძინა და თავი რეკა რადიოს. ამიტომ აქვს ალბათ დიდი თავი.
1 საათის უკან