For.ge ჯერ კიდევ ორი წლის წინ წერდა, რომ ისრაელი ღაზაში ბუფერული ზონის შექმნასა და ღაზას 2-მილიონიანი მოსახლეობის აყრას აპირებდა. აშშ-ის მაშინდელი ვიცე- პრეზიდენტი და ტრამპის კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისი არ იწონებდა ამ აზრს და ამბობდა, რომ აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებდა პალესტინელების აყრას და ღაზას ალყას.
დღეს კი დონალდ ტრამპი ამ იდეას ისევ აცოცხლებს. სად წავლენ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები, ამაზე ტრამპს უკვე ნაფიქრი აქვს. ისინი ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლდებიან, ღაზას ტერიტორია კი ამერიკას გადაეცემა.
დონალდ ტრამპის ხმაურიანი განცხადებით, აშშ კონტროლს აიღებს ღაზას სექტორზე და მას დაეუფლება. შეერთებული შტატები ღაზას განადგურებული ანკლავის აღდგენას გეგმავს.
„პალესტინელები, ჩაკ შუმერის (სენატში დემოკრატების ლიდერი) მსგავსი ხალხი, რეგიონში უფრო უსაფრთხო და ლამაზ დასახლებებში ახალი და თანამედროვე სახლებით იქნებიან გადასახლებულები. მათ შანსი ექნებათ, ბედნიერები, საფრთხისგან დაცულები და თავისუფლები იყვნენ“, - წერს დონალდ ტრამპი.
პარალელურად, ვაშინგტონი მუშაობას იწყებს ეგვიპტე- იორდანიასთან ღაზას სექტორის მოსახლეობის მისაღებად. ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას გაეროს ადამიანთა უფლებებათა საბჭოსთან თანამშრომლობის შეწყვეტისა და გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს დაფინანსების შეჩერების თაობაზეც.
ღაზას ზოლის პალესტინელებისგან „გასუფთავებას“ არ იზიარებენ არაბული ქვეყნები. ამ იდეას თავად ღაზელებიც ეწინააღმდეგებიან, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით პალესტინელი უკვე ცხოვრობს იორდანიაში, ხოლო ათიათასობით - ეგვიპტეში.
არიან ისეთი პალესტინელებიც, რომლებიც იზიარებენ ტრამპის შეთავაზებას და ამბობენ, რომ მათ უნდათ მშვიდობიანი ცხოვრება საკუთარი შვილებისთვის, უნდათ საკუთარ სახლში და არა კარავში ცხოვრება.
ჩინეთის საგარეო უწყებაც აკრიტიკებს ტრამპის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ღაზა პალესტინის განუყოფელი ნაწილია და ის არ შეიძლება ჯუნგლების კანონს დაექვემდებაროს.
„ღაზა პალესტინელებს ეკუთვნით. არ შეიძლება პოლიტიკურ თამაშებში მისი კოზირად გამოყენება“, - ამბობს ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი და დასძენს, რომ ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებს.
ირანიც გმობს ტრამპის გეგმას ღაზას სექტორიდან პალესტინელების აყრის შესახებ და მას ეთნიკური წმენდის ტოლფასს უწოდებს. არაბულმა ქვეყნებმაც უარყვეს პალესტინელების გადასახლება ღაზადან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პალესტინელების აყრა ტრამპის გადასაწყვეტი არ არის და მას არ აქვს უფლება, განაცხადოს, რომ ღაზას სექტორი აშშ-ის კონტროლის ქვეშ იქნება.
„ტრამპმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ამერიკული ჯარების გაგზავნა არ იგეგმება. ცხადია, აბსოლუტურად მიუღებელია „ჰამასის“ საქმიანობა, მაგრამ პალესტინის მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს ეს ყველაფერი. თავის დროზე, 1948 წელს, პალესტინას უნდა ეღიარებინა ებრაული სახელმწიფო- ისრაელი. სამაგიეროდ, პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებდნენ და კონფლიქტი, რომელიც თითქმის საუკუნე გრძელდება, აღარ გაგრძელდებოდა ამდენი ხნის განმავლობაში. ტრამპმა შეიძლება შესთავაზოს ღაზას მოსახლეობას ეგვიპტესა და იორდანიაში კარგი პირობების შექმნა, მაგრამ პალესტინელთა გადასახლებაზე მსჯელობა ეს იგივეა, რაც მანამდე გაკეთებული განცხადებები, რომ გრენლანდიაზე, პანამის არხზე ამერიკის კონტროლი უნდა დამყარდეს და კანადაში გუბერნატორს ამერიკა უნდა ნიშნავდეს. ერთი მხრივ, ეს პოპულისტური განცხადებებია, მეორე მხრივ, იმის წარმოჩენა სურს ტრამპს, რომ თავად წყვეტს მსოფლიოს ბედს“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
რაც შეეხება პალესტინის ტერიტორიის კუთვნილებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ იქ ებრაელები ისტორიულად უფრო ადრე ცხოვრობდნენ, ვიდრე არაბები. როდესაც მოსემ გამოიყვანა ებრაელები ეგვიპტიდან, დაასახლა სწორედ წმინდა მიწაზე. იმ დროს იქ, პირველ რიგში, ცხოვრობდნენ ებრაელები, იუდეის სახელმწიფოც არსებობდა. მერე ეს ტერიტორია დაიპყრო რომმა, გააუქმა იუდეის სამეფო, სინაგოგა გადაწვეს და ებრაელების დევნა დაიწყეს. ებრაელებმა დატოვეს ტერიტორია და განაცხადეს, რომ დაბრუნდებოდნენ. შემდეგ უკვე არაბთა სახალიფომ დაიწყო დაპყრობითი ომები, არაბებმა მე-8 საუკუნეში ჩვენს ქვეყანამდეც მოაღწიეს, იმ დროს მოხდა მათ მიერ თანამედროვე პალესტინის დაკავება და შემდგომში იქ ჩასახლდა არაბული მოსახლეობა, ანუ მოგვიანებით მივიდნენ იქ, თუმცა საუკუნეების განმავლობაში არაბებიც ცხოვრობდნენ პალესტინის ტერიტორიაზე.
