შალვა პაპუაშვილი: სამყარო შეიცვალა, აღარ არის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე, თითოეულ დონორ ქვეყანას აქვს მტკიცების ტვირთი, რომ აჩვენონ, რაში იხარჯებოდა მათი თანხები

შალვა პაპუაშვილი: სამყარო შეიცვალა, აღარ არის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე, თითოეულ დონორ ქვეყანას აქვს მტკიცების ტვირთი, რომ აჩვენონ, რაში იხარჯებოდა მათი თანხები

აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, გაამჟღავნა სქემები, რომლებსაც უწოდებენ თაღლითურს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სხვა ქვეყნების საელჩოების, თუ დონორების მხრიდან საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით დუმილი მიუღებელია.

პაპუაშვილის განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, ყოფილიყო ზუსტად ისეთივე მავნე მიზნები, რომლებიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით.

„უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ის იყო ორი კვირის წინ. ის მხილებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენას, რომელიც შესაძლოა არსებობდა ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით.

აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ცხადად და მკაფიოდ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდანვე დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და ფაქტობრივად გაამჟღავნა სქემები, რომელსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს და თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაშიც საფუძვლად გადახედვისა იყო მოცემული, რომ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები.

ამის ფონზე, დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტის ხაზით დახარჯულ ფულზე. სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან ჩართული, აქაც უკვე გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ შესაძლოა ყოფილიყო ზუსტად ისეთივე მავნე მიზნები, რომელიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით.

ამიტომ მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ სხვა საელჩოების თუ დონორების მხრიდან, მცდელობას, რომ არც კი შეიმჩნიონ, თითქოს არაფერი არ მომხდარა საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. სამყარო შეიცვალა და აღარ არის ის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე, ამიტომ თითოეული დონორი ქვეყანა ახლა არის ეჭვმიტანილი და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით ქართველ ხალხს აჩვენონ, თუ რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები.

მითუმეტეს ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, რომ ამერიკული ფონდების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ ევროპული ფონდებიც იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის საქართველოში. ევროპის დემოკრატიის ფონდი არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით, იატაკქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს თუ რადიკალურ ჯგუფებს.

მე ევროკავშირის ელჩისთვისაც მქონდა მიმართული წერილობით, რომ გაესაჯაროებინათ EED-ის დაფინანსება, თუმცა მივიღე ამაზე უარი რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ. თუ ხელი არ მიუწვდებოდათ, მაშინ სამი თვე ფიქრი რაში სჭირდებოდათ. როგორც ჩანს ამას ათანხმებდნენ რაღაც წრეებში და ბოლოს გადაწყდა, რომ ქართველი ხალხისთვის არაფერი არ ეთქვათ.

ჩემი მოლოდინია, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, რომელიც საქართველოში ხარჯავს ფულს, ახლა თავად მოიქცევა ისე, როგორ მაგალითსაც იძლევა აშშ - ის ახალია ადმინისტრაცია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.