შალვა პაპუაშვილი: მოსახლეობა დეზინფორმაციისგან უნდა დავიცვათ. ბრიტანული სტანდარტი ითვლება რომ არის კარგი და ჩვენც ზუსტად ამ სტანდარტის გადმოღებას ვაპირებთ

შალვა პაპუაშვილი: მოსახლეობა დეზინფორმაციისგან უნდა დავიცვათ. ბრიტანული სტანდარტი ითვლება რომ არის კარგი და ჩვენც ზუსტად ამ სტანდარტის გადმოღებას ვაპირებთ

რატომ იტყუებით? ბრიტანული სტანდარტი ხომ იმას გულისხმობს, რომ ფეიკნიუსები არ უნდა გავრცელდეს. თქვენ ახლა ამბობთ, თითქოს რომელიმე ჟურნალისტს პარლამენტში შეუჩერდა აკრედიტაცია დროებით, იმის გამო, რომ არასასურველი კითხვა დასვა. ხომ იცით, რომ ეს ტყუილია?, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტის კითხვას, რომელმაც თქვა, რომ მედიის არაერთი წარმომადგენელი გააძევეს პარლამენტიდან იმის გამო, რომ დეპუტატს არასასურველი კითხვა დაუსვა.

„ახლა, ბრიფინგის დროს, ვსაუბრობთ ბრიტანულ სტანდარტზე და იქვე იტყუებით. სიმართლე კი შემდეგია: დარღვევას კითხვის დასმა, არასასურველი თუ სასურველი კითხვა კი არ წარმოადგენს, არამედ შემდეგი რამ, რომ მედიას ეძლევა საშუალება, რომ ამ შენობაში ნებისმიერ ადგილას იაროს და ჰქონდეს კომუნიკაცია მისთვის სასურველ რესპონდენტთან და თუკი რესპონდენტი უარს ეუბნება ინტერვიუს მიცემაზე, აქ უნდა მორჩეს საკითხი. როდესაც მიდის მასზე ადევნება, აკიდება, როდესაც ხდება რესპონდენტის დერეფნებში შევიწროება და ა.შ. ეს წარმოადგენს დარღვევას. ნახეთ სხვა პარლამენტებში როგორი წესებია, მათ შორის არსებობს პარლამენტები, სადაც წინასწარ არის საჭირო ინტერვიუს შეთანხმება, ისე არავინ აძლევს უფლებას. წესები ყველამ იცით, აკრედიტაცია ამ პირობით გაქვთ აღებული და ამ წესებს იცნობთ. რამდენიმე ათეული ათასი შემოსვლა-გასვლა იყო ჟურნალისტის და სულ 10, მაქსიმუმ 15 შემთხვევა იყო, როდესაც ჟურნალისტმა დაარღვია წესები და მაინც და მაინც ამ წესს არღვევენ ხოლმე რატომღაც. ამიტომ, თქვენი განცხადება ამასთან დაკავშირებით ტყუილი იყო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მედიასთან დაკავშირებით დაანონსებულ კანონპროექტის თემაზე საუბრისას პაპუაშვილს ასევე ჰკითხა - ხელისუფლების ამოცანა, მედიის ცენზურაა? - რაზედაც პარლამენტის თავმჯდომარემ ასე უპასუხა:

„ცენზურა გულისხმობს წინასწარ კონტროლსა და გაფილტვრას ინფორმაციის. ცენზურა გულისხმობს იმას, თქვენთან რედაქციაში, რომ წინასწარ, ინფორმაციის გასვლამდე ხდება მისი კონტროლი. არანაირი შეხება ცენზურასთან ბრიტანულ სტანდარტს არ აქვს. ბრიტანული სტანდარტი ეხება უკვე გასული ინფორმაციის შემდეგ შეფასებას, თუკი ის იყო ტყუილის შემცველი, ცილისმწამებლური და ა.შ. საუბარი გვაქვს იმაზე, რა ვუყოთ იმ სიყალბეს, რომელიც მედიაში ვრცელდება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მათ შორის იმის გამო, რომ ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. ევროკავშირიც და აშშ-ც ამაზე ფიქრობს და ებრძვის. ჩვენც ზუსტად ამაზე ვფიქრობთ და ვებრძვით, მითუმეტეს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხილებებმა გვაჩვენა, რომ უცხოური დაფინანსებით, მედიაორგანიზაციების მთელი ქსელი მოქმედებდა, რომელიც ერთი ნარატივის დამკვიდრებაზე მუშაობდა, ყალბი ინფორმაციის ერთგვაროვნად გავრცელებაზე მუშაობდა და რა თქმა უნდა მისგან ჩვენი საზოგადოება უნდა დავიცვათ, რომ იყვნენ ინფორმირებულები. ჩვენი მოსახლეობა დეზინფორმაციისგან უნდა დავიცვათ. თავისით ეს არ რეგულირდება, თვით რეგულირება ვხედავთ, რომ არ მუშაობს, შესაბამისად, კანონმდებელი არის ვალდებული, რომ საკანონმდებლო რეგულირება გააკეთოს ამ საკითხის. რა არის ყველაზე კარგი სტანდარტი? - ბრიტანული სტანდარტი ითვლება რომ არის კარგი და ჩვენც ზუსტად ამ სტანდარტის გადმოღებას ვაპირებთ. ერთადერთი ვინც შეიძლება ამით შეწუხდეს, არიან ისინი, ვისაც ყალბი ინფორმაციების გავრცელება სურთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.