ნიკა ჩიტაძის განმარტებით, ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს ფილისტიმელებისგან მოდის ტერმინი „პალესტინა“. ცნობილი ბრძოლაცაა ასახული, როგორ ამარცხებს დავითი ფილისტიმელებს, ფარებს მიუშვერენ მზეს, ამ ფარების ანარეკლი სხივი აბრმავებს ფილისტიმელებს და ებრაელები იმარჯვებენ. თუმცა ფილისტიმელები არ იყვნენ არაბების პირდაპირი წინაპრები.
„1895 წელს სიონისტური მოძრაობა შეიქმნა და ებრაელებმა თავიანთ მიწაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს. ბრიტანეთმა ხელი შეუწყო, რომ ბევრი ებრაელის რეპატრიაცია მომხდარიყო და ებრაელი მოსახლეობის რაოდენობა პალესტინაში 45 ათასიდან 450 ათასამდე გაიზარდა, ანუ თითქმის ათჯერ. 1948 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, შექმნილიყო ორი სახელმწიფო - ებრაული და არაბული. სამწუხაროდ, ეს არაბებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თვითონ პალესტინელი ერი არ არსებობს, ესენი არიან არაბები. დღეს მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე 22 არაბულენოვანი ქვეყანა და პლუს პალესტინაა, რომელიც ჯერ არ არის აღიარებული, როგორც სრულყოფილი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.
ანალიტიკოსის თქმით, ბევრ პალესტინელს სურს პალესტინაში დარჩენა და თვლის, რომ ეს მათი მშობლიური მიწაა. იქ ორი ტერიტორიული ერთეულია - ღაზას სექტორი და მდინარე იორდანეს მარჯვენა სანაპირო. ღაზას სექტორი მსიფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, თბილისზე პატარაა, თბილისი 720 კვადრატული კილომეტრია, ღაზას სექტორი კი 350 კვადრატული კილომეტრია, თბილისზე პატარაა ორჯერ, მაგრამ ორჯერ მეტი მოსახლეობა ცხოვრობს. ამდენად, ძალიან რთულია, 2 მილიონი ადამიანი დროის მოკლე მონაკვეთში უზრუნველყო ეგვიპტესა და იორდანიაში გადასასვლელად. მათი იქ ჩასახლების გადაწყვეტილება ეგვიპტემ, იორდანიამ და თავად პალესტინელმა ხალხმა უნდა მიიღოს.
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ჰამლეტის“ არ იყოს, „ბევრი რამ ამ ცის ქვეშეთში გაურკვეველია“, მათ შორის, ღაზას სექტორიდან პალესტინელების აყრის საკითხი.
„ვფიქრობ, დედამიწის ხელახალი გადანაწილების პროცესში ვიმყოფებით. შემთხვევითი არ იყო, როდესაც საინაუგურაციო სიტყვაში ტრამპმა მექსიკის ყურეს სახელი გადაარქვა და უწოდა ამერიკის ყურე. შემდეგ პანამაზე განაცხადა პრეტენზია და რუბიო იქ ჩავიდა, მოლაპარაკებები გამართა პანამაში. ამავე დროს, ტრამპმა კანადის მიმართ გამოთქვა ინტერესი, გრენლანდიითაც დაინტერესდა. რა განცხადებებიც გაკეთდა ღაზას სექტორთან დაკავშირებით, შემთხვევითი არ არის, რადგან ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესშია. ვინ ელოდა სირიაში იმ პროცესების განვითარებას, რომელიც უმოკლეს ხანებში განვითარდა, რომ ბაშარ ასადი ასე უბრძოლველად დატოვებდა ხელისუფლებას და იქ ხელისუფლებაში მოიყვანდნენ ტერორისტებს?! ამას არავინ ელოდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არის მსოფლიოს გადანაწილების კიდევ ერთი გეგმა და ტრამპი შემთხვევით განცხადებას არ გააკეთებდა ღაზას სექტორთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, ამ არეულ, უფრო სწორად კი, თავარეულ მსოფლიოში, რომელიც წალეკვით ემუქრება ყველას და ყველაფერს, ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორც საქართველოა, თავი გადაირჩინოს“, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.